ნანახია: 1040
ასფალტზე გაზრდლი რაგბისტები
"თუ ჩვენი მოედანი არ გვექნება, სხვისაზე მოვიგებ ხოლმე!"
ქართული რაგბი და ქართული ფეხბურთი დღეს ეროვნული ტკივილია. მართალია, სპორტის ამ ორ სახეობას ბურთებიც კი განსხვავებული აქვთ, მაგრამ ორივე კრიზისშია. ქართულ რაგბს ფინანსური კრიზისი აქვს, ფეხბურთს-ენთუზიაზმის. იქედან გამომდინარე, რომ აღარც გვახსოვს, როდის მივიდა რაგბის თამაშზე მაყურებელი და როდის მოიგეს ფეხბურთელებმა უკანასკნელად, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გავცნობოდით პრობლემის დეტალებს. მართალია, გარდაცვლილზე აუგის თქმა უხეირო საქციელია, მაგრამ, როცა თავად გარდაცვლილი ჯერ კიდევ ახერხებს გულშემატკივრისთვის მორალური ზარალის მიყენებას, სულ მცირე, თავმოყვარეობის საკითხია, პროტესტი მაინც გამოვთქვათ. გვჯერა, მიხვდებით სპორტის ამ სახეობათაგან რომელსაც ვგულისხმობთ. მაგალითისთვის, სპორტის ორივე სახეობის ახალგაზრდული კლუბების მდგომარეობას მიმოვიხილავთ - მორაგბეთა კლუბ "ყოჩებს" და საფეხბურთო კლუბ "ვეფხვებს". კლუბი "ყოჩები" ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ამ სახელით ოფიციალურად 1993 წლიდანაა დარეგისტრირებული. Aამ დროიდან მოყოლებული კლუბის ბიოგრაფიაში უფრო მეტი მოგებაა, ვიდრე თამაშზე დამსწრე მაყურებელი. როგორც მორაგბეები ხუმრობენ, რაგბის თამაში პანაშვიდივით არის, რომელსაც მხოლოდ ახლობლები ესწრებიან. საოცარია, მაგრამ ეს კლუბი, ძალიან ჰგავს ქართულ კანონებს. ქართული კანონებივით ოფიციალურად ფურცელზე დარეგისტრირებულია, მაგრამ არც საწვრთნელი ბაზა აქვთ, არც ოფისი და საკუთარი მოედანი კი განუსაზღვრელი მომავლის პერსპექტივაშია. თუმცა, ქართული კანონებისა და "ყოჩების" ქმედითუნარიანობა დღე და ღამესავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დღეს მითივით დადის საქართველოში, რომ ცუდი პირობების მიუხედავად, მორაგბეები მაინც ახერხებენ მოგებას. ამ მითის საფუძვლიანობის შემოწმება, სწორედ კლუბ "ყოჩებთან," სტუმრობით გადავწყვიტეთ. წინდაწინვე გეტყვით, რომ ეს მოსაზრება ტყუილია! რაგბის მოთამაშეებს სულაც არა აქვთ ცუდი პირობები, მათ უბრალოდ, საერთოდ არა აქვთ პირობები. რასაც ქვემოთ მოგითხრობთ, გაგიჭირდებათ დაჯერება, მაგრამ ვფიცავთ, ვამბობთ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა! რაგბის კლუბ "ყოჩების" დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გიგინავაა, თანადამაარსებელი და გამგეობის წევრი ნუგზარ მალაღურაძე, მწვრთნელები (სხვა და სხვა ასაკობრივ კატეგორიებში), სპირიდონ ლიპარტელიანი, გოჩა ბარძიმიშვილი და კახაბერ კობახიძეა. Mმორაგბეები საბურთალოზე, "მარაკანას" მოედანზე დაგვხვდნენ და დიდხანს გვესაუბრნენ. საუბარი ღია ცის ქვეშ, სტადიონის გვერდით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაიმართა. Aამაზე მორაგბეებმა მოგვიბოდიშეს: "სახლში რომ დაგპატიჟოთ, სახლი ხომ უნდა გვქონდესო". "მარაკანას" სტადიონი მესერით ყოფილა ადრე შემოღობილი. ამაზე ამ მესრისგან დარჩენილი ნაწილებიც მიუთითებს. თუ რა იყო მოედნის საფარი, ამის გამოსაცნობთ ჟურნალისტის თვალი და გამჭრიახობა უძლურია და პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს მოითხოვს. Lლოგიკურად, ალბათ, მინდორი უნდა ყოფილიყო, ახლა კი დატკეპნილი ტალახისა და "ხრეშის" კომბინაციაა. Aარ ვიცი, სათამაშოდ რამდენად კომფორტულია, მაგრამ სანახავად, რომ თვალწარმტაცი არაა, ამაზე სიტყვაზე გვენდეთ. სტადიონის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდის ავტობუსის მოსაცდელის ტიპის ნაგებობა დგას, რომლისთვისაც "ყოჩელებს," მადლიერებით "გასახდელი," უწოდებიათ. შუაში დგას დიდი ქვა, რომელსაც სკამის მოვალეობა აუღია თავის თავზე და თავად "გასახდელის" კედლებს კი არაღიარებული მხატვრის ტილოობა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი ინფრასტრუქტურულად გამართული არაა, ერთი რამ ზუსტად შეგვიძია ვთქვათ. "ყოჩები," ნამდვილად არ განიცდიან "გასახდელში," მიჭედებული ლურსმების ნაკლებობას! Aაქვე დავსძენთ, რომ წვრთნის დასრულების შემდეგ შეუძლიათ ისარგებლონ თბილი და ცივი "დუშით". დავაზუსტებთ- თბილი "დუშით" ზაფხულის წვიმისას, ცივით კი ზამთარში. ხომ გაგიგიათ, "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო." რახან სიტყვა შველაზე ჩამოვაგდეთ, გეტყვით, რომ სახელმწიფო "ყოჩებს," არ აფინანსებს. უფრო ზუსტად, ბოლო დრომდე საერთოდ არ დაუფინანსებია. Kკლუბის ხელმძღვანელობამ გვიამბო, რომ, თურმე, "ყოჩები" დაარსებიდან თვითდაფინანსებაზე არიან. 90-იანი წლების კრიზისში ისეც ხდებოდა, რომ თავად ხელმძღვანელობას უწევდა კლუბის დაფინანსება. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა - კლუბის გადარჩენა. მერე პირობები "გაუმჯობესდა" და მწვრთნელებს მთელი ასი ლარი დაენიშნათ ხელფასი.Uწლების განმავლობაში მათ არ ჰქონდათ (არც დღეს აქვთ) საზღვარგარეთ ტურნირებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მიღების ფინანსური საშუალება. თუმცა მონაწილეობის უფლებას ყოველთვის იპოვებდნენ. მორაგბეთა ფორმებისა და შეკრებების დაფინანსებაც, მშობლების, მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის ხარჯზეა. და ყველაზე მთავარი, კლუბს არ გააჩნია საკუთარი სტადიონი. თუმცა ამაზე მორაგბეები არასოდეს წუწუნებენ და ამ ფაქტს ასე ხსნიან "მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებსაც სხვის ბაზაზე უხდებათ წვრთნების ჩატარება, რა გასაკვირია, რომ არც ჩვენ გვქონდეს ჩვენი მოედანი. მართალია, კარგი იქნებოდა გვქონოდა, მაგრამ არა უშავს. როცა სხვა გამოსავალი არ არის, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. დღეს არა გვაქვს საშუალება, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად გვექნება". ეს ერთადერთი ოპტიმისტური გამონათქვამი არ იყო რაგბისტთა მხრიდან, და თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ იმ 2 საათის მანძილზე, რომელიც მათთან ერთად გავატარეთ, მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნეს და ისიც იმიტომ, რომ სტუმრების მიღება ღია ცის ქვეშ უხდებოდათ. აღსანიშნავია, რომ "ყოჩებს" გაუმართლათ და "მარაკანას" მოედანი, რომლის ავკარგიანობაზეც გიამბეთ, მეგობრებმა ათხოვეს. Uუფრო ზუსტად, შოთა არველაძის კეთილი ნებისა და მეგობრებისადმი პატივისცემამ, "ყოჩებს" ამ მოედანზე ვარჯიშის საშუალება მისცა. მაშინ, როცა ფეხბურთელები რაგბისტებს მოედნებზე არ უშვებენ, აქაოდა მინდორს ჯეგავთო, ნათხოვარი სტადიონიც კი ღვთის წყალობად მიიჩნევა. სანამ ფეხბურთელები აბიბინებულ მოედნებს მორიგი წაგებისთვის ინახავენ, მორაგბეები "ხრეშიან" და ნათხოვარ მოედნებზე ლელოს ლელოზე დებენ. Aახლა ცოტა ოფიციალურ მონაცემებსაც მივხედოთ, რომელშიც უდავოდ არის პოზიტივი. წელს სახელმწიფომ რაგბის სკოლისთვის 10 000 ლარი გამოყო. ეს თანხა მომავალი წლისათვის თანაბრად გადანაწილდება ახალგაზრდულ კლუბებზე. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დაპირებულ 10 რაგბის მოედანს, "ყოჩების" ხელმძღვანელობამ დაწვრილებით გვიამბო, თუ რას გულისხმობს ეს დაპირება და როდის განხორციელდება, - "პრეზიდენტის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდა. ჩვენც მოვხვდით პროექტში და ველოდებით როდის გამოგვიყოფენ ნაკვეთს. სახელმწიფო გვაძლევს ნაკვეთს და ჩვენ უნდა მოვიძიოთ სპონსორი და ავაშენოთ სრულყოფილი ბაზა. Aამ დროისთვის სპონსორი უკვე გვყავს "ვისოლის" სახით და როგორც კი ნაკვეთი გვექნება, მშენებლობასაც მაშინვე დავიწყებთ," სახელმწიფო რეგიონის მასშტაბით დაეხმარება რაგბის კლუბებს მშენებლობაში, მაგრამ თბილისურ კლუბებს სპონსორის მოძიება თავად მოუწევთ. "საწუწუნო ნამდვილად არა გვაქვს, გვეხმარება "ვისოლი", ასევე დრო და დრო "ქართუ ჯგუფიც" გვიწევს გარკვეულ დახმარებას, თუმცა მათ არ უყვართ ამაზე საუბარი და შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოქმედებენ პრინციპით: მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო". ამავე სპონსორების წყალობით, "ყოჩებს" მალე ექნებათ საკუთარი ვებ-გვერდი. ცნობისათვის, "ყოჩებმა" (1992 წლიანები) სეზონზე 17 თამაშიდან 16 მოიგეს. იმ ერთ წაგებას ასე ხსნიან, - "ჩვენ არასოდეს ვთამაშობთ პრინციპით-რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ! მთავარია, ჩვენი ბავშვები ნამდვილი ვაჟკაცები გაიზარდონ. მათ უნდა იცოდნენ მოგების ფასიც და წაგებაც. რაგბი ობიექტური სპორტია და არასოდეს ვიმართლებთ თავს, წავაგეთ იმიტომ, რომ ბურთი მრგვალიაო. იმიტომ წავაგეთ, რომ იმ შემთხვევაში მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა". ამ გამონათქვამზე ბევრ თქვენგანს, ალბათ, გაახსენდება ფეხბურთელების მხრიდან თავის მართლებისთვის წარმოთქმული გამონათქვამები - "ბურთი მრგვალია.. დაფინანსება არა გვაქვს.. და ა.შ." რასაკვირველია, დაფინანსება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ისმის კითხვა: თუ ფეხბურთელებს ფინანსების უკმარისობის გამო წაგებებს ვპატიობთ, რატომ არ ვუფასებთ რაგბისტებს მოგებას, რომელსაც ფინანსების გარეშეც ახერხებენ. გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბებს სახელმწიფო თავს ევლება, მაგრამ, ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ რამდენად განსხვავდება ახალგაზრდა რაგბისტთა და ფეხბურთელთა პირობები. გუნდი "ვეფხვები" ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის ეზოში არსებულ მოედანზე ვარჯიშობს, რომელიც უნივერსიტეტ "საქართველოს" მფლობელობაშია. გუნდის მწვრთნელი ზაზა დიდებაშვილია. ის 1991-1992 წელს დაბადებულ მოზარდებს ავარჯიშებს. იმისათვის, რათა უკეთ გავრკვეულიყავით ბავშვთა ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაში, ბატონ ზაზას გავესაუბრეთ. "ფედერაციიდან არანაირი თანხა არაა გამოყოფილი. შესაბამისად, გუნდი ძირითადად ბავშვების ხარჯზე არსებობს. ერთ მოსწავლეზე 40 ლარია. ასე ვახერხებთ კლუბის არსებობას. გუნდს არ ჰყავს სპონსორი. საერთოდ ძნელია საქართველოში ვინმე დააინტერესო სპორტის დაფინანსებით, მითუმეტეს ბავშვთა ფეხბურთით. ფორმები, რომლებითაც ისინი ვარჯიშობენ, მათი ხარჯებითაა შეძენილი, მაგრამ ვცდილობ, რომ პირადი ნაცნობობის მეშვეობით შედარებით იაფად ვიყიდოთ გუნდისთვის საჭირო აღჭურვილობა.… "ე.წ "ზბორები" წელიწადში ერთხელ გვაქვს, ძირითადად 10 დღით გავდივართ ქალაქიდან და ერთი შეკრება 300 ლარამდე უჯდება ფეხბურთელს". როგორც ხედავთ, სახელწიფო არც ფეხბურთის მომავალზე ზრუნვით იფრთხობს ძილს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - "ვეფხვებს" მოწესრიგებული სტადიონი აქვთ, გასახდელიც კაპიტალური. ჟურნალისტების მიღებაც არ სჭირდებათ სხვის ეზოში. ისინი უფროსი თაობის ფეხბურთელებისგან ძალიან განსხვავდებიან და უმეტესად იგებენ კიდეც. ცნობისთვის: "ყოჩები" იმ რაგბისტთა მომავალი თაობაა, რომლემბაც სამჯერ მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა. არასოდეს ჰქონიათ საკუთარი მოედანი და "ასფალტზე გაზრდილ რაგბისტებსაც უწოდებდნენ" და რაც მთავარია, ისინი იმ რაგბისტთა საქმის გამგრძელებლები არიან, რომლებიც უპირობობაზე არასოდეს წუწუნებენ და წაგებაზე თავს არ იმართლებენ! "ვეფხვები" ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებსაც არასოდეს ვუსურვებთ წინამორბედებს დაემსგავსონ და თამაშის მოგება აუხდენელ ოცნებად აქციონ როგორც ერისთვის, ისე თავიანთი თავისთვის. და მაინც, თუ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ სპორტს დახმარება სჭირდება, თავი ვალდებუილად ჩავთვალეთ ჩვენი წილი გამოსავალი გვეპოვა, რომელსაც თქვენც გთავაზობთ: მოდით, ფეხბურთელებს ოვალური ბურთი მივცეთ. იქნებ გაამართლოს და ერთხელ მაინც გვასახელონ, თუ არადა თავს იმით მაინც ვერ გაიმართლებენ, ბურთი მრგვალიაო. რაც შეეხებათ მორაგბეებს, მათ უბრალოდ მადლობა გადავუხადოთ. P.შ. ვაჩე კუპატაძე 14 წლისაა და "ყოჩებში" თამაშობს. მამამისიც მორაგბე იყო, რომელიც Mასევე ელოდებოდა, რომ რაგბით ვინმე დაინტერესდებოდა და ხალხს რაგბი ნესვივით ბურთის გორება კი არ ეგონებოდა, არამედ ღირსეულ თამაშად აღიქვამდა. ვაჩეს დიდი რაგბისტობა უნდა, არც სირთულეები აშინებს და მხნედ ამბობს: "რაგბი ძალიან მაგარია და აუცილებლად დიდი მორაგბე გამოვალ და თუ ჩვენი მოედანი არ გვექნება, სხვისაზე მოვიგებ ხოლმე!"
თათია არაბიძე, ჯონი პატარკაციშვილი
|