ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან
15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დარბევას ხელისუფლებამ ახსნა უპოვა: ჟურნალისტებს ეს რომ გაეშუქებინათ, ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეეშლებოდაო. იმ კადრების ნახვა, თუ როგორ დაარბიეს აქცია, ინვესტორებს მართლაც დააფიქრებდა: ღირს თუ არა კაპიტალის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც პრესაც კი, ე.წ. მეოთხე ხელისუფლება, ზეწოლის ქვეშაა.
15 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაცია `ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის~ ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს ვთხვოეთ.
- ქალბატონო ნანა, თქვენი კომენტარი პოლიციის სამმართველოსთან 15 ივნისს გამართულ აქციაზე ჟურნალისტების ცემის, ვიდეო-კამერების ჩამორთმევისა და ვიდეომასალის წაშლასთან დაკავშირებით. - იმდენად რამდენადაც მიზანმიმართულად ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ამავდროულად მათი ფიზიკური დაზიანება მოხდა, ეს ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური დანაშაულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ყველა პოლიციელმა ზუსტად იცოდა, რომ საქმე ჟურნალისტებთან ჰქონდა და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის შეცდომას ადგილი არ აქვს. ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედება, რათა ხალხს არ ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კანონი დაარღვია ხელისუფლებამ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, შელახა მოქალაქეების უფლებები, დააპატიმრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ამ ინფორმაციას რომ ხალხამდე არ მიეღწი,ა მოხდა ჟურნალისტებისთვის კამერების დამსხვრევა და მათი ცემა.
- რა კომენტარს გააკეთებდით პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ გაწევ-გამოწევის კადრების ტელევიზიით ჩვენება მილიონობით დოლარის ინვესტიციებს გვაკარგვინებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გაწევ-გამოწევა, ცემა, დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს, ან ადამიანთა ჯგუფებს შორის და იგი არ გაშუქდეს, რადგან ინვესტიციების მოზიდვას საფრთხე არ შეექმნას.- პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მართლა არსებობს ეკონომიკა და თავისუფალი ბიზნესი, არსებობს თავისუფალი მედიაც, რომელიც ხელისუფლების ყველა დარღვევას ტელევიზიით აუცილებლად აშუქებს. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, ისეთი დანაშაული არ ჩაიდინოს, რომელიც მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის საზიანოა, ანუ ის ექცევა კანონის ჩარჩოებში.
ხელისუფლებამ ასეთი კომენტარები თავის თავს უნდა გაუკეთოს, რადგან ისინი თუ ჩადიან ისეთ საქციელს, რომელიც არღვევს კანონს და მართლა აფრთხობს ინვესტორებს, ეს ინფორმაცია გაშუქდება ტელევიზიით და მათი დაფარვა არ ხდება. გაშუქდება თუ არა ასეთი კადრები მნიშვნელობა არ აქვს, ეს ინფორმაცია მაინც არ იმალება და ყველასთვის ცნობილი ხდება. ისეთი ქმედებები არ უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ, რომელიც ბიზნესს დააფრთხობს. სად გინახავთ, რომ თავისუფალი მედია და ტელევიზიაში გაშვებული მასალები ხელს უშლიდეს ბიზნესის გნვითარებას? ასეთი განცხადება არის ერთადერთი პრეცედენტი და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს საქართველოს პრეზიდენტის პიროვნული თვისებების გამოხატულებაა.
- სად არიან და რა მდგომარეობაში იმყოფებიან პოლიციის სამსახურთან პიკეტის მონაწილეები (დაუზუსტებელი ციფრია 83), რომლებიც ამბობენ, რომ სასტიკად ნაცემები არიან. ვინ არიან ისინი, ცნობილია თუ არა მათი ვინაობა? მოინახულა თუ არა ვინმემ ისინი სახალხო დამცველის აპარატიდან?- დაზარალებულთა უმეტესობა სტუდენტები არიან, რომლებიც აქციაში მონაწილეობას იღებდნენ. მას შემდეგ, რაც მათ განცხადება წაიკითხეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაპატიმრებული ახალგაზრდები, მათი მეგობრები, განსხვავებული აზრის გამო არიან დაპატიმრებულნი, რომ ისინიც ასეთი განსხვავებული აზრის მატარებლები იყვნენ და რომ ამ შემთხვევაში მათი დაპატიმრებაც მოუწევდათ, როგორც კი ამ განცხადების კითხვას მორჩნენ, მაშინვე სპეცრაზმი გამოჩნდა და ხელკეტებით სცემეს არა მხოლოდ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, არამედ ჩევულებრივი რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც უბრალოდ ამ სიტუაციაში სრულიად შემთხვევით მოხვდნენ. დღემდე არავინ ამის გამო არ დასჯილა.
ადმინისტრაციული სასჯელი - 400 ლარიანი საჯარიმო გადასახადი 33 ადამიანს დაეკისრა, 4 ადამიანს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. დაახლოებით 100 ადამიანი საავადმყოფოებში მოხვდა, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება `ალიანსის~ წევრი ზურა აბაშიძე, რომელიც ალასანიას გუნდის წევრია.
სახალხო დამცველის აპარატიდან დაკავებულთა სანახავად მისული წარმომადგენელი, რომელიც მათ ნახვას და წინასწარი დაკავების საკანში შესვლას ითხოვდა, სასტიკადაა ნაცემი.
- არსებობს თუ არა ვიდეომასალა ან რაიმე მტკიცებულება, რომ პოლიციის სამმართველოსთან პიკეტის მონაწილეებმა კანონი დაარღვიეს?- ასეთი მტკიცებულება არანაირი სახის ერთი მარტივი მიზეზის გამო არ არსებობს - კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
- მიმართეთ თუ არა დიპლომატიურ კორპუსს და როგორია მათი პოზიცია?- დიპლომატიურ კორპუსს ალიანსი `საზოგადოებრივი დამცველის~ სახელით, სადაც 17 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, გზავნილი უკვე გავუგზანეთ, რომელშიც მოვუწოდებთ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვისკენ და თუ მაინც საკუთარი პოზიციების დაფიქსირების სურვილი გაუჩნდებათ, სიტყვის თავისუფლებასა და სხვა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეშად ტენდენციური ჩარევის ზღვარს ნუ გადავლენ.
ესაუბრა ირმა ზარნაძე