"ჩარეცხილები" იხტიბარს არ იტეხენ. ისევ მწყობრში არიან და მადლიერ ქართველობას ისევ უყვარს ისინი. უყვარს მათი გენიალური მუსიკისთვის, მათი უკვდავი სიმღერებისთვის, რომელიც თითოეული ჩვენგანის თანამდევია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
საყოველთაო მდარე მუსიკალური გემოვნების ეპოქაში ნამდვილი შემოქმედის მიმართ პატივისცემაც გაქრა. საავტორო უფლებებს არავინ იცავს. ისინი არც ჰონორარებს იღებენ. მიზერული პენისა და ზოგიერთი მათგანისთვის ქართველი მეცენატის - ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული შემწეობა ერთადერთი საარსებო წყაროა.
ისინი, თავის დროზე, საბჭოთა სიმღერებს არ წერდნენ. თვით"კანტატა პარტიაც" კი, გენიალური გამრეკელის შესრულებით, ჟანრის შედევრი იყო. მაგრამ ჩვენი პოეტებისა და კომპოზიტორების მთავარი თემა, მაინც ადამიანი, სიყვარული და პატრიოტიზმი იყო. ისინი ქართულ სულს ინარჩუნებდნენ და ყოველ ჩვენგანში ქართველობის მძაფრ განცდას აღვივებდნენ.
და რა გახდა, ეს ერთი შენობა - ბორჯომის ე.წ. კომპოზიტორთა სახლი, რომ მადლიერი თანამოქალაქეებისგან სახელმწიფომ ჩვენს ღვაწლმოსილ მუსიკოსებს საკუთრებაში გადასცეს. განა რა ოქრო-ვერცხლი მოაკლდება ბენდუქიძესა და მის დაჯგუფებას, რომელმაც საქართველოს მთელი სიმდიდრე, თავის სასარგებლოდ, უცნობ და გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალზე გაასხვისა, რომ ეს ერთი შენობა კომპოზიტორებისთვის გადაეცა.
რა იყო და რა არის ამისთვის საჭირო? არაფერი, მხოლოდ პოლიტიკური ნება.
როგორც კი საპროტესტო ტალღა იმატებს, მთავრობა მზადაა"ჩარეცხილებს" რაღაც მიუგდოს, თუნდაც ძვალი სახრავად. მოიცემენ თუ არა გულს, ისევ დაუცაცხანებენ ამ ნაჯაფ და ჯოჯოხეთგამოვლილ ადამიანებს.
ერთხანს, ინტერვიუსაც არ იძლეოდნენ. ე მანდ, ხელისუფლება არ გავაღიზიანოთო. ანტიკრიზისული კომისიის თავმჯდომარე გია თორთლაძე მათ საკითხის გადაწყვეტაში დახმარებას დაპირებია. იდგნენ და ელოდნენ და უსაზღვრო იყო მათი მოლოდინი. ელიან დღესაც. ახლა უფრო ლაშა ჟვანია ეიმედებათ. შეპირებია რაღაცას. უფრო ხალისიანია და ენამჭევრი.
სადღეისოდ ვითარების გასარკვევად, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს მივმართეთ.
‘კომპოზიტორთა კავშირმა შენობის რეგისტრაციისთვის თავის დროზე განცხადება შეიტანა. მაშინ მე თავმჯდომარე არ ვიყავი. ათამდე სხვადასხვა საბუთი მოგვთხოვეს. საბუთების წარდგენის პროცესი ძალიან გაგვიწელეს და რეგისტრაცია დაგვიანდა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ვითომდა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გვქონდა და რეგისტრაცია მისი დაფარვის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ საურავის გადახდის გრაფიკი თავად სახელმწიფომ შეგვიდგინა. ასე გვითხრეს: ამას რომ დაფარავთ, კომპოზიტორთა სახლს შემდეგ დაგიმტკიცებთო. გადასახდელი დავალიანება დაახლოებით 320.000 ლარს შეადგენდა. ეს თანხა სრულად დავფარეთ, ჩვენივე გაკეთებული საბუთებითა და ტექპასპორტებით ეკონომიკის სამინისტრომ ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა.
ბორჯომში არის ბიურო, რომელიც ტექპასპორტებს იძლევა. ჩვენ დახმარებისთვის სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მივმართეთ, რომელმაც ამ ბიუროს შეკითხვა გაუგზავნა, თუ რატომ გასცა მან ორი ტექპასპორტი, ანუ ეკონომიკის სამინისტროს ცალკე და კომპოზიტორებს ცალკე. განგვიცხადეს, რომ კომპოზიტორებისთვის ტექპასორტები ჩვენი გაცემულია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსთვის ჩვენ არ მიგვიციაო. ანუ სამინისტრო გაყალბებული საბუთებით მოქმედებდა.
თავდაპირველად კომპოზიტორებს ნახევარი საუკუნის წინ კომუნისტებმა მიწა გამოუყვეს, მისცეს შენობის აშენების უფლება და ჩვენ ჩვენი სახსრებით, ჰონორარებით, ნოტების დაბეჭდვით და სხვა საშუალებებით მოვახერხეთ ამ სახლის აგება. მის მშენებლობაში სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს. ჩვენ დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს, რომ ეს ასეა. ამისდა მიუხედავად, 2006 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენ ეს სახლი ჩამოგვართვა და მისი აუქციონზე გატანა დააპირა. სამინისტროსთან 2006 წლიდან ვდავობთ, გავახმაურეთ ეს საკითხი, გავმართეთ აქციები, მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ სარჩელი არცერთმა მათგანმა არ განიხილა, სარჩელად არ სცნობენ.
ამასწინათ ქუჩაში ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და მითხრა:"მე იმ პერიოდში ვმუშაობდი სამინისტროში და ბრძანება გვქონდა, თქვენთვის ასე გაგვეკეთებინა." როცა კომპოზიტორთა სახლი აუქციონზე გაიტანეს, არ გაიყიდა, რადგან სადაო ქონება იყო. ვინც ჩვენ ხელთ არსებულ საბუთებს ნახავს, მიხვდება, რომ ერთ დღეს კომპოზიტორები ამ დავას მოვიგებთ.
ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის მიერ ტელევიზიით გაკეთებულმა განცხადებამ იმედი ჩაგვისახა. მან თქვა, რომ კომპოზიტორთა კავშირს სახლი უნდა დავუბრუნოთო. ბატონმა გიამ დაგვიბარა და გვითხრა, რომ მას პრეზიდენტთან ჰქონდა საუბარი და გადაწყდა, რომ კომპოზიტორთა სახლს სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად მოგვცემდნენ. ჩვენ ამისთვის, უბრალოდ, ხელმოწერები უნდა შეგვეგროვებინა. შევკრიბეთ 500 ხელმოწერა, სადაც ხელს მთელი საქართველოს ინტელიგენცია აწერდა, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც არაფერი გამოვიდა.
პირადად მე, ეკონომიკის მინისტრის, ლაშა ჟვანიას მიმართ ძალიან დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. იგი მონდომებულია, რომ ეს საქმე ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდეს. ზოგს ეჭვი აქვს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებით დროის გაყვანას ახდენენ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ბატონი ლაშა ამ ყველაფერს დადებითად გადაწყვეტს და მას მართლაც აქვს სურვილი, რომ შენობა კანონიერ მფლობელს, ჩვენ, დაგვიბრუნდეს.
დღეს ეს შენობა გამოკეტილი და გაძარცულია, სახურავიდან წყალი ჩამოდის და იქ არსებული ძვირფასი ნივთები, როიალები და ა.შ., ფუჭდება," - კახა ცაბაძე.
კონიუნქტურის მიუხედავად, სახლი კომპოზიტორთა კავშირს უნდა დაუბრუნდეს. ასეთია ხალხის ნება. დროა ეს პარლამენტმაც და მთავრობამაც გაითვალისწინოს.
ადა ექიზაშვილი