დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დამთავრდა
ვაჟა ბერიძე
[i][/i][/b]
ყველა პარტია შეკრულია ან ხელისუფლებასთან, ან რუსებთან, ან ერთმანეთთან. აღლუმს რუსთაველზე ისევ რუსები მართავენ. ყველანი მათ დაკრულზე ცეკვავენ, ნაციონალების ჩათვლით და არც ერთ მათგანს არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება.
თვით ალასანიაც კი პრორუსული პოლიტიკოსია. ვითომდა ამერიკიდან დაბრუნებული და იქაური პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნდობით აღჭურვილი, როგორც კი ოპოზიცია გააქტიურდა, გაემიჯნა მას, წაჯექ-უკუჯექობანას თამაში დაიწყო და რეიტინგებში (რეალურად ჩატარებულში და არა პრეზიდენტის მომსახურე კომპანია "გრინბერგის" მიერ დახატულში) უიმედო აუტსაიდერებში აღმოჩნდა.
საინტერესო იყო ეროვნული ფორუმის აღზევება და დაცემაც.
ამასწინათ ერთ ეროვნულ ფორუმელს შევხვდი. ვუთხარი, რეიტინგებში ლიდერობთ, პირველობა სახიფათოა და თუ უახლოეს დღეებში ხელისუფლება სერიოზულ პროვოკაციას არ მოგიწყობთ, თვითონ უნდა მოიწყოთ რამე, თორემ ან რუსებთან შეკრულებად გამოჩნდებით, ან ხელისუფლებასთან, ან ორივესთან-მეთქი.
ისე აგიხდეთ ყველაფერი!
დამენანა ოთხი მეტნაკლებად გამოცდილი და პერსპექტიული პოლიტიკოსი - გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ირაკლი მელაშვილი, რეზო შავიშვილი.
ეროვნული ფორუმი ეროვნული ნიაღვარივით მოსკდა კავკასიონს და დიდიდ იმედები გააჩინა. ახლა მავანნი იმედგაცრუებულები არიან - გუბაზმა თქვა - ხალხი საქონელია, კახამ - ნახირი, მიშამ ჩარეცხილებიო. რა განსხვავებაა მათ შორის? კითხულობს მოქალაქე "კავკასიაზე" თავისი მესიჯით, მოქალაქემ ან ობივატელი ან სულაც პროვოკატორი. ფორუმი კიდ უმს. 25-ში სტადიონზე არ მიდიოდა, 26-ში ოპოზიციას გაემიჯნა, მერე რეგიონების მიშასთვის წართმევის ლოზუნგით გამოვიდა, რაიონების გათავისუფლების იდეით, მაგრამ როგორც დავიტ აქუბარდიამ შენიშნა, დარჩა კი იქ ვინმე გასათავისუფლებელი? კაცები საშOვარზე რუსეთში წავიდნენ, დედაკაცები - საბერძნეთსა და ევროპას მოეფინენ, ყველა ოჯახში თითო ქართველი დამლაგებელი ან მომვლელი ქალია. და განა ამ მართლაც კარგი ქართველებისთვის და ინტელექტუალეისთვის მიუღებელია ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ რაიონებში მუშაობა უნდა აწარმოო რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით, იქ ლიდერების პერიოდული და ინტენსიური ვიზიტებით, აქტივის ტრენინგით, პარტიული პრესით, პროპაგანდის სხვა საშუალებებით, სარეკლამო რგოლებით, ბანერებით, აქციებით და ა. შ.
საქონელიო, ნახირიო, ჩარეცხილებიო. არ მჯერა. მაგრამ, პოლიტიკა, როგორც ერთხელ მიხელ სააკაშვილმა უთხრა ოპონენტებს, ცხელი ოთახია, სადაც სადაც ყველას არ შეუძლია სულის მოთქმა და გაძლება. ნათქვამი უნდა დაადასტურინ ან უარყონ, პოლიტიკოსებმა. ისინი საჯარო პირები არიან და მათი ყველა სიტყვა უზუსტეს სასწორზე უნდა აიწონოს. კარგი ფილოსოფოსობა არ Nნიშნავს პოლიტიკოსობას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
ერთხელ ხალხმა თუ აგირჩია, ეგეც არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ ხალხი არ შემცდარა არჩევანში და თუ ვერ ამტკიცებ რეფერენდუმით ან არჩევნებით, უნდა წახვიდე.
მიხეილ სააკაშვილს კი ყველაფერი აქვს მოგვარებული. გაჩეჩილაძეებს მოელაპარაკება, ხან ტელევიზიას შესთავაზებს, ხან მიწას, ან რამდენიმე მილიონს, ბოლოსდაბოლოს. ასე ჰგონია და რა ქნას. ნაკლებად ქარიზმატულ ალასანიას რაღაცას მოუხერხებს, ბოლო-ბოლო ვაშინგტონიდან შემოუვლის.
აი, ბურჯანაძის და ზურაბიშვილის დაოკება გაჭირდება. ხომ გაგიგიათ და იქნებ სააკაშვილსაც გაუგია - თუ ქალმა გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დააკავებსო.
ჩვენ ხელისუფლებაში გენიოსებიც გვყავს, რომლებიც სერიოზულად ამტკიცებენ, რომ თუ სტადიონზე მოვიდა 60 ათასი კაცი, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. მსგავსი სისულელისთვის დასავლეთში პოლიტიკოსს სარბიელიდან წასვლა მოუხდებოდა. აქ კი, მოგცლიათ, ერთი! 60 ათასი კაცი ქუჩაში, ნიშნავს დაახლოებით 600 ათას მხარდაჭერას დედაქალაქში და უამრავ თანამოაზრეს ქვეყანაში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, არსებობს უნივერსალური მეთოდი - რეფერენდუმი ან არჩევნები. თუნდა ყოველ თვეში ხდებოდეს აუცილებელი მისი ჩატარება ჩვენ კი რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან საკონსტიტუციო კომისიასა და საპარლამენტო ოპოზიციაზე.
ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვს არავის?
ასეთი იგავმიუწვდომელი სიბრძნე იღაღადა მომღერალმა გუბერნატორმა გოგა ხაჩიძემ, რომლის მეუღლის დის ქმარი შალვა რამიშვილი ფულის "გამოძალვისთვის" ექს-დეპუტატ ბექაურისგან ისევ ციხეში ზის.
რა ვქნათ. სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ავუხსნათ ბ-ნ ხაჩიძეს, რომ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება აქვს ხალხის მიერ სამართლიან და გაუყალბებელ არჩევნებში გამარჯვებულ დეპუტატს, მიტინგის, გნებავთ, საპროტესტო აქციის ლიდერს ან ლიდერებს, პოპულარულ პიროვნებებს, უმაღლეს სასულიერო იერარქებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ხელმძღვანელებს, არც თუ ბევრს, მაგრამ არც ისე ცოტას. არავის? როგორ გეკადრებათ! ბატონო გუბერნატორო.
სამმა სტადიონმა ხალხმა რომ მოინდომოს სინგაპურთან შეერთებაო? მერე, "მაესტროს" ეთერში "დააზუსტა" - რუსეთთან შეერთებაო? მერე ბატონო გოგა, თუ სამი სტადიონი და 200 000 კაცი ამას მოითხოვს, ეს საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე, თქვენ, პატივცემულო გოგა და სხვა თქვენმა თანამოაზრეებმა, აგრეთვე "სინგაპურიზაციის" მომხრეებმა, ღრმად პატივცემულმა ბატონებმა ბენდუქიძემ, ლეჟავამ და სხვებმა, ისე როგორც რუსეთთან შეერთების მომხრეებმა, ისევ ბატონებმა ბენდუქიძემ, ლეჟავამ და სხვათა, რომლებმაც "მადნეული", "ენგურჰესი", "თბილისის წყალი" და სხვა მრავალი უკვე შეუერთეს და აჩუქეს რუსებს, თავიანთი შეხედულებები თავისუფალი ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის მეშვეობით ამცნონ საზოგადოებას, გაამყარონ არგუმენტებით დისკუსიებში თანასწორი შეჯიბრების პირობებში და თუ მთელი ქართველი ხალხი მოინდომებს ბენდუქიძის დარად საქართველოს "სინგაპურიზაციას", ანუ სიჰგაპურთან შეერთებას, რაღა გაეწყობა - უმრავლესობა იმარჯვებს, უმრავლესობის ნება უნდა აღსრულდეს. ჩვენ კი ერთი ამოცანა დაგვრჩება გადასაწყვეტი - სინგაპურს მივბაძოთ და მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა მთელი მოსახლეობის 14%-მდე დავიყვანოთ. იგივეა რუსეთის შემთხვევაშიც. თუ უმრავლესობამ მოინდომა, ჩვენი თითო-ოროლა ჯერ კიდევ სალ კლდეებს შემორჩენილი ქართველით უნდა ჩავბარდეთ ურუსებს, რომლებსაც მთელი საქართველოს უამრავი სტრატეგიული ობიექტი უკვე სარფიანად მიჰყიდეს რუსმა ოლიგარქმა და პროდასავლური რიტორიკით გამორჩეულმა სუბიექტებმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი:
ძლიერი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი
პრეზიდენტი არბიტრი - გიორგი თარგამაძე
ძლიერი პრეზიდენტი არბიტრი - ავთანდილ დემეტრაშვილი
ეს უსასრულო თოქ-შოუ საკონსტიტუციო კომისიის შექმნით დაგვირგვინდა, უფრო სწორად, მისი კონტურები მოიხაზა ("მოიხაზე, მოიხაზე, მოიხაზე", - "უკანასკნელი მასკარადი") ჯერჯერობით ამ კომისიაში წარმოდგენილი პარტიების, ან თუნდაც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების საერთო რეიტინგი 1%-ს არ აღემატება, მხოლოდ "თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატებია გამონაკლისი". იქ რამდენიმე კარგი იურისტი მოიაზრება და მათ შორის შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ავთანდილ დემეტრაშვილი. რა ცვლილებებზე უნდა იმუშაონ, რატომ არავის ესმის. არავინ ამბობს, ქვეყნის მოწყობის მოდელი ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმის გზით. არაფერ შუაშია არც დღევანდელი პრეზიდენტის ხედვა და არც ცალკეული ექსპერტის თუ პოლიტიკოსის სიმპათია-ანტიპატია. სიტუაციის მთელი აბსურდულობა ცხადი გახდება, თუ დღევანდელი პოლიტიკური თამაშის მთავარი ფიგურების მოსაზრებებს გავიხსენებთ. ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა. ლევან გაჩეჩილაძე საპარლამენტოსი, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების წინ გვპირდებოდა - თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, ამ თანამდებობას 6 თვეში გავაუქმებო.
კიდევ უფრო დიდი დომხალია თავად საკონსტიტუციო კომისიაში და მის ირგვლივ. გიორგი თარგამაძე საპარლამენტო მმართველობის და წარმომადგენლობითი ფუნქციების მქონე პრეზიდენტის - არბიტრის მომხრეა, მიხელ სააკაშვილი, რომელიც აკომპლექტებს ამ კომისიას, საბოლოო შედეგისკენაც მიმართავს: ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი პრესიდენტი. რამდენად ძლიერი? დღევანდელზე ძლიერი? იმპერატორი? ესე იგი "გორდიას კვანძი" გამობრძმედილმა ავთანდილ დემეტრაშვილმა გაჭრა. მან ეს ორი დიადი უკიდურესობა შეაერთა და შესძახა: ევრიკა! ჩვენ გვინდა ძლიერი პრეზიდენტი არბიტრი!
წარმოგიდგენიათ?!
ახლა გინდა კონსტრუქციული, საპარლამენტო იყავი და გინდა ქუჩის ოპოზიცია, თუ გინდა 10 ტრიბუნა გაავსე, ან და სულაც ყირაზე დადექი. რა გინდა ასეთ კომისიაში, სადაც თავმჯდომარემ, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ ამ თანამდებობაზე წინასწარ იცის ამ ცვლილებებით როგორი პრეზიდენტი ეყოლება ქვეყანას.
დღევანდელზე გაცილებით უფლებამოსილი და ძლევამოსილი რასაკვირველია!
კომედია დამთავრებულია, ბატონებო
[b]
არც ღვთაებრივი და არც ადამიანური. ნუ შევაწუხებთ დანტე ალეგიერის და ონორე დე ბალზაკის აჩრდილებს. ჩვეულებრივი კომედია მორჩა. მალე ზაფხულის ხვატი გასტეხს მომიტინგეებს, კომისიონერები კონდიციონერებით გაიგრილებენ შუბლს და ახალი ძლევამოსილი პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო კვარცხლბეკს აღმართავენ, რათა პათეტიკურად შესძახონ: ავე, ცეზარ! ვინც პრეზიდენტობაზე ფიქრს ვერ ბედავს, საპარლამენტო მმართველობაში ამოიღამებს თვალებს. ბოლოს და ბოლოს გაიხსნება რუსთაველის გამზირიც, რათა შიგადაშიგ ბოძებზე დაკიდულმა ყვავილოვანმა ქოთნებმა, რომელთა ჩამოტანა-ჩამოკიდებაში გვარიანი ფული დაიხარჯა, იშვიათი და თავგანწირული ექსტრემალი რამდენიმე ტურისტის წინაშე იყელყელაოს.
პოლიტიკური პარტიები, ზოგი დამფინანსებელ-დამრიგებლებმა უკუ იხმეს კრემლიდან და პოტომაკის ნაპირებიდან, ზოგმაც თავისი ნებით მიაშურა საქართველოს ველ-მინდორს. ისევ შტილია და ისევ დუმს პარლამენტი. სახელმწიფო კანცელარია, საკრებულო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დადგა დრო სანეტარო: ქვეყანაში აღარ არის ხელისუფლება და აღარ არის ოპოზიცია, არც ტკბილი და შინაური და არც მწარე და რადიკალური აღარაფერი აღარ არის.
Finita La Comedia.
დიახ, დამთავრდა და ხვალ იწყება.