საქართველოში სადღეისოდ დადგენილი საარსებო მინიმუმი - 114,9 ლარი, ადამიანის მინიმალურ მოთხოვნილებებს რეალურად არ ასახავს, - განაცხადა "ბ&ფ"-თან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 114,9 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 1 ლარით აღემატება.
სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსის პაატა შავიშვილის განცხადებით, მოცემული საარსებო მინიმუმის 70 % გათვლილია კვებაზე, ხოლო დანარჩენი 30% არასასურსათო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
არსებობს 2003 წლის მაისში მიღებული კანონი როგორც საარსებო მინიმუმის გაანგარიშების შესახებ, ასევე გაანგარიშების წესის შესახებ. თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი პარამეტრები მაინც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე დგინდება, - განაცხადა "ბ&ფ" საუბრისას სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა ბატონმა პაატა შავიშვილმა.
მისივე თქმით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება პროდუქტებზე არსებული სეზონური ფასების და ადამიანის მოთხოვნილების აუცილებელი დღიური ნორმის მიხედვით. დადგენილი დღიური ნორმა 2300 კილო-კალორიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, რასაც 40 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავს.
თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და როგორი დამოკიდებულებაა საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ნორმალურზე დაბალი შემოსავლების მქონე პირი იქ არ იბეგრება და არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. მაშინ როცა ჩვენთან ასეთ პირებზე აღნიშნული შეღავათი არ არის გათვალისწინებული.
?ქსპერტების, ბატონი ნარმანიას და ბატონი ხადურის აზრი, აბსოლიტურად იდენტურია იმასთან დაკავშირებით, რომ დადგენილი საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საქართველოში არარეალურია და დასახელებული თანხა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის მინიმალურ მოთხოვნას.
ქეთი სიხუაშვილი