კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უპრეცედენტო აქციას იწყებს » ბანკები და ფინანსები

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უპრეცედენტო აქციას იწყებს

მთავარისაზოგადოება 21.05.2009

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) (ყოფილი "თბილისის წყალი") 2009 წლის 20 მაისიდან კომუნალური მომსახურების სფეროში უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომელიც მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის ერთჯერად პროგრამას ითვალისწინებს.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ითვალისწინებს და დავალიანების მქონე მოსახლეობას შეღავათიან რესტრუქტურიზაციას შემდეგი პირობებით სთავაზობს:
პროგრამის მონაწილე ყოველ მომხმარებელს კომპანია საჩუქარს გაუკეთებს - ანუ დავალიანების საერთო თანხის 20%-ს ჩამოაწერს.
დავალიენების საერთო თანხის 20% მხოლოდ იმ აბონენტებს ჩამოეწერებათ, რომლებიც კომპანიას 2009 წლის 30 ივნისის ჩათვლით განცხადებით მიმართავენ. ხოლო დავალიანების დარჩენილი თანხა პროგრამის მონაწილეს 3 წლის განმავლობაში გაუნაწილდება. დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე კომპანია ყოველ აბონენტთან ინდივიდუალურ შეთანხმებას გააფორმებს. პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, ყოველთვიურად დავალიანების ნაწილთან ერთად მიმდინარე მოხმარებული წყლის გადასახადის სრულად დაფარვა. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ აბონენტს შეუძლია, რომელსაც წყლის საფასურის გადაუხდელობით გარკვეული დავალიანება დაუგროვდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას მიმართავს, რომ შეთავაზებული ხელსაყრელი წინადადება გამოიყენოს და აქციაში ჩაერთოს. თავის მხრივ კი კომპანია სამომავლოდ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობამ, წყალმომარაგებისა და წყალრაიონების სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები არ შეაფერხოს. ძველი დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მათი ეტაპობრივად გადახდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ყველა სხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის სავალდებულო გახდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იგორ მატისი აცხადებს: "ჩვენი კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდება, რასაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის დამოკიდებულება გადასახადების გადახდის მიმართ. ჩვენ თბილისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩავდეთ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. გრძელვადიანი პროექტების შემუშავებას კი 2010 წლისათვის დავასრულებთ.
თბილისის მერიასთან ერთად, ქუჩებში მიწისქვეშა კომუნიკაციების და წყლის მილების მთლიანად შეცვლის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ პროექტის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
ნებისმიერი ბიზნესი ინვესტიციასთანაა დაკავშირებული, რომელიც დროთა განმავლობაში მენეჯმენტმა უნდა ამოიღოს. ჩვენ ჩვენი სამოქმედო გეგმით ინვესტიციის ამოღებას მოსახლეობის მხრიდან მოხმარებული წყლის საფასურის გადახდით ვგეგმავთ. დღეს თბილისში წყლის გადასახადს 50%-ზე ნაკლები აბონენტი იხდის. წყლის გადასახადი ძვირი არაა, მაგრამ არ გადახდის ტრადიცია არსებობს. სამომავლოდ მოსახლეობა, მოხმარებული წყლის საფასურს სხვადასხვა ტარიფით გადაიხდის, თუმცა გამრიცხველიანებასა და ტარიფის გაძვირებას მოსახლეობისთვის ჯერ არ ვგეგმავთ, რადგან ეს ჯერ განხილვის საგანია. სამომავლოდ მოსახლეობა წყლის მოხმარებას უნდა გაუფრთხილდეს და გადასახადის გადახდას მიეჩვიოს."
ამ დროისათვის წყლის გადასახადის დავალიანება აბონენტთა 58%-ს ერიცხება. წყლის ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,4 ლარს შეადგენს.

ადა ექიზაშვილი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}