ნანახია: 914
სტაბილურობა თუ დემოკრატია ოპოზიცია და ხალხი ახალ ლიდერს ელის
რა ფაზაში შევიდა საპროტესტო აქციები, რას ნიშნავს დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების ცალსახა მიწოდებები დიალოგისაკენ, ვის ხელთაა დღეს ინიციატივა. ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
მიხეილ სააკაშვილი ინიციატივას დაეუფლა "ხამხამი თუ ფართხალი, სიურპლიასი თუ ნერვების ომი. რაც არის, არის ყველაფერია და ყველაფერი ქართულია, ანუ ყველაფერი გაუაზრებელია, გაუთვლელი და იმპროვიზაციებზე აგებული, ამიტომაც შედეგი არ დადგა და კარგა ხანს არ დადგება. ამის მიზეზი ისაა, რომ ორივე მხარე ელოდება სიგნალს ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან. დიახ, დიახ! მოსკოვიდან. მოსკოვი დღეს უფრო მეტ როლს თამაშობს საქართველოში, ვიდრე ოდესმე. აი, რა ანშლაგით გამოდის "ვაშინგტონ პოსტი" - "ჩვენ უნდა ვიმეგობროთ რუსეთთანაც და საქართველოსთანაც". გამომდინარე აქედან, დასკვნის გაკეთება იოლია. მე ახლა არ მოვყვები არგუმენტების ჩამოთვლას იმის ნათელსაყოფად, რომ დღეს აქ აღლუმს რუსეთი მართავს. მხოლოდ იმაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომ რუსეთიდან და ვაშინგტონიდან მკაფიო მესიჯების არარსებობის გამო ხამხამი თუ ბორიაყი გრძელდება. ასეთი ვითარებით უკეთ ხელისუფლებამ ისარგებლა, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო და ისეთი წინადადებები დააყენა, რომელიც აპრიორი განაპირობებს ოპოზიციის შეთრევას უსასრულო პროცესში, რომელიც 2013 წლისთვისაც კი შესაძლოა, არ დასრულდეს. ამ უსასრულო "კანკანში" დიალოგს მოჰყვება დისკუსია, დისკუსიას კამათი, კამათს ჩხუბი, ჩხუბს შტილი, მერე სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დათმობა, მერე ოპოზიცია დაეუფლება თავისუფალი დროის მინისტრის სავარძელს, ხოლო თუ კონსტრუქციულიც აღმოჩნდება, დევნილთა მინისტრიც შეიძლება გახდეს ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, ვთქვათ, ირაკლი ალასანია. მოკლედ მიშა მაგარია იგი შესანიშნავად იყენებს სამ საერთოეროვნულ ტელევიზიას, შინაგან საქმეთა ძლიერ სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერას, მან მოწყვიტა ოპოზიცია რეგიონებს, დააგდო დაპირისპირების მუხტი და ახლა ცდილობს ოპოზიციურ ბანაკში არსებული უთანხმოების სათავისოდ გამოყენებას. მთავარი მიზანი მიღწეულია - ოპოზიცია შეთრეულია უსასრულო და უდღისწესრიგო დიალოგში, სადაც საუბარი ყველაფერზე - შეიძლება პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნებიდან დაწყებული, ბიოგაზის წარმოებით დამთავრებული, ხალხის კეთილდღეობა ხომ უმნიშვნელოვანესი და უზენაესი მიზანია.
სტაბილურობა თუ დემოკრატია დიპლომატიური კორპუსი ოპოზიციას უპირობო დიალოგისკენ მოუწოდებს და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ესაუბრება. პოლიტიკოსთა ნაწილი ამას დემოკრატიის შეზღუდვის მხარდასაჭერად აღიქვამს. ლევან გაჩეჩილაძემ ტელევიზიით ერთ-ერთი გამოსვლისას პირდაპირ მიუთითა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი მათთან საუბრისას ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მთელ რეგიონში მთავარია სტაბილურობა, ხოლო ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, დემოკრატია არც არის აუცილებელი. მე არ მგონია, რომ უცხოელ ოფიციალურ პირებს, დიპლომატებს და ექსპერტებს ასეთი არადიპლომატიური მოსაზრებები გამოეთქვათ ქართველ პოლიტიკოსებთან საუბრებში, თუნდაც პრივატული ყოფილიყო ისინი. აქ, ვგონებ, "თარგმანში დაკარგულების" პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუნდაც ასე ამბობდნენ დემოკრატია, თუ ის ნამდვილი და განვითარებადია, ყველა შემთხვევაში გულისხმობს სტაბილურობას, საშინაო თუ საგარეო თვალსაზრისით, სტაბილურობა კი სულაც არ გულისხმობს აუცილებელ თანამდევ მოვლენად დემოკრატიას, თუნდაც საქმე გვქონდეს ბრუნეის სასულთნოსთან, სადათის სირიასთან ან მუბარაქის ეგვიპტესთან გნებავთ, მუშარაფის პაკისტანთან. ასეთი არადემოკრატიული სტაბილურობა უკიდურესად ფეთქებადსაშიშია. ვიქნები დელიკატური და არ შევეხები ჩვენს სამეზობლოს, მაგალითად პაკისტანს მოვიტან, მუშარაფის ბოლო პერიოდს და იქაური დემოკრატიის დღევანდელ სიძნელეებს, რაც ადრინდელი ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობითაა განპირობებული. სულაც ინდოეთი და ჩინეთი შევადაროთ. ერთგან ტოტალიტარული რეჟიმია, მეორეგან ფუნქციონირებადი დემოკრატია. ინდოეთში დაფიქსირებული პრობლემები გაცილებით ნაკლებ ხიფათს უქმნის ინდოეთს და მის მომავალს, ვიდრე ჩინური აბსოლიტური წესრიგი ჩინეთს. სხვაც არის. ქართული ეთნოფსიქიკა. ქართული ფეოდალური მონარქია სუსტი უცხოელ მტერთა შემოსევების გამოც იყო და აბსოლუტიზმისადმი ქართველების შეურიგებლობის გამოც. ქართული სახელმწიფო ყველაზე ძლიერი კი იმ მეფის დროს გახდა, რომელიც დღევანელი გაგებით ყველაზე ლიბერალი გახლდათ. თამარი ისნის "კარავსაც" ითმენდა და მხედართმთავრადაც მხარგრძელი ეჯდა, ზაქარია, ეროვნებით ქურთი და რწმენით გრიგორიანელი. ვასალებიც პატივდებული ჰყავდა, მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნებიც, მოყვარეს მოყვრულად ეკიდებოდა და მტერს მტრულად, ღრმადმორწმუნე, სათნო და გონიერი მეფე, რომლის მეფობის დროსაც საქართველოში სიკვდილით არავინ დასჯილა. ესეც საყურადღებოა, ვგონებ. თუ გადამთიელს ამ ქვეყნისა ვერაფერი გაუგია, უნდა ავუხსნათ, იქნებ ვერც ჩვენ გავიგეთ, რა წისქვილის ქვა დატრიალდა ჩვენს თავს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ვინც ვერ გაიგო, გავაგებინოთ, რომ ჩვენი ერთადერთი რესურსი და არგუმენტი კავკასიის და აღმოსავლეთის მოსაქცევად დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა. ფრიდმაც, ბრაიზამაც, ტაფტმაც და მრავალმა სხვამაც, ჩემის აზრით, საქართველოს მეგობრებმა, უნდა შეიგნონ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი განძი მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა კი არ არის, არამედ ქართველი ხალხი, ამ ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ხოლო შემდეგ ცენტრალური აზიის ხალხებს მისცენ მაგალითი, რა უპირატესობები გააჩნია დემოკრატიას და დასავლურ ღირებულებებს, მათ შორის, ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ეროვნული ინტერესების ეფექტური დაცვის თვალსაზრისით. თუმცა, ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებამ დამაფიქრა. "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს დემოკრატიულ სახელმწიფოში" რაღაც ისეა ნათქვამი, რა! არადა, პიროვნება სოლიდურია - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი. ისეა ნათქვამი, თითქოს აქამდე მათ ეს არ იცოდნენ, არც ის იცოდნენ, რატომ მოხდა, რა მოტივით ბოლო 20 წელიწადში ხელისუფლებათა ამდენი ცვლა. კიდევ კარგი, დღეს თუ მაინც ესმით და ბენდუქიძე-შეშელიძესავით არ გვეტყვიან - სინგაპურში დემოკრატია არ არის და ჰონ-კონგში, მაგრამ ისინი ყვავიანო. ისინი ხომ სახელმწიფოები არ არიან, ჩემო ბატონებო. სამაგიეროდ, დემოკრატიაც არის და კიდეც ყვავის სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰოლანდია, დანია ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, სლოვაკია, ხორვატია და კიდევ ვინ მოთვის, რამდენი ქვეყანა. დიახ, ჩვენ გვინდა დემოკრატია, სუვერენიტეტის შენარჩუნება, თვითმყოფადობის დაცვა, საქართველოს მთელი მოსახლეობის კეთილდღეობა და ეს ყველაფერი დემოკრატიის პირობებში ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის გარეშე.
ოპოზიცია და ხალხი ახალ ლიდერს ელის იმიტომ, რომ ვერც ერთმა ამჟამინდელმა ლიდერმა ვერ გაიყოლია ხალხი და ოპოზიციური სპექტრი ასეთი ლიდერის გარეშე კი არ მიდის პოლიტიკა ანუ პროცესი, მიღებული და კანონიზებული ტავტალოგიით, პოლიტიკური პროცესი. არის ასეთი მოლოდინი, ქვეცნობიერად თვით ხელისუფლებაშიც კი. ასეთ ლიდერად ჯერჯერობით არავინ მოჩანს. არც ემიგრაციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, არც რუსეთში გადახვეწილი იგორ გიორგაძე და არც სანკტპეტერბურგში გრაფ შერემეტიევების სასახლეში მცხოვრები საქართველოდან 1971 წელს წასული ვინმე მილიარდერი ებრალიძე. ის სადღაც აქ არის, ხალხში დგას და თავის ჟამს ელის. მე არ ვსაუბრობ ბაზალეთის ტბის ძირას "ოქროს აკვანში" მწოლიარე ყრმაზე, არც კონკრეტული პირი მყავს მხედველობაში ვინმე. უბრალოდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე არის ამ ახალი ლიდერის მოლოდინი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის რომელიმე თავკაცმა შეძლოს ამ ტვირთის აწევა და დიდი მისიის შესრულება. არიან იქ ასეთებიც. საამისო სიმპტომები პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. ხალხსა და ოპოზიციას შორის არ არის შეხედულებათა თანხვედრა, ხალხი უფრო რადიკალურია და უფრო თანმიმდევრულ მოქმედებად ითხოვს. ეს გამომჟღავნდა, როცა ტელევიზიასთან საკნების აღების მცდელობისას 14 მაისს, როცა ლიდერების გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი ხალხმა შეუშალა. ისინი რომც ყოფილიყვნენ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულნი, განწყობა მიტინგებზე ასეთი რომაა, ამაში დარწმუნება იოლია, თუ იქ მოხვალთ. თუ ოპოზიცია უკან დაიხევს და სერიოზულ კომპრომისზე წავა, რაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე ხელის აღებაში გამოიხატება, იგი დაკარგავს მხარდამჭერთა 60-70%-ს და დაიწყება მისი მარგინალიზაციის შეუქცევადი პროცესი. აი, ეს არის მოცემული დრამის კვანძი, რომლის გახსნა "გორდიას კვანძზე" იოლი როდია. ოპოზიციის მარგინალიზაცია და წასვლა პოლიტიკური არენიდან თუ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები [b] ამ დილემის გადაწყვეტას ჩვენ მალე ვნახავთ. საშემოდგომო არ არსებობს. შემოდგომაზე სხვა კონიუნქტურა იქნება. ყველაფერი პირველ ივლისამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე თბილისური ხვატი რუსთაველზე სუნთქვას შეუძლებელს გახდის. აქვთ თუ არა მომლაპარაკებლებს, ანუ დიალოგში ჩათრეულებსაც და ჩაყოლილებსაც რაიმე შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს. თუმცა არც მიხეილ სააკაშვილია ის პოლიტიკოსი, ვინც კომპრომისზე წავა და არც ოპოზიციაა პრინციპულ საკითხზე ერთიანი შეთანხმებული გადაწყვეტილების მიმღები. ისინი კარგა ხანია "მოუკლავი დათვის" ტყავის გაყოფით არიან დაკავებულნი, როცა ეს დათვი ინიციატივასაც ფლობს და ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. მხოლოდ ხალხის რაოდენობას და პერმანენტულ პრესსინგს შეუძლია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ეროვნული სტადიონის შევსება ოპოზიციას შეუძლია, მაგრამ ნახევარი მილიონი კაცის გამოყვანა ქუჩაში და პერმანენტული პრესინგის ორგანიზება, ვფიქრობ არა. მოლაპარაკებათა მიმდინარეობაზე ოპოზიციის მხრიდან მუშაობს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სინდრომიც. ორივე მხარე მოლაპარაკებული იყო ყველაფერზე, ხოლო შედეგი დადგა ისეთი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. არც მოლაპარაკებათა ხელშემწყობი საზოგადოებაა ძლიერი. უცნობი არასამთავრობოები და ახალგამომცხვარი ექსპერტები ყოველდღე ახალახალ ინიციატივებს და შედევრებს აცხობენ. მათდამი კი ნდობა დაბალია. ისეთ ექსპერტებს, როგორებიც არიან არჩილ გეგეშიძე, შალვა ფიჩხაძე, რამაზ საყვარელიძე და სხვები, არავინ უსმენს. ტელეეთერი კი წალეკეს ყოველთა საქმეთა და მეცნიერებათა ექსპერტებმა, რომელთაგან ძნელია მოისმინო თუნდაც ერთი კონსტრუქციული და არაორდინალური იდეა. მაგრამ მთავარი სხვაა. მთავარია საქართველოში არ დაისვას საკითხი ასე: სტაბილურობა თუ დემოკრატია. ჩვენმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმაც და ჩვენმა მეგობრებმაც ევროპაში, შტატებში ანკარასა და მოსკოვში, აგრეთვე ბაქოსა და ერევანში უნდა გაიგონ, შეიგნონ და გაიცნობიერონ, რომ საქართველო იქნება დემოკრატიული, ქვეყანა და სახელმწიფო, ეს იქნება მისი და მთელი რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი მყარი გარანტია, ეს კი თითოეული მათგანის ინტერესებშია. თუ ჩვენ მოგვაწყობენ აზერბაიჯანულად, სომხეთივით ან თურქეთივით, ან რუსეთივით, ამ ქვეყნის ხალხებისთვის ბუნებრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემები არასოდეს მოერგება საქართველოს და ეს ქვეყანა მუდმივად იქნება დესტაბილიზაციის ფაქტორი რეგიონში".
|