სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტში 134 ლარს შეადგენდა. მაშინ, როცა 2008 წლის იმავე თვეში ეს მაჩვენებელი 128 ლარით იყო გამოხატული. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 119 ლარით, ორსულიანის 191 ლარით, ხოლო სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 214 ლარით განისაზღვრა.
ქვეყანაში არსებული მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანაში თავის რჩენა უფრო და უფრო რთული ხდება. მასობრივი უმუშევრობისა და დაბალი ხელფასის პირობებში მოქალაქეების დიდ ნაწილს საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნიათ. მართალია, მთავრობამ თავის პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა გამოაცხადა, მაგრამ მოქალაქეთა დიდი ნაწილი კვლავ სიდუხჭირეში განაგრძობს ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ოფიციალური მონაცემებით, მინიმალური ნორმატიული ხელფასი 50,2 ლარია. საინტერესოა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომლის შემოსავლებიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. არა თუ 50 ლარად, არამედ 134 ლარადაც ნორმალური ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია.
საარსებო მინიმუმს სტატისტიკის დეპარტამენტი, სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის, რომელშიც სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. კალათის 70%-ს სურსათი იკავებს, 30% კი პირველადი მოხმარების ნივთებს უჭირავს.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ამასთან დაკავშირებით აცხადებს: "ვინც ეს დათვალა, ის უნდა ამყოფო 134 ლარზე. არსებობაში მარტო ფიზიკური არსებობა ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ. შეიძლება 134 ლარად ადამიანი არ მოკვდეს შიმშილით, მაგრამ ეს ხომ არ არის არსებობა? ამიტომ აქ ბევრი პრობლემაა, რომელიც საჭიროა, რომ გათვალისწინებული იქნეს. რადგან არსებობა არ ნიშნავს მხოლოდ არსებობას, ის ღირსებასაც უნდა გულისხმობდეს".
არაოფიციალური ინფორმაციით დღეისათვის საქართველოში 350 ათასი ადამიანი უმუშევარია და ამავდროულად, დასაქმებული მოსახლეობის 35%-ის ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ანუ, მთელი ეს მოსახლეობა ღატაკია და ისინი აუცილებელი, საარსებო პროდუქტების შეძენასაც კი ვერ ახერხებენ. მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა და იგი სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებისკენ ნაბიჯების გადადგმას, რათა მოსახლეობამ ღირსეული ცხოვრება შეძლოს.
შოთა ბუჩუკური