დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ქალაქის ცხოვრების რიტმი საგრძნობლად შეცვალა. მკვეთრი ცვლილებები მერიის საქმიანობასაც დაეტყო. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობენ აქციების პირობებში მერიის საქალაქო სამსახურები, პრესსამსახურის თანამშრომელს თამუნა დვალს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში გზები მოულოდნელად იკეტება, სატრანსპორტო სამსახურს ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად შემუშავებული აქვს სპეციალური გეგმა. ყველა იმ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით მოძრაობდა, მიმართულება შეიცვალა და სანაპიროს გავლით გადაადგილდება.
124 საქალაქო მარშრუტზე ყოველ დილით სამუშაოდ უცვლელად 730 ავტობუსი გამოდის. ასევე შეუზღუდავად მუშაობს მეტროპოლიტენი. შექმნილია მართვის ცენტრი, რომელიც უკავშირდება ქალაქში განლაგებულ სხვადასხვა ადგილზე გადანაწილებულ მერიის ტრანსპორტის სამსახურის ას თანამშრომელს, რათა ამა თუ იმ ქუჩის გადაკეტვისას მყისიერი რეაგირება მოახდინონ.
"ტრანსპორტის სამსახური სრული შემადგენლობით გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რათა უზრუნველვყოთ ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილება. ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად სამსახურს შემუშავებული აქვს სპეციალური სქემა. ჩვენი, დაახლოებით, ასი თანამშრომელი ახდენს მიმართულების ცვლილებებს. დღეისათვის კეთდება ყველაფერი, რათა შეფერხება არ მოხდეს," – აცხადებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი კაკო ჯოხაძე.
საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, მგზავრებს გაჩერებებზე გაორმაგებული დროით უწევთ ავტობუსის ლოდინი, რის გამოც ტრანსპორტის სამსახური მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებას, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, სასწრაფო დახმარებებს გადაადგილებისას პრობლემები არ შექმნიათ. "რა თქმა უნდა, ხალხის ნაკადის დროს სასწრაფოს, შესაძლოა, 5-10 წუთი აგვიანდება დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ამ დაგვიანებას რაიმე უბედური შემთხვევა გამოეწვია. თუ გამოძახება იმ უბანშია, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მომიტინგეები აბსოლიტურ შეგნებულობას იჩენენ და სასწრაფო დახმარების მანქანებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ატარებენ".
სამსახური დღეისთვის უფრო მეტ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ამუშავებს, ვიდრე ქალაქს სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული სამსახური მზად არის, დისლოკაციის გარკვეულ ადგილებში სასწრაფო დახმარების მანქანები ქუჩაშიც დააყენოს. "როგორც იცით, სასწრაფო დახმარების მანქანები რადიო სისტემებზეა და ოპერატიულად ხდება დავალების შესრულება. სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო მდგომარეობაში არ მუშაობს, მაგრამ გაძლიერებულია ცენტრალური ოფისები, სადაც აქციები მიმდინარეობს. ჩვენ ჯერ კიდევ ზამთრის რეჟიმით ვმუშაობთ, თუმცა გამოძახებები სეზონურად არის შემცირებული, ანუ თუ დღე-ღამეში ათასი გამოძახება იყო, ახლა არის რვაასი. რაც შეეხება აქციებზე სასწრაფო დახმარების გამოძახებას, გამოძახებები ხშირი არ არის."
მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სხვა სოციალურ პროექტებს ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად ახორციელებს.
საგანგებო სიტუაციათა სამსახური, თამუნა დვალის ინფორმაციით, ყოველთვის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. მათ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ. გამოძახებებზე მისვლისას ჯერ პრობლემა არ შექმნიათ.
რაც შეეხება კეთილმოწყობის სამსახურს, კითხვაზე თუ როგორ მუშაობს ის ზოგადად აქციების პერიოდში და რა პროექტებს ახორციელებს დღესდღეობით, ან თუ იყო ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავდა და ხელი აქციებმა შეუშალა ან კონკრეტულად რა პროექტებია ესენი, გვიპასუხეს, რომ - აქციების ტერიტორია ძველი თბილისის გამგეობას მიეკუთვნება. კოსტავას გამზირზე ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ იგეგმებოდა. სხვა უბნებში კი სამუშაოები, ჩვეულებისამებრ, მიმდინარეობს.
ყველაზე პრობლემატური საკითხი, თუ რატომ არ ხდება დასუფთავების სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და რატომ არ იღებს მერია რაიმე ქმედით ზომებს, გვითხრეს, რომ, რადგანაც დამსუფთავებლების გამოჩენა აქციის ადგილებში მომიტინგეების აგრესიას იწვევს, დასუფთავების სამსახური თავს არიდებს ვითარების დაძაბვას.
ჩვენ ასევე დავინტერესდით მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის საქმიანობით, თუ რა ზარალი მიაყენა აქციებმა თბილისს ფინანსური თვალსაზრისით და დაზარალდა თუ არა რომელიმე სეგმენტი, რომლებია ესენი და რა კუთხით, ხომ არ შეეხო რაიმე სახის პრობლემები თბილისის ბიუჯეტსაც, მაგრამ რადგანაც ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე მივლინებაში იმყოფება, სამწუხაროდ, მისგან კომენტარი ვერ მივიღეთ.
თამთა დადეშელი