იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ქამრების შემოჭერის საკითხი დგას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი 7 მლნ. ლარით გაიზარდა. გაერთიანებული პრფკავშირები ითხოვენ, რომ პარლამენტმა გაზრდილ დაფინანსებაზე უარი თქვას და ეს თანხა უმუშევრად დარჩენილთათვის სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაზე მიიმართოს. პარლამენტში უკვე შესულია პროფკავშირების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უმუშევრებზე თვიური 55 ლარიანი შემწეობა უნდა დაწესდეს. რა ბედი ეწევა პარლამენტის გაზრდილ ბიუჯეტს, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი "ახალი მემარჯვენეების" წევრს, ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ბატონ ვაჟა კაპანაძეს ვთხოვეთ.
- ბატონო ვაჟა, თქვენ პარლამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო აზრი გაქვთ, იქნებ "ბანკები და ფინანსების" მკითხველს გააცნოთ ეს აზრი.
- მოდით, განვიხილოთ ბოლო წლების დინამიკა. 2005 წელს პარლამენტი 22,6 მლნ. ლარით დაფინანსდა, ეს იყო პარლამენტის მთლიანი დაფინანსება, პარლამენტის დაქვემდებარებაში კი არის სტრუქტურული ერთეულები _ ბიბლიოთეკა, აუდიტორული საბჭო და ჰერალდიკის სამსახური. ეს თანხა მათ მიიღეს, ხოლო უშუალოდ პარლამენტს ამ თანხიდან 17 მლნ. ლარი მოხმარდა, ამ 17 მლნ.-დან 10 მლნ. ლარი დაიხარჯა ხელფასებზე, დანარჩენი კი მივლინებებსა და კაპიტალურ ხარჯებს. რაც შეეხება 2007 წელს, პარლამენტის მთლიანმა დაფინანსებამ 31,8 მლნ. ლარი შეადგინა, უშუალოდ პარლამენტის დაფინანსებაზე გამოიყო 25 მლნ. ლარი, აქედან 13 მლნ. ლარი ხელფასებზე დაიხარჯა. უკვე 2008 წელს, პარლამენტის მთლიანმა დაფინანსებამ 34 მლნ. ლარს მიაღწია, აქედან უშუალოდ პარლამენტის დაფინანსებისთვის 29 მლნ. ლარი გამოიყო, ხოლო ხელფასებზე მიიმართა 18 მლნ. ლარი. 2009 წელს კი პარლამენტის დაფინანსება კატასტროფულად გაიზარდა და 43 მლნ. ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 37 მლნ. ლარი უშუალოდ პარლამენტის წევრებისთვის და მათი დამხმარე პერსონალისთვისაა გამოყოფილი, ხოლო კაპიტალური ხარჯებისთვის 11 მლნ. ლარი, მაშინ როდესაც ამ თანხით ახალი პარლამენტიც კი აშენდებოდა.
- თუ შეიძლება შეადარეთ ერთმანეთს 235 კაციანი პარლამენტის ბიუჯეტი და 150 კაციანი პარლამენტის ბიუჯეტი.
- 2008 წელს საქართველოს პარლამენტში 235 დეპუტატი იყო, მაისის შემდეგ 150-მდე შემცირდა. პარადოქსია, რომ ასეთი ტემპით იზრდება პარლამენტის დაფინანსება მაშინ, როდესაც პარლამენტართა რიცხვი 235-დან 150 კაცამდე შემცირდა, ჩვენ პარლამენტართა შემცირების სურვილი იმიტომ გვქონდა, რომ ხარჯები შემცირებულიყო.
2005 წელს სამივე სტრუქტურის დასაფინანსებლად გამოყოფილი იყო 5,6 მლნ. ლარი, 2007 წელს კი 6 მლნ. ლარი, მაშინ, როდესაც პარლამენტის საერთო ხარჯების ზრდამ 22,6 მლნ. ლარიდან 31,8 მლნ. ლარს მიაღწია. ჩვენ დავინახავთ როგორ იზრდებოდა იქ პარლამენტის საერთო ხარჯები და მათი შემადგენელი ნაწილების ხარჯები პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა. თუ მიდგომა საერთო იყო, სტრუქტურების დაფინანსება პარლამენტის შესაბამისად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ისინი არ იცვლება, იცვლება უშუალოდ პარლამენტის დაფინანსება. 2008 და 2009 წლებში პარლამენტის კაპიტალური ხარჯებისთვის 11 მლნ. ლარი იყო გამოყოფილი, მარტო კაპიტალურ ხარჯებზე გამოყოფილი თანხა ბევრად ნაკლებია პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების დაფინანსებაზე.
ნინო თამაზაშვილი