შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და მისი ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თაობაზე "ბანკები და ფინანსები" პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა
ხამხამი, გინა სიურპლიასი შეიძლება ომით დამთავრდეს
ეს არის საკმაოდ რეალური პერსპექტივა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 100-200 ათასი თბილისელის პროტესტი არ არის საკმარისი არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისთვის. უფრო მეტიც. მას, ანუ ხელისუფლებას, თავადაც შეუძლია ხალხმრავალი მხარდამჭერთა აქციების ორგანიზება და მართლაც, სახელისუფლო რესურსების გამოყენებით ეს მიღწევადია. "კავკასიური ცარცის წრისა" არ იყოს, მთავრობას ბავშვის - პატარა მიშიკო აბაიშვილის ბედი სულაც არ ანაღვლებს. ორივე დაპირისპირებულ მხარეს "დიდი მიხეილის" ანუ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი უფრო აღელვებს ამერიკის დროებითი ინდიფერენტიზმისა და რუსეთის აქტიური დაინტერესების პირობებში საქართველო კიდევ ერთხელ შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. სააკაშვილი არ არის წამსვლელი, ხოლო ოპოზიცია არ არის გამჩერებელი. ვითარება ხამხამზე, ანუ თვალის პირველ დახამხამებაზე და ველოსპრინტის მონაწილეთა დგომაზე - სიურპლიარზე - ვინც უფრო სწრაფად დაიძვრება ადგილიდან, ის წააგებს, სიტუაცია ამაზე შორსაა წასული. გამოსავალი არ არის შუააზიური ტიპის დიქტატურის დამყარებაში, როგორიც აქვთ ქარიმოვს უზბეკეთში და რახმონოვს ტაჯიკეთში. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება, არც ქართული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები შეეგუებიან. მათი აზრით, არჩევნების გამყალბებელი და არალეგიტიმური ხელისუფლების არსებობას.
ვინ არის მართალი, რომელ მხარესაა სიმართლე?
ჩვენ არ ვიცით ხელისუფლების ნამდვილი რეიტინგი, არც სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური ძალების რეალური გავლენა. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი და ობიექტური სოციოლოგიური კვლევების კომპანიების რეიტინგები აღარ ქვეყნდება. "რეზონანსის", "კვირის პალიტრისა" და "ბანკები და ფინანსების" გამოკითხვები სურათს რეალურად ასახავს, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქს მოიცავს და ისიც იგნორირებულია პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების მიერ შესაბამისი მეთოდიკების კვლევა, როგორც ამას "ბ&ფ" აღნიშნავდა, ასევე არ იწვევს ნდობას, რადგან, როგორც აღმოჩნდა, "გელაპისათვის" შეკვეთილ კვლევას, თურმე ჩვენი ჭეშმარიტად ქართული IPM-ი ასრულებს ბოლოს გამოცხადებული ამ კვლევის შედეგებიც კი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებ-გვერდზე არ დევს. ეს ის ინსტიტუტის, რომლის ერთ-ერთი მესვეურიცაა ჩვენი პრეზიდენტის მეგობარი მაკკეინი, ხოლო იქ დიდხანს მუშაობდა ჩვენი საქართველოს პრობაციის მინისტრი და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან მომუშავე ბატონი შაშკინი.
მაშ, რაა გამოსავალი.
მხოლოდ რეფერენდუმი.
მე "რეზონანსის" ფურცლებზე დავიწუნე ამერიკიდან იმხანად ახალჩამოსული ირაკლი ალასანიას იდეა რეფერენდუმის შესახებ და რიტორიკული კითხვაც დავსვი - "ირაკლი ალასანია – ტროას ცხენი" თუ ქართული ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერი". მე, რა თქმა უნდა, იოტისოდენა ეჭვიც კი არ შემიტანია ირაკლი ალასანიას გულწრფელობაში. ჩემი წუხილი უფრო გარკვეული ვაქცინაცია იყო – მინდოდა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დამეზღვია შეცდომისა და უღირსი თამაშისაგან. განა ვისთვისაა დაფარული და გაუგებარი, რომ დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ლევან თარხნიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ყველა არჩევნებს თუ რეფერენდუმს ხელისუფლება მოიგებს. ამიტომ არ ექნებოდა აზრი რეფერენდუმს არ მოხსნიდა ასეთი რეფერენდუმი პრობლემას, ხოლო უაღრესად ნიჭიერ და პერსპექტიულ პოლიტიკოსს ასეთი იდეა უხეშ შეცდომად ჩაეთვლებოდა.
დღეს სხვა სიტუაციაა. დიალოგის ერთადერთი საკითხი და თემა უნდა გახდეს რეფერენდუმი, განხილვის საგანი კი დასმული კითხვის შინაარსი, ჩატარების პირობები და შესაბამისი ადმინისტრაციის რეორგანიზაციის წესი და პროცედურები - ამით ყველა პრობლემა მოიხსნება. თუ ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებულ რეფერენდუმში ხალხმა ხმა არ მისცა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ანუ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ამით იგი მოხსნის მისი ლეგიტიმურობის პრობლემას. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნევის შედეგების აღიარებისა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ ცნო ამ არჩევნების შედეგები და არ დაეთანხმა გამოცხადებულ რეზულტატს, არც გია ნოდია - თემურ იაკობაშვილის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, არგუმენტებიც საკმაოდ მყარი აქვთ – თბილისში და დიდ ქალაქებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვება, ვიდეოთვალის ჩანაწერებით სარგებლობის აკრძალვა და ა. შ. ამიტომ სხვა მხრივ, სხვანაირად, სააკაშვილი თავისი ლეგიტიმურობის პრობლემას ვერ მოხსნის. არალეგიტიმურ და ამავე დროს თუნდაც დეფაქტო და დეიურე პრეზიდენტს კი არანაირი სრულფასოვანი დიალოგი ოპოზიციასთან არ შეუძლია აწარმოოს. თუ ხალხი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მხარს დაუჭერს, ეს მისცემს საშუალებას მიხეილ სააკაშვილს ღირსეულად წავიდეს და სურვილის შემთხვევაში დარჩეს პოლიტიკაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნების გზით ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
ასე რომ, მხოლოდ რეფერენდუმია გამოსავალი, მხოლოდ ხალხისთვის მიმართვა, რომ მთელმა ხალხმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფალი და რა ძალთა განლაგება უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი დიალოგს და საუბარს კოალიციურ მთავრობაზე, კონსტიტუციურ ცვლილებებზე და ერთიანობაზე ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
დიალოგი, როგორც დროის გაყვანის ტაქტიკა
ასეთად აღიქვამს დიალოგს ორივე მხარე. თუ იგი შედგა, უდაოდ იქნება ყრუების დიალოგი ბრმებთან. არ არსებობის თემა, გარდა როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეფერენდუმისა, რომელზეც ორივე მხარე დაინტერესებულად ისაუბრებს. ამიტომაცაა გაჩაღებული ვიქტორინა ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის ცოდნაში: დიალოგი თუ მოლაპარაკება, საუბარი თუ დებატები, რატომ ტელეკამერები (ნეტა ძალიან არ უყვარდეთ) და მისთანანი. საქმე აბსურდამდეც მიდის. მოდითო, მავანი პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი გაიძახის – ვისაუბროთო ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე. უკაცრავად, ბატონო! ეს რა ოპოზიციის საქმეა? ხომ ხარ მთავრობა და ხელისუფლება, კრიზისიც შენი საქმეა, ხალხის დაპურებაც და დასაქმებაც ამიტომ დროა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეწყვიტოს ერთმანეთის გაცურებისა და გაცუცურაკების მცდელობები. ჯერ უნდა განისაზღვროს საკითხთა წრე, რომელიც შეიძლება გახდეს დიალოგის თემა და მერე დაიწყოს დიალოგი.
ეს მათთვის, ვისაც საქართველო აფრიკული ბანდუსტანი ჰგონია.
კიდევ რა საკითხები შეიძლება გახდეს დიალოგის საგანი
რეფერენდუმის ჩატარებამდე, ხელისუფლებამ კეთილი ნების ჟესტის სახით რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა გახადოს პირველი არხი და "რუსთავი2", თავისი აქციონერების და მეწილეების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, ბორდების კონკურსის საფუძველზე დაკომპლექტებით და სარედაქციო პოლიტიკაში რეალური ჩაურევლობით. უნდა დაუბრუნოს "იმედი" პატარკაციშვილის ოჯახს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობისთვის, თუნდაც დროებით სასამართლო პროცესებზე მედიის წარმომადგენლებისა და ვიდეოგადაღებების Dდაშვებით. ხელი შეუწყოს ნამდვილად დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის შექმნას, განიხილოს საკითხი ყველა დონის მერებისა და მოსამართლეების, აგრეთვე პოლიციის უფროსების არჩევითობის შესახებ, დაიწყოს საუბარი მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის რეალურობისა და მიზანშეწონილობის შესახებ და ეს საკითხიც გადაწყვიტოს რეფერენდუმმა.
და კიდევ
[b]
მთავრობის მხრიდან, კეთილი ნების ჟესტის სახით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერს მწვანე ლაბადებში გამოწყობილი ნაცმოძრაობის აქტივისტები ხელკეტებით მიუსიეს საცემად მომიტინგეებს რიყეზე, რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გამოიხატება სამოქალაქო პირთა ერთი ჯგუფის გამოყენებაში მე-2 ჯგუფთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. თუ პოლიციელს წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მომიტინგის – მოქალაქის ფიზიკური ხელყოფა ეპატიება, ამ მიზნით სამოქალაქო პირის – ნაცმოძრაობის აქტივისტის გამოყენება დანაშაულია.
კეთილი ნების ჟესტად გამოდგება იმ ადამიანთა დასჯაც, ვინც სტამბულიდან თბილისში მომავალი თვითმფრინავი ვაზიანის აეროდრომზე დასვა, რომლის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი არასაიმედოა და ამით საფრთხე შეექმნათ მგზავრებს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი თვითმფრინავში სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილის ვითომდა ყოფნა გახდა.
ზოგიერთები ნიანგის ცრემლებს ღვრიან, აქციების ფონზე ბიზნესის დაზარალების გამო. თუ ვინმეს აწუხებს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ბიზნესმენთა სავალალო მდგომარეობა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შეუძლია ხელი გაუმართოს მას კარგად მოფიქრებული და ოპერატიულად განხორციელებული ფინანსური ამნისტიით, ხოლო ბანკების კაბალაში ჩავარდნილ ვერგადამხდელებს, მათი ვალების გადავადების მექანიზმის შემუშავებით.
იფიქრეთ ამაზე ბატონებო!
ხალხის ყვლეფის, ქართული ობიექტების და მიწა-წყლის გაყიდვის ეპოქა დამთავრდა. ახლა სამართლიანობის ზეობის ხანა დგება. აი, ეს ხანა კი ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც საერთო ძალისხმევით უნდა დაამკვიდრონ. ამას კი ხალხი მკაცრად გააკონტროლებს. იგრძენით, ბატონებო! ხალხი სარბიელზე დაბრუნდა. ეს ხალხის ინტერესების მოღალატეებისთვის სახიფათოა.