ყველაზე მდიდარი ქართველები » ბანკები და ფინანსები

ყველაზე მდიდარი ქართველები

მთავარისაზოგადოება 18.07.2012

ყველაზე მდიდარი ქართველებიბიზნესმენები, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან, რამდენიმე ქვეყნის ბიზნესრეიტინგებში ფიგურირებენ

საქართველო განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანების სიმრავლით არასოდეს გამოირჩეოდა - ამის საშუალებას არც ეკონომიკის განვითარება, არც ბაზრის მოცულობა და, ბოლოს და ბოლოს, არც პოლიტიკური ვითარებანი არ იძლეოდა. ასეულობით მილიონებს ან მილიარდს, ქართველები ან წარმოშობით საქართველოდან გამოსული ადამიანები, ისევ დიდი ქვეყნების დიდ ეკონომიკებში თუ მოუყრიდნენ თავს და ცხადია, იმავე ქვეყნების წარმომადგენლებადაც მიიჩნეოდნენ. წლეულს ამ მხრივ გამორჩეული მოვლენა მოხდა, როცა ფინანსური რეიტინგების ალბათ ყველაზე გავლენიანმა წყარომ, ბიზნესგამოცემა "ფორბსმა", ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამოშალა რუსული სიიდან და საქართველოს წარმომადგენლებში ჩარიცხა. როგორც ჩანს, ფორბსელები საკუთარი შეფასებებით ხელმძღვანელობდნენ და საქართველოს სამოქალაქო რეესტრი მათთვის უმაღლესი ავტორიტეტი არ აღმოჩნდა.

ასე იყო თუ ისე, "ფორბსის" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა 2012 წლის ნუსხაში საქართველოდანაც მოხვდა ერთი ადამიანი. ასეთ დროს იტყვიან, ეს ერთი და სხვა მრავალიო... რეიტინგებს არაერთი სხვა გამოცემაც აქვეყნებს. გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა, სად და რომელ სიებში ფიგურირებდნენ კიდევ ქართველი ან საქართველოდან გამოსული მდიდარი ადამიანები.

გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე დიდი ჯგუფი რუსეთში აღმოჩნდა. 2012 წლის თებერვლის დასაწყისში გავლენიანმა რუსულმა გამოცემა "ფინანსმა" რუსეთის მოქმედ მილიარდერთა და მულტიმილიონერთა 2011 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მის სათავეში ევგენი ლისინი იყო $28,3 მილიარდით.

500-კაციან ნუსხაში ქართული წარმოშობის რამდენიმე ბიზნესმენია - ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი, დავით პანიკაშვილი, პაატა გამგონეიშვილი, ვიაჩესლავ მირილაშვილი და ბორის (ბიძინა) ივანიშვილი. მაშინ ივანიშვილი ჯერ კიდევ ფიგურირებდა რუსეთის რეიტინგებში, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ "ფორბსისეულ" ნუსხაში, ის უკვე საქართველოს სახელით არის წარმოდგენილი.

წარმოშობით ქართველ ბიზნესმენებს შორის თებერვლის რუსულ რეიტინგში ყველაზე მდიდარიც სწორედ ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. ჯგუფ "უნიკორის" მფლობელი რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება $5 მილიარდად იყო შეფასებული. ალექსანდრე ჯაფარიძის ქონება $2,15 მილიარდი იყო. "ეურაზია დრილინგ კომპანის" აღმასრულებელი დირექტორი და წილის მფლობელი 54-ე ადგილს დასჯერდა.

დავით იაკობაშვილს 134-ე ადგილი ერგო $830 მილიონით. "ვიმ-ბილ-დანი საკვები პროდუქტების" დამფუძნებელს აგრეთვე აქვს ერთობლივი პროექტები იმავე რეიტინგის 79-ე პოზიციაზე მყოფ გავრიილ იუშვაევთან. 26 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი 140-ე აღმოჩნდა $790 მილიონით (სოციალურ ქსელ "ვ კონკტაკტეს" ძირითადი თანამფლობელი). ვიაჩესლავი რუსეთში ცნობილი ბიზნესმენის, "ევროსერვისის" ექსმფლობელ მიხეილ მირილაშვილის ვაჟია.

რეიტინგში $570 მილიონით 192-ე ადგილი ერგო დავით პანიკაშვილს, ფარმდისტრიბუტორ "როსტას" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს. ხოლო ბანკ "სლავიანსკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, "დელოვაია როსიას" გენერალური საბჭოს წევრ პაატა გამგონეიშვილს, $290 მილიონით, რეიტინგში 323-ე ადგილი მიაკუთვნეს.

წლეულს 19 აპრილს კი რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის 2012 წლის რეიტინგი "ფორბსის" რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. მახაჩყალაში დაბადებული ალექსანდრე ჯაფარიძე აქ 51-ეა, ოღონდ მხოლოდ $1,8 მილიარდით. 28 წლის სანქტ-პეტერბურგელმა ვიაჩესლავ მირილაშვილმა კი მეასე ადგილზე გადაინაცვლა უკვე $950 მილიონით. თბილისში დაბადებული 55 წლის დავით იაკობაშვილი - 106-ეა ($950 მლნ). დავით პანიკაშვილი და პაატა გამგონეიშვილი 200-კაციან სიაში არ ფიგურირებენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი რუს ბიზნესმენად აღარ მიიჩნიეს.
საქართველოსთვის სიახლე იყო 2012 წლის მარტში ბიზნესგამოცემა "ფორბსის" ამერიკული რედაქციის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ტრადიციული რეიტინგი. ეს საიუბილეო, 25-ე გამოშვება გახლდათ. საინტერესოა, რომ პირველ, 25 წლის წინანდელ რეიტინგში ჩამოთვლილი 140 სახელიდან 24 წლევანდელ სიაშიც შევიდა. სულ მილიარდერთა რაოდენობა 1126 იყო - მეტი, ვიდრე ოდესმე, მათი ჯამური ქონება $6,4 ტრილიონია, საშუალო ქონება კი $3,7 მილიარდი.

აწ უკვე ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფოტო, სამ სხვა გამორჩეულ საქმიან ადამიანთან ერთად, "ფორბსმა" გარეკანზეც კი განათავსა. მილიარდერთა სიის ამ საგანგებო გამოშვებას ოთხი ყდა ჰქონდა: მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ მსოფლიოში უმდიდრესია; 41 წლის ამერიკელი სარა ბლეიკლი ყველაზე ახალგაზრდაა იმ ქალებს შორის, ვინც ყველაფერს თავად მიაღწია; ჰონკონგელი ლი კა-შინგი აზიის კონტინენტზე აღმოჩნდა უმდიდრესი, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე კი მისი მშობლიური ქვეყნის, ყოფილი საბჭოთა საქართველოს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ნახევრის ტოლია.

რეიტინგზე მუშაობისას გამოცემის წარმომადგენლებმა ოთხივე ბიზნესმენს ჩააკითხეს მექსიკაში, ჰონკონგსა და საქართველოში, აგრეთვე ნიუ-იორკში. საქართველოში მოგზაურობის შედეგი იყო ვრცელი სტატია "არავინ არის ბიძინაზე დიდი".

რუსეთში მოქმედი ქართული წარმოშობის ბიზნესმენებიდან "ფორბსის" მსოფლიო 1126-კაციან რეიტინგში მხოლოდ 56 წლის ალექსანდრე ჯაფარიძე მოხვდა 719-ე ადგილზე ($1,8 მილიარდი). ხოლო საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, ასევე 56 წლის ბიძინა ივანიშვილი 153-ე ადგილზე $6,4 მილიარდით გავიდა. ეს მაქსიმუმია, რასაც ივანიშვილი ფლობდა, სხვათა შორის, ორჯერ - 2012 და 2008 წლებში. 2009 წლის მარტის რეიტინგში მისი ქონება $3,2 მილიარდი იყო. "ფორბსის" პირველ შეფასებაში კი ის 2005 წელს მოხვდა $2,6 მილიარდით.

ამერიკულმა ბიზნესგამოცემამ წლეულს, თანაბარი ქონების ფლობის გამო, ბოლო ადგილები 74 მილიარდერს თანაბრად გაუნაწილა. მათ შორის აღმოჩნდა ხოფაში დაბადებულ თურქეთის მოქალაქე თურგაი ჩინერი $1-მილიარდიანი ქონებით. ჩინერი 2008 წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მდიდარი ქართველების რეიტინგში იყო შეყვანილი. თურქეთის კიდევ ორი წარმომადგენელი, ნიჰათ გოგეითი (გოგიტიძე) და ისმათ აჯარი, რომლებსაც ქართული წარმოშობის მილიარდერებს მიაკუთვნებდნენ, "ფორბსის" წლევანდელ რეიტინგში არ ფიგურირებენ, ისევე როგორც მილიარდერი უკრაინიდან ტარიელ ვასაძე. საინტერესოა, რომ ვასაძის ქონება უკრაინულმა ჟურნალმა "კორესპონდენტმა" 2007 წელს $1 მილიარდად შეაფასა, პოლონური ჭპროსტ-ის აზრით, 2009 წელს მისი კაპიტალი $1,7 მილიარდსაც აღწევდა, ჟურნალ "ფოკუსში" კი მიიჩნიეს, რომ ეს თანხა $780 მილიონს არ აღემატებოდა. უკვე 2010 წლისთვის, "კიევპოსტის" შეფასებით, ვასაძის ქონება $230 მილიონამდე შემცირდა. "ფორბსის" რეიტინგში არც დავით ჟვანია შესულა უკრაინიდან.

საქართველოში დაბადებული კიდევ ერთი ემიგრანტი - თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, უძრავი ქონების მაგნატი ნიუ-იორკში, ოთხჯერ შეიყვანა "ფორბსმა" 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგში, სადაც ის 2008 წლის სექტემბერში 246-ე იყო $1,9 მილიარდით. 2010 წელს ეს ციფრი $1,4 მილიარდს უტოლდებოდა, როცა თბილისელი სეფიაშვილი უკვე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა 937-კაციან რეიტინგშიც აღმოჩნდა 721-ე ადგილზე. შემდგომ საპირის ქონება $700 მილიონი გახდა.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან ბიზნესგამოცემებში არ ფიგურირებს კახა ბენდუქიძე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაბადებული 56 წლის ბიზნესმენისა და სახელმწიფო მოხელის ქონებად ლამის უკვე $1-1,5 მილიარდს ასახელებენ სხვადასხვა წყაროები საქართველოში, დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2003 წელს, რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლის წინ, ბენდუქიძის პირად ქონებას რუსი სპეციალისტები $64 მილიონად აფასებდნენ.

ბიზნესმენების გარდა, მდიდარ ქართველებში შოუბიზნესის წარმომადგენელსაც მოისაზრებენ. რუსეთში მოღვაწე ვალერი მელაძის ქონება, ზოგიერთი ცნობით, $200 მილიონსაც კი აღწევს. თუმცა დიდრონი საქმიანი გამოცემების რეიტინგებში ბათუმში დაბადებული 47 წლის მომღერალი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.


გელა გურგენიძე,
"kvirispalitra.ge"



ქვეყანაში ძალიან ძვირი კრედიტების ბუმია
ქვეყანაში ძალიან ძვირი კრედიტების ბუმია

16.04.2014 · ფინანსები
ონლაინ სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1000%–ს აღწევს

ენერგოომბუდსმენმა მომხმარებლების დაცვის სტრატეგია შეიმუშავა
ენერგოომბუდსმენმა მომხმარებლების დაცვის სტრატეგია შეიმუშავა

16.04.2014 · ეკონომიკა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის პოსტზე სალომე ვარდიაშვილი დაინიშნა.

ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა
ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

16.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობამ ხვნის ბარათების გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ბიძინა ივანიშვილმა ქართული აქტივების გაყიდვა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილმა ქართული აქტივების გაყიდვა დაიწყო

16.04.2014 · საზოგადოება
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არსებულ რამდენიმე აქტივს თმობს.

ბენზინი გაძვირდა
ბენზინი გაძვირდა

16.04.2014 · ბიზნესი
ნავთობკომპანიებმა სააღდგომოდ საწვავი გააძვირეს

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ბარაბაძე დანიშნა
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ბარაბაძე დანიშნა

16.04.2014 · ეკონომიკა
ონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე უხელმძღვანელებს

“სი-თი პარკმა” 12 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა
“სი-თი პარკმა” 12 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა

15.04.2014 · ბიზნესი
”სი-თი პარკის” გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ ბოლო ოთხ წელიწადში მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი ევროკომისიის მიხედვით
საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი ევროკომისიის მიხედვით

15.04.2014 · საზოგადოება

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“  კომპანია „სილქნეტს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „სილქნეტს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს

15.04.2014 · საზოგადოება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომპანია „სილქნეტის“ მიმართ, საჩივარი შეიტანეს

ხელისუფლება ნავთობმონოპოლისტების შესწავლას იწყებს
ხელისუფლება ნავთობმონოპოლისტების შესწავლას იწყებს

15.04.2014 · ბიზნესი
როდის დაიწყება საწვავის გაიაფება საქართველოში