ნანახია: 548
"საზოგადოებამ რეალურად უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რასაც მარტო მთავრობას ავალებს" იტერვიუ გია ჟორჟოლიანთან.
"ოცი წელია მოგვბეზრდა რევოლუციების გზით არჩეული ლიდერები. მათ ვავალებთ ყველაფრის შესრულებას, მაგრამ ასე არ ხდება"
-ბატონო გია, რა როლს ასრულებს დემოკრატიის განვითარებაში თვითმმართველობის ინსტიტუტები? - საკითხი, დემოკრატიული მმართველობის წესრიგის შესახებ, ძალიან მჭიდროდ, პირდაპირ და უპირობოდ უკავშირდება ძალაუფლების დაყოფას არა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის, არამედ დაყოფას ვერტიკალურად – ცენტრსა და რეგიონებს შორის. ისტორიულად თუ გადავხედავთ, დემოკრატია ვითარდება პირიქით, ვიდრე ეს მოხდა საქართველოში. ჯერ მკვიდრდებოდა დემოკრატიის მექანიზმები და შემდეგ იღებდა ის ნაციონალურ მასშტაბებს. ანუ მთელი ევროპა, სადაც დემოკრატია ჩამოყალიბდა წამმართველ ხელისუფლებად, ის ჯერ გაბატონდა რეგიონებში და მხოლოდ შემდეგ მე-18 საუკუნის ბოლოდან, დემოკრატიის, როგორც მმართველობის, წესრიგმა დაიკავა თავის ადგილი ცენტრალურ მმართველობაში. როდესაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის უშუალოდ დემოკრატია.მეორე დიდი ნაწილი წყდებოდა შტატების ხელისუფლების მიერ. მხოლოდ მცირე ნაწილი წყდებოდა ფედერალური მმართველობის მიერ. საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი არის პირიქით. ჯერ ირჩევა ცენტრალური ხელისუფლება და მერე მათ უნდა გადასცენ ძალაუფლების ნაწილი ადგილობრივ მმართველობას. საბჭოთა მმართველობის სისტემაში ესეც არ არსებობდა, ეს იყო მკაცრად ცენტრალიზირებული. ეს სისტემა დღემდე მნიშვნელოვნად შენარჩუნდა. ვირჩევთ პრეზიდენტებს და მათი ნებაა, გადასცემენ თუ არა ისინი სხვებს მმართველობის ნაწილს. არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ არის ძალაუფლება რეალურად დაყოფილი. ცენტრები მართავენ რეგიონებს. რა მნიშვნელობა აქვს ამას დემოკრატიისთვის – ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველოში არის დაახლოებით 4მლ. ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვისა, რაც მათთვის აქტუალურია. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, ისინი არ იღებენ არავითარ მონაწილეობას ამ პროცესში. ასე რომ ხდებოდეს რეალურად, ამ ადამიანების როლი გაიზრდებოდა და თავიანთი წარმომადგენლებიც რეგიონებისა და ხალხის მიმართ გახდებოდნენ ანგარიშვალდებულები. - მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი რეფორმები გატარდა. . . - ის რეფორმები, რაც თვითმმართველობის გაძლიერების თვალსაზრისით განხორციელდა, არის გაუმჯობესება ცენტრალური ხელისუფლებისა და სხვა არაფერი. და არა ისე, რომ ადგილობრივმა მმართველობამ მართოს ადგილობრივი საზოგადოება. ეს ფაქტი დემოკრატიის ძირითად ასპარეზს სპობს საქართველოშიც და აზიის სხვა ქვეყნებშიც. საკითხი დგება შემდეგნაირად, როგორ უნდა შეიცვალოს და საერთოდ, გვინდა თუ არა, რომ საერთოდ შეიცვალოს? – გვინდა, რომ შეიცვალოს, არა მხოლოდ იმიტომ რომ დემოკრატიისკენ მივისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში სხვა საშუალება, რომ შევქმნათ ლეგიტიმური ხელისუფლება, ვისაც ხალხი აღიარებს და ამავდროულად იქნება ეფექტური, არ არსებობს. მხოლოდ დემოკრატიის წესრიგმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოში სტაბილურობა, ხალხის ინტერესების შესაბამისი მმართველობა და ა.შ. სხვა ქვეყნებშიც ასეა, თუ ამას ჩავთვლით ზოგად კანონზომიერებად, მაგრამ ყველას თავისებური მმართველობის სისტემა აქვს. სხვადასხვა ხალხები მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან და განწყობაც განსხვავებული აქვთ მმართველობის მიმართ. აზერბაიჯანში სულ ახლახანს ჩატარდა კვლევა და 92%მა მხარი დაუჭირა იმას, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდებოდეს შეუზღუდავი ვადით. ანდა თურქმენეთში და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში, არ არის დემოკრატიული განწყობები ძლიერი. საქართველოში არის. ამას ბევრი რამ ადასტურებს, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური განწყობებია ისეთი, რომ ამ განწყობების რეალურად შესრულების საშუალებას არ იძლევა და ეს გადაიზრდება რეგიონებშიც. - რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, როგორია საკითხის გადაჭრის თქვენეული ხედვა. - ჩემი აზრით, ძალაუფლება უნდა იყოს მოპოვებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდათ მათი მიზნების ცხოვრებაში განხორციელება. ევროპაში ასე მოხდა - სანამ მიიღებდნენ, მანმადე იბრძოდნენ ამისთვის. მმართველი ეფექტურად ვეღარ მართავდა, თუ ამ უფლებებს არ გაუნაწილებდა მათ. ასე რომ, ჩვენთანაც უნდა დაიწყოს რეგიონების წინა პლანზე წამოწევა და საზოგადოებამ რეალურად უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რასაც მარტო მთავრობას ავალებს. ეს არის იმის ბრალი, რომ საზოგადოება არ ერევა მმართველობაში და შესაბამისად, პასუხისმგებლობისგანაც თავისუფალია. თუ ვიმსჯელებთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მმართველობის ყველაზე ეფექტური გზა არის დემოკრატია, მაშინ უნდა შევქმნათ პირობები, ინსტიტუტები, რომლებიც ხალხს გაუზრდის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. ამათ შორის პირველი და ყველაზე მთავარი არის რეგიონალური მმართველობის და ადგილობრივი საკითხების თვითონ ხალხის მიერ გადაწყვეტა, ან უშუალოდ იმ ადამიანების მიერ, ვის წინაშეც არიან ის წარმომადგენლები ვალდებულები და იმ მოსახლეობის წინაშე, ვისაც ეხება ეს საკითხი. თუ მოხდება ასე, ის აღარ მისცემს ცენტრალურ ხელისუფლებას შესაძლებლობას, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. - რა მექანიზმებით უნდა მოხდეს ეს? - ჩემი აზრით, ასეთი მექანიზმები არის ის, რომ შეიცვალოს პარლამენტის სისტემა, უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებები და გადანაწილდეს პარლამენტში, უნდა შეიქმნას რეალური წარმომადგენლობითი მმართველობა, ისინი ისე უნდა დავაახლოვოთ ამომრჩეველთან, რომ მთელი რიგი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. მენდეთ, მე გავაანალიზე და მივედი ამ დასკვნამდე, რომ ყველაზე ეფექტური ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება შემდეგი - ჩვენი საპარლამენტო რეგიონების წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ ცენტრალურ მმართველობაში მნიშვნელოვანი ადგილი, უნდა აირჩეს 10 კაცი, ვთქვათ, კახეთიდან, 10 სამეგრელოდან, 30 თბილისიდან, ანუ ეს ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად უნდა განისაზღვროს. როცა 10 კაცი იქნება არჩეული კახეთიდან, იმათ იციან, რომ ეს ხალხი ვალდებულია კონკრეტულად კახეთის ამომრჩეველთა წინაშე და დასჭირდებათ ძალიან ძლიერი ურთიერთდამოკიდებულება ამომრჩეველსა და არჩეულს შორის. ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომ გაიზარდოს რეგიონების როლი ცენტრალურ მმართველობაში. დღეს სხვადასხვა რაიონებში ამომრჩევლები ირჩევენ 1 დეპუტატს. მაგალითად, ყაზბეგში 4000-მდე ამომრჩეველია, ქუთაისში 1200, ეს არღვევს ამ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს თანასწორობაზე. ე.ი. გამოდის, რომ ყაზბეგის მოსახლეობის რაოდენობა არის 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ქუთაისის, ან 40-ჯერ მეტი, ვიდრე გლდანის. ეს უნდა შეესაბამებოდეს ადამიანთა რაოდენობას. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონი იქნება ცენტრალური წარმომადგენელი, რაც, თავის მხრივ, რეგიონალ გააქტიურებას მოიტანს. ახლა თუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ მოხდა, ჩვენ არ ვიცით, სად რა ხდება. რითი ცხოვრობს ის ხალხი, არადა სოფელში ცხოვრობს მოსახლეობის 50%-ზე მეტი, რეგიონებში 70%, იქ არის ნატურალური მეურნეობა და იქ ჩართული ადამიანები დეგრადირებულები არიან თანამედროვე ცხოვრებას. ეს ყველაფერი დაყოფილი უნდა იყოს თემებად და გადანაწილებული ვერტიკალურად. აშშ-ს Pპრეზიდენტია ბარაკ ობამა, არის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, იგივე აშშ-ში კალიფორნიის გუბერნატორი არის რესპუბლიკელი არნოლდ შვარცნეგერი. და ამას ობამა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შეცვლის. ჩვენთან შეუძლებელია ასეთი რამის წარმოდგენაც კი, რომ საქართველოს ერთ რეგიონში იყოს, ვთქვათ, მემარჯვენეები, მეორეში ლეიბორისტები და ა.შ. აქ არის ცენტრალიზებული ავტორიტარული მმართველობა, რომელიც სრულად აკონტროლებს ცენტრიდან მოყოლებული ყველაფერს. ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს, ალბათ, ხელს აძლევს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ გაიზარდოს წარმომადგენლობითი მმართველობა. ისეთები, რომლებიც ნამდვილად მართავენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უნდა შეიქმნას საქართველოში. - რა განსხვავებაა საქართველოში 2006 წლამდე არსებულ თვითმმრთველობებსა და დღევანდელ თვითმმართველობებს შორის? - მთავარი განსხვავება 2006 წელსა და მას შემდეგ არის შემდეგი – პრაქტიკულად ადგილობრივი დონეები გაუქმდა, სოფლების დონე, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რაზეც მე ვისაუბრე. თუ არ შეიცვალა და ისევ ისე გაგრძელდა როგორც აქამდე იყო, ეს სისტემას არ შეცვლის. - რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ შეიცვლება დღეს არსებული ვითარება? - მგონია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა, პოლიტიკური ვითარება ძალიან ბევრ პარტიას უბიძგებს იქითკენ, რომ ეს მოდელი მიიჩნიონ მისაღებად. ეს ერთი და მეორე, მგონია, საზოგადოება მომწიფდა ამისთვის. ოცი წელია მოგვბეზრდა რევოლუციების გზით არჩეული ლიდერები. მათ ვავალებთ ყველაფრის შესრულებას, მაგრამ ასე არ ხდება. მე მგონია, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილში გავრცელებულია შეხედულება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს. მაგრამ მარტო ესეც არ არის საკმარისი, კიდევ ვიმეორებ, საჭიროა რეგიონების წარმომადგენლების გაზრდა ცენტრალურ ხელისუფლებაში, რამაც ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა უბიძგოს რეგიონებში კონფედენციის გადაცემის, აქედან კი თემებში და მუნიციპალიტეტებში.
ესაუბრა თათია ჩაფიჩაძე
|