ნანახია: 823
ლევან მზიანიშვილი
ნუ გეშინიათ, რომ მზის ხვატით გათანგულ ეგვიპტეში გადავინაცვლებთ და ხეოფსის ან ხეფრენის პირამიდაზე მოგითხრობთ. არც სფინქსის გაქვავებული სიდიდით გამოწვეულ განცდებზე ვისაუბრებ. ამ შემთხვევაში პირამიდას ჰქვია "ცენტრ-პოინტი"
ასეთი პირამიდა საქართველოში უამრავია. ბევრი სამშენებლო კომპანია ამ პრინციპით მოქმედებს. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია არაორაზროვნად მიუთითებს: "არასწორია, როდესაც ერთი სახლის ასაშენებლად აღებული თანხით, რამდენიმე სახლის საძირკველი იყრება და მერე უკვე ჰაერს ჰყიდიან. ამის გარდა, დღემდე არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია ანალიზი. რამდენია სხვაობა მშენებლობის თვითღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის. ფასი ხშირად გაბერილია და მიუწვდომელია პოტენციური მყიდველისთვის. ამის გამო, დეველოპერებს ფართის რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ". მიუყხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიებმა წლების განმავლობაში ფართის საბაზრო ღირებულება უსაშველოდ გაზარდეს, პირამიდის პრინციპის გამოყენებას თავი ვერ აარიდეს. დიდი იყო ზემოგების მიღების ცდუნება. ჩვენი სამშენებლო კომპანიების უმეტესობის ღრმა კრიზისი, სწორედ ამან გამოიწვია და არა მსოფლიო საფინანსო კრიზისმა, როგორც ამის წარმოჩენას ზოგიერთი ბიზნესმენი ცდილობს. სხვა შემთხვევაში ძნელი დასათვლელი არ არის, რა ჯდება მშენებლობა. სამშენებლო ბიზნესი არასწორმა მენეჯმენტმა და მართვამ მიიყვანა კრიზისამდე. საბანკო სტრუქტურების წარმომადგენლები კატეგორიულად არ დაეთანხმნენ "ცენტრ-პოინტის" მეპატრონის, მაია რჩეულიშვილის განცხადებას, რომელმაც ბანკებს დააბრალა დეველოპერების დღევანდელი პრობლემები. ექსპერტი ზურაბ გვასალია, პირიქით, ბრალს დეველოპერებს სდებს და იხსენებს სამშენებლო კომპანიების (რომელთა შორის "ცენტრ-პოინტიც" იყო) რეკლამებს ტელევიზიით, სადაც მოქალაქეებს მათ ბიზნესში თანხის განთავსებას სთავაზობდნენ გვარიანი ამონაგებით, რითაც უკვე ბანკების ფუნქციებსაც ითავსებდნენ. მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ხალხის გაკოტრებაში არა ფინანსურ კრიზისს, არამედ საბანკო სექტორს მიუძღვის ბრალი. ყველა ბანკი დეველოპერი გახდა. მათ დააგროვეს ქონება, რომელსაც ვეღარ ჰყიდიან. როცა ადამიანს 20-30%-იან სესხს სთავაზობ, აპრიორი იცი, რომ აკოტრებ, - აცხადებს მაია რჩეულიშვილი. ასეთია ერთი პირამიდის ანატომია. სამშენებლო კომპანიები და მათ შორის, ხელისუფლების ფავორიტი, მისი წამყვანი დონორი "ცენტრ-პოინტი", მხოლოდ რეალობისთვის ანგარიშის გაწევით და სახელმწიფო დონეზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებით თუ შეძლებენ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლას. ბანკებზე თავიანთი ცოდვების გადაბრალებით, ისინი ვერაფერს მიაღწევენ. რაც შეეხება, აქტივების უსაფუძვლოდ გაზრდის სტრატეგიას, რომლის დანერგვა და პროვოცირება ქართულ საბანკო სივრცეში ყოფილი პრემიერის, ლადო გურგენიძის სახელს უკავშირდება, მისი დაძლევაც არ იქნება იოლი. ლადო გურგენიძემ, რომელიც "საქართველოს ბანკს" გასაყიდად ამზადებდა, უამრავი არასაჭირო და დაუსაუბუთებელი აქტივი აჰკიდა ბანკს, გაბერა შტატები, გახსნა უამრავი ზედმეტი ფილიალი, მოუფიქრებლად და წინდაუხედავად, PR-ეფექტის ხიბლით, განათავსა ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. რამდენად იყო ასეთი სტრატეგია პირამიდის ელემენტების შემცველი, ძნელი სათქმელია. თუმცა, "საქართველოს ბანკი" ეს სოლიდური და პერსპექტიული საფინანსო ინსტიტუტი, თავისი დღევანდელი მაღალპროფესიული მენეჯმენტით, ცდილობს გარკვეული გურგენიძისეული არასახარბიელო მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას და იმედია, მას ეს გამოუვა.
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი – "გელაპი"– IPM ანუ სოციოლოგიური პირამიდის ზღაპარი
მჟღერი აბრევიატურა "ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი", ჩვენ ჭეშმარიტების შუქურა რომ გვეგონა, პირამიდის წვერი აღმოჩნდა. ის უკვეთავს კვლევას "გელაპ"-ს, "გელაპი საქართველოში" – IPM-ს. ეს ის IPM-ია, რომელსაც გოჩა ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა და, შესაძლოა, დღესაც ხელმძღვანელობს და მჭიდროდ თანამშრომლობდა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ფრთასთან. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მან, რატომღაც შეწყვიტა სოციოლოგიური კვლევების შედეგების გამოქვეყნება. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს. პირველი, გოჩა ცქიტიშვილი უფრო ზურაბ ჟვანიას ჯგუფთან თანამშრომლობდა, ხოლო მისეილ სააკაშვილის მომხრეებთან და "თავისუფლების ინსტიტუტთან" არაერთგვაროვანი ურთიერთობები ჰქონდა. ჩვენ პერიოდულად გვაცნობდნენ რეიტინგებს "ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის" სახელით, რომელიც ჩვენ უზენაესი თუ არა, ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება მაინც გვეგონა. ეს მაჩვენებლები, რომელიც "რეზონანსის", "კვირის პალიტრის", "ბანკები და ფინანსების" გამოკითხვების შედეგებისაგან განსხვავდებოდა, გამოირჩეოდა ხელისუფლებისათვის მისაღებობითა და ხელსაყრელობით. მერე აღმოჩნდა, რომ ამ ინსტიტუტეს ერთ-ერთ მესვეურია ჯონ მაკკეინი, ხოლო როცა პრობაციის მინისტრად ამ ინსტიტუტში მომუშავე დიმიტრი შაშკინი დაინიშნა და მასვე დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია დაევალა, ყველაფერი ცხადი გახდა. დარჩა ერთადერთი ნუგეში - "გელაპი"-ს საერთაშორისო ავტორიტეტი. როცა IRI-ს ვებ-გვერდი გულმოდგინედ დავათვალიერეთ. ყველა ოცნება გაფერმკრთალდა. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ვარდისფერი ოცნებები – ჩვენ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელით თურმე IPM გვმოძღვრავს...
პირამიდა თუ კონუსი
IPM-ს მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი რეკორდულად დაბალია და მხოლოდ 37%-ს შეადგენს
თუ ვერწმუნებით 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგებს, მიხელ სააკაშვილის 52%-იანი რეიტინგი ჰქონდა. თუ დავიჯერებთ IPM-ს, ეს რეიტინგი 37%-მდე შემცირებულა, რაც თავისთავად საგანგაშო რეალობაა. მეორე ადგილზე გიორგი თარგამაძეა – 18 ან 11%-ით. "პოსტკრიპტუმში" ზუსტად ვერ გავარჩიე. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებ-გვერდზე კი ამ რეიტინგს ვერ მივაკვლიე. ასეა ოფიციოზი ისვრის მონაცემებს და მორჩა. ასე გვეგონა ჩვენ პირამიდა შუქურა. ახლა არ ვიცი, რა ვურჩიო ჩვენს მკითხველს. IRI-IPM-ს დაუჯერონ თუ სხვა გამოკითხვებს, რომლებიც თბილისში ლიდერად ირაკლი ალასანიას აცხადებენ 19-21%-ით. მიხეილ სააკაშვილი მეორეა 14-15%-ით. ლევან გაჩეჩილაძე მესამე 14%-ით. ნინო ბურჯანაძე მეოთხე 9-11%. შალვა ნათელაშვილი მეხუთე 9-10%-ით. ამას გადამოწმება სჭირდება დამოუკიდებელი, შესაბამისად დაფინანსებული სოციოლოგიური კვლევების კომპანიის მიერ.
|