ნანახია: 765
დღეს ეს რეალურია
ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გამომცემლობების შენობები მედია-სტრუქტურებს, გამომცემლობებს და ჟურნალისტურ შემოქმედებით გაერთიანებებს გადაეცა. საქართველოში კი ასე არ მოხდა. ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა არც ერთ ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის არ ემეტებოდა. არგუმენტები ზოგჯერ აბსურდებამდეც მიდიოდა - რატომ უნდა ჩავაყენოთო გამომცემლობები და ჟურნალ-გაზეთების რედაქციები ერთნაირ მდგომარეობაში, ზოგიერთს ექნება უფასო ოფისი, ზოგი კი იძულებული იქნება გარკვეულ ფართში ქირა იხადოს. ასეა, ცინიზმმა არ იცის საზღვრები ოფიციოზის ინტერპრეტაციით. ახლა ხელისუფლება დათმობებზე მიდის. "სამშობლოს" შენობა სხვადასხვა მიზეზების გამო არ გაიყიდა. ხომ არ შეეცდება მთავრობა იმიჯი გაიკეთილშობილოს და "სამშობლო" დააბრუნოს. მერეც იქნება პრობლემები - მედიასახლში, თუ ასეთი რამ ჩამოყალიბდება, ვინ დაიდებს ბინას, ვინც იქ ადრე ბინადრობდა, თუ ვინც იქ ფართს ქირაობდა, ან იქნებ მთავრობა თავის სატელიტ თუ დროულად მათზე მიყიდულ მედიასაშუალებებს დაუთმობს შენობას. თუმცა ამ პრობლემების დარეგულირება ძნელია, მაგრამ შეიძლება. მანმადე კალმოსნები ხელისუფლების ნებას უნდა დაელოდონ. ყველაფერი პოლიტიკური პროცესების კონტექსტში გადაწყდება, საპროტესტო ტალღის დაღმავლობის ან აღმავლობის ფონზე. და მაინც პრობლემის არსში საფუძვლიანად გადავწყვიტეთ გარკვევა და საქმეში კარგად ჩახედულ პიროვნებას, საზოგადოებისთვის ცნობილ ჟურნალისტს გიგლა გობეჩიას ვთხოვეთ დახმარება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. - ბატონო გიგლა, საიდან იწყება "სამშობლოს" პრობლემა და რა პრეისტორია უძღოდა მისი გაყიდვის თემას? - გამომცემლობა "სამშობლო" ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის სამართალმემკვიდრეა. ამ შენობაში განთავსებული იყო მაშინდელი მედიაგამოცემების რედაქციები _ "ახალგაზრდა ივერიელი", ახლანდელი "საქართველოს რესპუბლიკა", "ნერგი", "იბერია-სპექტრი" და სხვა ასამდე გამომცემლობა. ამ ტიპის გამომცემლობები საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, 14 რესპუბლიკაში, იქ განთავსებული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს თავიანთი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ერთადერთი გამონაკლისი ამ საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო იყო, რომლის მმართველობაში მოსულმა სამხედრო საბჭომ, მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო. მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 კაციანი სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც 2 წლის ვადაში ქონებრივი საკითხების ობიექტურად გარკვევა დაევალა. კომისიის მუშაობის შემდეგ, მიღებული წინადადების განხილვა 1992 წელს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, განხილვას აფხაზეთში დაწყებულმა ომმა, მისმა შედეგებმა და სამოქალაქო ომის წინაპირობებმა შეუშალა ხელი. იქ მომუშავე ჟურნალისტებმა ზნეობრივად გამართლებულად არ ჩავთვალეთ, რომ ქონების დავა გაგვეახლებინა და ამისთვის უკეთესი დროის დადგომას დაველოდეთ. ჩვენი დუმილით მაშინდელმა შევარდნაძის ხელისუფლებამ ისარგებლა და ცოტა ხანში იქ განთავსებულ რედაქციებს დავა აქეთ დაგვიწყო. მათი თქმით, ვითომ, ამ შენობაში არასდროს ჩვენ არ ვყოფილვართ და იქ უკანონოდ ვიყავით შესულები. ჩვენ ყველა რედაქციას, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ამ შენობაში ვმუშაობდით, ამის იურიდიულად, სასამართლოს მეშვეობით სიმართლის დამტკიცება მოგვიხდა. გამომცემლობა "სამშობლო" საზოგადოების საკუთრებაა. კომპარტიის დროს ეს შენობა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ის კომპარტიის საკუთრებას წარმოადგენდა. უკვე 1995-1996 წლებში, ჩვენ საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტს მივმართეთ, კერძოდ, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეც მწერალი რომან მიმინოშვილი იყო. ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიმინოშვილი ჟურნალისტებს ათჯერ მაინც შეგვხვდა. მაშინ, პრესის ქვეკომიტეტს დღევანდელი ცნობილი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. იგი თავის გამოსვლებში, ჩვენს გამომცემლობა "სამშობლოში" მოღვაწეობას ყოველთვის ადასტურებს. ზუსტად იმ პერიოდში უკვე საკითხი გადაწყვეტილი იყო, რომ გამომცემლობა იქ მყოფ რედაქციებს ჩვენი ფართებით გადმოგვცემოდა, მაგრამ ამას რომან მიმინოშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვამ შეუშალა ხელი. შემდეგ დავის გაგრძელება ისევ სასამართლოს გზით მოგვიხდა. ჩვენ ეს ხანგრძლივი სასამართლო პროცესი 2003 წლის აპრილში მოვიგეთ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშიც შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კომისია უნდა შექმნილიყო, რომელიც შენობის საერთო ფართობიდან ჩვენს მიერ დაკავებულ მაშინდელ ფართს დაადგენდა. ეს ფართი კი დაახლოებით 2800-3000 კვ.მ-ს შეადგენდა. მთლიანი შენობის ფართი კი 25 000 კვ.მ იყო. გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვარდების რევოლუციის გამო არ აღსრულდა. მანმადე შევარდნაძის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ და ქონების მართვის მაშინდელმა მინისტრმა სოლომონ პავლიაშვილმა, ურთიერთ მიმოწერის საფუძველზე გამომცემლობა ორ ნაწილად გაყვეს. გამომცემლობა "სამშობლოს" ის ნაწილი მიაკუთვნეს, რომელშიც ჩვენ ვიყავით განთავსებული. მეორე ნაწილს, გამომცემლობა "ნაპირს" კი ის მიაკუთვნეს, სადაც სასტამბო მოწყობილობა იდგა. ეს მეორე ნაწილი თავის დროზე იმისთვის აშენდა, რომ ჟურნალისტები გადავსულიყავით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ეს აღარ მოხერხდა. შემდგომ პირდაპირი მიყიდვის წესით შენობის მეორე ნაწილი, თავის მიწის მნიშვნელოვანი ნაკვეთით, სიმბოლურ ფასად "ცენტრ-პოინტს" მილიონ რვაასი ათას ლარად მიყიდეს. 3,5 ჰექტარი მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ასეთ ფასად გაიყიდა. იქ განთავსებული ძვირადღირებული სასტამბო დანადგარები კი ჯართად ირანში გაიყიდა. - რა შეიცვალა ვარდების რევოლუციის შემდგომ? - ვარდების რევოლუციის შემდგომ ამ შენობის გასხვისებაზეც დაიწყეს ფიქრი. 2007 წელს 10 აგვისტოს გამთენიისას ცინიკურად, დამცირებით და ძალადობით ყველანი შენობიდან გამოგვყარეს. 90-იან წლებში ჩვენი სასამართლო დავის პარალელურად გამომცემლობის გამოთავისუფლებულ ოთახებში არაერთმა მედიასაშუალებამ დაიწყო დამკვიდრება. გაზეთებმა, ჟურნალებმა, საინფორმაციო სააგენტოებმა და ა.შ. დაახლოებით, ასამდე გამომცემლობა ვიყავით შენობაში. ჩვენ, ვინც ოდითგანვე ამ შენობაში ვმოღვაწეობდით, სახელმწიფოსთან შენობაში ყოფნის ხელშეკრულება არ გვქონია, ხოლო ვინც გამომცემლობაში ფართი იქირავა, ყველას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული სახელმწიფოსთან და ქირას ისე იხდიდნენ. ბევრმა მათგანმა ნაქირავები ოთახები საკუთარი სახსრებით გაარემონტა. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ ხელშეკრულება ასეთი ფორმით დაირღვეოდა. თუმცა, ჩვენთან ერთად ისინიც ქუჩაში აღმოჩნდნენ და მათი უფლებებიც დაირღვა. რედაქციებს გაგვინადგურდა ტექნიკა და არქივი, ისევე როგორც ტელეკომპანია `კავკასიას~. ჩვენ ისე დაგვარბიეს, თითქოს საშიში დამნაშავეები ვიყავით. ყველაფერი დაგვილეწეს, გაგვინადგურეს და შენობა ალყა შემორტყმული იყო. ჩვენ იმ დროს იურიდიული და მორალური თვალსაზრისითაც შეგვეძლო ჩივილი, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში უფრო ნახავდა კაცი სამართალს, ვიდრე დღეს. ამიტომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა ჩივილს სასამართლოში. რედაქციის წარმომადგენლებს კახა დამენიასთან შეხვედრა გვქონდა და მან გამოგვიცხადა, რომ შენობის გაყიდვა 20 მილიონად შეეძლოთ. რედაქციებს კი, თუ სურვილი გვქონდა, იქ მედიასახლი შეგვექმნა. მათ შეეძლოთ ამ ფასად შენობა ჩვენთვის მოეყიდათ. რედაქციის წარმომადგენლებს არ შეგვეძლო ამხელა თანხის გადახდა და გვირჩიეს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ნოღაიდელს დავლაპარაკებოდით, მაგრამ გულისხმიერება არავის არ გამოუჩენია, მათ შორის არც ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ ქვეყნის მეორე პირი იყო. ხელისუფლებამ ჩვენი გამოყრის შემდეგ შენობის გაყიდვაზე ფიქრი აქტიურად დაიწყო. ამ შენობის ყიდვაზე ბადრი პატარკაციშვილმა უარი თქვა. მან ჟურნალისტების ცოდვა არ დაიდო. სხვათაშორის, 1992 წელს ამ შენობას ჯაბა იოსელიანმაც არ ახლო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა და ამ შენობით იყო დაინტერესებული. მან ჟურნალისტები დაინდო. შევარდნაძის დროსაც არავინ მოგვქცევია ასე ბარბაროსულად, მაშინ სასამართლოც მოვიგეთ. უბრალოდ, ვარდების რევოლუციით მოსული მთავრობის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, 2003 წელს შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ იქ ადრე განთავსებულ ჟურნალისტებს ეს შენობა გადმოგვცემოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ კანცელარიაში ეს დოკუმენტი სად გააქრო, ამას ვერაფრით მივაკვლიეთ. ერთ-ერთი ინვესტორი, ვისაც ეს შენობა მისაყიდად შესთავაზეს, ქართული წარმომავლობის თურქი ბიზნესმენი იყო. თუმცა როგორც კი ყველა ინვესტორი იგებდა, რომ ეს ის შენობაა, საიდანაც ჟურნალისტები გამოყარეს და ეს ფაქტი მთელი ევროპისთვის ცნობილია, მას აღარავინ ყიდულობდა. ანუ მოხდა ისე, რომ ინვესტორი არ გამოჩნდა, ვინც ამ შენობას იყიდიდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ შენობის ქვევით მეტროს კომუნიკაციებია განთავსებული და თუ რომელიმე ინვესტორს რეკონსტრუქტურიზაციის გაკეთება მოუნდებოდა, ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. დღეს ომის შემდეგ შენობაში ლტოლვილები ცხოვრობენ და შენობა აბსოლუტურად გაპარტახებულია. ამ შენობის გაყიდვის პერსპექტივა დღეს არ არსებობს. ჩვენ ყველა ინვესტორს ვაფრთხილებთ, თუ ვინმე ამ შენობას იყიდის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მას ყველა იმ დოკუმენტის საშუალებით, რაც გაგვაჩნია იურიდიულად დავუმტკიცებთ, რომ უკანონოდ აქვს ნაყიდი. მთელი 27 წელი გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში ვმუშაობდი. ჩვენ ისე გამოგვყარეს შენობიდან, რომ არ აინტერესებდათ არაფერი და ერთ დღეში გვთხოვდნენ შენობის დაცლას. - რატომ არ შეიტანეთ სარჩელი სტრასბურგში? - სტრასბურგში ვეღარ შევძელით ჩივილი, რადგან ფინანსებთან იყო დაკავშირებული ეს ყოველივე. ამასთან, ყველა რედაქციამაც არ მოინდომა მონაწილეობის მიღება. იმის გამო, რომ შენობიდან გამოგვყარე, ბევრმა რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. დღეს სახელმწიფომ საშუალება თუ მოგვცა, ჟურნალისტთა გარკვეულ ჯგუფს, ვინც ამ საქმეში ჩახედული ვართ, სრული ობიექტურობის დაცვით და გამჭვირვალობით ქართულ მედიასივრცეში ევროპული სტანდარტების დონის მედიასახლის შექმნა შეგვიძლია, რომელიც ყველასთვის ღია იქნება, თავისი მმართველობითი საბჭოთი და ყველა ეკონომიკური პარამეტრის გათვლით. ჩვენ მზად ვართ, შენობა რეალურ ფასად შევისყიდოთ. იქ ყველა რედაქციას საშუალებას მივცემთ, ვინც ქირის რეჟიმით მუშაობს, შემოგვიერთდეს. ჩვენ საკუთარ სტამბასაც გავაკეთებთ, სადაც რედაქციებს შეღავათიან ფასად გაზეთის ბეჭდვა შეეძლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება საშუალებას არ გვაძლევს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო შევქმნათ. - მიმართეთ თუ არა პარლამენტს. დღეს ხომ, ოპოზიციის გააქტიურების ფონზე, თითქოს ყველაფრის გამოსწორება ხდება. მწერლებს ფორმალურად მწარალთა სახლი დაუბრუნეს, იქნებ თქვენც დაგიბრუნონ "სამშობლოს" შენობა? - ჩვენ მივმართეთ ანტიკრიზისულ საბჭოს. ცაგარეიშვილმა და თორთლაძემ მხარი დაგვიჭირეს, წერილობით უკვე გადაცემულია პრეზიდენტისთვის ჩვენი მოთხოვნა, ვნახოთ, სააკაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მისცა. სახელმწიფოს უბრალოდ არ სურს მედიასახლის შექმნა, რადგან მას გაერთიანებული მედიის ძალის ეშინია. ქრისტიან-დემოკრატებმაც მხარდაჭერა აღგვიქვეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ობიექტურობას გამოიჩენს. და ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი, სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საერთაშორისო მხრიდან პრეზიდენტს ძალიან დიდი დაწოლა აქვს, იმის გამო, რომ მედიას ასე ბარბაროსულად მოექცა. რაც სააკაშვილმა ჩვენ გაგვიკეთა, მსგავსი ფაქტი არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა მედიის მიმართ. ამ შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ შემდეგი მოთხოვნები გვაქვს. პირველი - ესაა პრეზიდენტის კეთილი ნება, მეორე - გრძელვადიანი იჯარა, გამოსყიდვის ნებართვა და რეალური კრედიტის მოცემა, რომელსაც ჩვენ ნელ-ნელა გადავიხდით. ჟურნალისტები მთავრობას ვთავაზობთ, იმ ლტოლვილთა ოჯახების დაბინავებას, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ. თავის დროზე ჩვენ დავეხმარეთ მათ, რომ ამ შენობაში შესახლებულიყვნენ. სახელმწიფო ორგანოებიც კი ხელს უშლიდნენ და არ უნდოდათ ლტოლვილების შეშვება. დღეს ეს შენობა ისეთი გაპარტახებულია, რომ ელექტროგაყვანილობებიც კი მწყობრიდან არის გამოსული. რეალურად შენობის დღევანდელი ღირებულება 3-4 მილიონზე მეტს არ შეადგენს. დღევანდელ ხელისუფლებას თუ შეუძლია, რომ გარკვეულ პიროვნებებს სიმბოლურ თანხად პირდაპირი მიყიდვის წესით რაიმე ობიექტი მიყიდოს, რატომ არ შეიძლება ჩვენც ამ შენობის ყიდვის საშუალება მოგვცენ?
ადა ექიზაშვილი
|