ნანახია: 6392
ინფორმაციას "გუდვილის" გაკოტრებისა და მისი შესყიდვის განხორციელებაზე "პოპულიში" არ ადასტურებენ
სუპერმარკეტებში გაყიდვები შემცირდა
გლობალური ფინანსური კრიზისი საქართველოში თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ამ ფონზე მსხვილ სუპერმარკეტებში საქონლის რეალიზაცია, მიწოდება და გაყიდვებიც შემცირდა. ბოლო დროს გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია მსხვილი სუპერმარკეტების გაკოტრებასა თუ გასხვისების შესახებ. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, "პოპულის" პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ფინანსური პირამიდის პრინციპით მოქმედებაში ამხელენ. მიმწოდებლები სავაჭრო ობიექტებიდან გაყიდული პროდუქციის საფასურს ვერ იღებენ. კერძოდ, კომპანია არ ისტუმრებს მომწოდებლების ვალებს და თანხას სხვა ობიექტების გასახსნელად იყენებს. მომწოდებლების "პოპულიდან" გაუსვლელობის ერთ-ერთი მეთოდი კი ის არის, რომ პროდუქციის გასაღება-გაუსაღებლობის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, თანხას მაინც ანაზღაურებენ. საუბრობენ "პოპულის" გაკოტრებაზეც. თუ რა მდგომარეობაა "პოპულიში" და როგორ აგრძელებს სუპერმარკეტი მუშაობას, ამის თაობაზე გაზეთი "ბ&ფ" სუპერმარკეტის გენერალურ დირექტორს ბატონ არჩილ მელიქაძეს ესაუბრა. "კრიზისის ფონზე "პოპულიში" გაყიდვები, რა თქმა უნდა, არ გაზრდილა, მაგრამ პრაქტიკულად, გაყიდვების მნიშვნელოვანი კლებაც არ ყოფილა. "კრიზისის გამწვავებამდე გაყიდვები ყოველთვიურად გვეზრდებოდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ეს რამდენიმე თვეა საქონელზე გაყიდვები არ მატულობს. თუმცა მნიშვნელოვნად არც შემცირებულა. კრიზისის ფონმა ძირითადად შემოსავლები შეგვიმცირა, ამის გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ ხალხი უფრო იაფ საქონელს ყიდულობს და შედარებით ძვირისგან თავს იკავებს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პოპული" კოტრდება ტყუილია", - ამბობს ბატონი მელიქაძე. მისივე განცხადების თანახმად, "პოპულს" მომწოდებლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ჩვენ მომწოდებლებს ფული რომ არ გადავუხადოთ, პროდუქტს არ მოგვაწვდიან. შესაბამისად, მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მომწოდებლებს დაუკავშირდეთ და ჩვენს ურთიერთობებზე ჰკითხოთ. ჩვენი კომპანია 8 წელია არსებობს და არც ერთ მომწოდებელთან პრობლემა ჯერ არ გვქონია. მათ შორის არც "ბაგრატიონთან", რომელზეც ამბობენ, რომ ვითომ ფულის არგადახდაზე გვიჩივიან. ჩვენ საკუთარი მოგების ხარჯზე ვფართოვდებით". "პოპული"-ს წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ აპირებენ ჰიპერმარკეტ "გუდვილის" შეძენას. ჩვენთვის ასევე კულუარული ინფორმაციის დონეზე ცნობილი გახდა, რომ "გუდვილი"-ს გოგი შევარდნაძე, რომელიც დიდხანს სათავეში ედგა სარფის საბაჟოს ასლან აბაშიძის დროს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გვარიანად შეავიწროვეს და, როგორც ამბობენ, მის მიმართ გატარდა 2004-2005 წლებისთვის დამახასიათებელი ღონისძიებები (რეკეტი, ჩაწილება და ა.შ.) ბუნებრივია, "გუდვილში" ასეთ ინფორმაციებს არ ადასტურებენ. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გაყიდვების სტიმულიერბისთვის ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მარკეტინგის სამსახური ცვლილებებზე მუშაობს. "გუდვილში" ფასდაკლების ბარათებისა და საბონუსე სისტემების ამოქმედების სახით. ჰიპერმარკეტი "გუდვილის" პრეს-სამსახურის უფროსმა ნატო დარჩიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ "ეკონომიკური კრიზისის გამო შარშანდელთან შედარებით, გაყიდვების 20% მოგება დაგვაკლდა. ზრდის იმ ტემპს, რაც დაგეგმილი გვქონდა, ვერ მივაღწიეთ, თუმცა ჩვენ გაყიდვებში სერიოზული კლება არ გვქონია. მტკნარი სიცრუე და არ ვიცი ვისი მხრიდან აგორებული ჭორია, რომ "პოპული" "გუდვილს" ყიდულობს. ჰიპერმარკეტი "გუდვილი" აბსოლიტურად სხვა სტრატეგიის კომპანიაა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და კომპანიის გაფართოების მიმართულებით ვმუშაობთ". ჰიპერმარკეტებსაც და სუპერმარკეტებსაც ხელისუფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ აფინანსებს. როცა "პოპული"-ს ქსელი "საქართველოს ბანკმა" შეიძინა, ამის სიმპტომები მაშინვე გამოჩნდა. თუმცა სქემები, რომლებიც მუშაობს, იმდენად დახვეწილია, რომ პირდაპირი ხელშეკრულების დაფიქსირება ჭირს. თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი კი არც თუ დიდი ქალაქი და ყველა ყველას ბიზნესის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. ეს თემა იმითაც არის აქტუალური, რომ მთელს მსოფლიოში კვების პროდუქტებზე ფასები იკლებს, ჩვენს სუპერმარკეტებში კი არა. ესეც მიუთითებს ამ სფეროს მონოპოლიზებასა და ხელისუფლებასთან კავშირზე.
ადა ექიზაშვილი
|