ნანახია: 1049
ლაშა ჟვანიას დაპირება ფარსი აღმოჩნდა
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზების გაუქმების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის - მარტის ბოლოს აუქციონი ახალი პირობებით ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქ რაიმე ნოვაციასთან სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე უბრალოდ შეჩერებული იყო. სიახლე მხოლოდ ის იქნება, რომ ლიცენზიები არა ოცი, არამედ ხუთი წლით გაიცემა, ოღონდ ახალი პირობებით, ლიცენზია გაიაფდება და მისი შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ახალ პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს. სამინისტრო პირობას დებს, რომ ამ ერთ თვეში ტყეების ინვენტარიზაცია მოესწრება და ახალი ლიცენზიები უკვე ინვენტირებულ ტყეებზე გაიცემა. ეს განცხადება გარემოსდამცველებს უსაფუძვლოდ და არარეალურად მიაჩნიათ, რადგან ხანგრძლივვადიანი პროცესის ერთ თვეში მოსწრება წარმოუდგენელია. ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ სამინისტროს მიერ 5-წლიანი ლიცენზიების გაცემა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების სურვილით იყოს ნაკარნახევი. ასე რომ ყოფილიყო, სულ მცირე, სამინისტრო საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც ჩააყენებდა საქმის ყურში. გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებას არც ადგილობრივი მოსახლეობის და არც სამოქალაქო სექტორის აზრი არ გაუთვალისწინებია. სამაგიეროდ, აუქციონების გაგრძელება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში არ ადასტურებენ: "თუ ეკონომიკის სამინისტრომ 20-წლიანი ლიცენზია 5-წლიანით შეცვალა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ", - ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი თამარ მეფარიშვილი. ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განაცხადებით, ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის არავითარი შეთანხმება არ არსებობს, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროში ლიცენზიის ახალ ვადებსა და პირობებს არ იზიარებენ. თანაც, 20-წლიანის 5-წლიანით შეცვლის ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. კითხვაზე, მიიღო თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ გარემოს დაცვის სამინისტროდან სალიცენზიო პირობებზე თანხმობა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში უპასუხეს, - ალბათ, მიიღოო. და აქვე განმარტეს, რომ ახალ აუქციონზე უკვე ინვენტირებული ტყის ფართობები გამოვა. ტყეების ინვენტარიზაცია მრავალი წელია არ ჩატარებულა და შესაბამისად, არავინ იცის, სამინისტრო რას და როგორ მდგომარეობაში ყიდის. საქართველოს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის პაპუნა ხაჩიძის განცხადება, რომ შესაძლოა, ტყის ინვენტარიზაცია მარტის ბოლომდე დასრულდეს, ამ პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სპეციალისტებს აბსურდად მიაჩნიათ. ამდენად, არ არის მართალი ეკონომიკის სამინისტროს განცხადება, რომ ახალ აუქციონზე უკვე ინვენტარიზებულ ფართობებს გამოიტანენ. აბსურდულ და კომიკურ სურათს ვიღებთ: ეკონომიკის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს იმოწმებს ახალი სალიცენზიო პირობების შემუშავებაში, გარემოს დაცვა ამას არ გვიდასტურებს და აცხადებს, რომ ლიცენზიის პირობები და აუქციონზე გასატანი ტყის ფართობები ძველი პირობებით გადაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ორივე სამინისტრო და სატყეო დეპარტამენტიც დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ ინფორმაციას აძლევს, რაც ამ უკანასკნელის უკმაყოფილებას არ გამოიწვევს და ამით დროებით მაინც შეაჩერებს მათგან მოსალოდნელ არასასურველ რეაგირებას. დაახლოებით ერთი თვის წინ, სატყეო დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიის მფლობელები შეიკრიბნენ და ერთად განიხილეს ტყითსარგებლობის გეგმების პროექტები. აღმოჩნდა, რომ ლიცენზიანტებს არ აქვთ შესრულებული მთელი რიგი სალიცენზიო პირობები, რომელიც მოცემულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #132 დადგენილების `ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ~ დებულებაში. ლიცენზიის აღებიდან გავიდა წელიწადი და 9 თვე და ლიცენზიის მფლობელებს არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებიათ უკანონო ჭრებისგან ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დასაცავად. გარემოს დაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ასოციაცია "მწვანე ალტერნატივამ" საქმის ყურში ჩააყენა და კიდევ ერთხელ წარუდგინა დარღვევათა და შეუსრულებელ პირობათა არგუმენტირებული ჩამონათვალი. მიზანი კი ასეთი იყო: ვინაიდან არ არის შესრულებული სალიცენზიო პირობები, უნდა დადგეს ლიცენზიის მფლობელთა პასუხისმგებლობისა და ამ ლიცენზიების გაუქმების საკითხი. ამის პასუხად კი გარემოს დაცვის სამინისტრო კი არ აჩერებს ლიცენზიების გაცმის პროცესს, პირიქით, კვლავ აწვდის ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო ტენდერის პირობებსა და ტყეკაფის ჩამონათვალს. შესაბამისად, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ დამდგარიყო დღის წესრიგში. "გარემოს დაცვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა ტენდერის პირობები, ხოლო რა ვადით გაიცემა ლიცენზიები, ამასთან ჩვენს სამინისტროს არავითარი კავშირი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მას ვერანაირ ნებართვას ვერ მვცემდით," - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ მეფარიშვილი. ამ საქმეში არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც შექმნილ ბუნდოვან ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. პარლამენტში გაიმართა გარემოს დაცის კომიტეტის სხდომა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა უპასუხეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ამ სხდომაზე აცხადებდა, რომ არავითარი შეთანხმება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის სალიცენზიო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებით არ ყოფილა და ის ინფორმაცია, რომ 5-წლიანი იჯარით გაიცემა ტყეები, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ინფორმაცია არსებობს და მას, ოფიციალურად სამინისტროში ადასტურებენ. აქვე გვითხრეს, რომ მუშაობა მიმდინარეობს სალიცენზიო პირობებზე, რაც კანონმდებლობით, უშუალოდ გარემოსდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. კომიტეტის სხდომაზე კი სატყეო დეპარტამენტის უფროსი პაპუნა ხაჩიძე აცხდებს, რომ ეკონომიკის სამინისტროდან მოთხოვნა სალიცენზიო პირობების შეცვლის, ან ახალი შედგენის შესახებ, არ შესულა. ირაკლი მაჭარაშვილის ინფორმაციით, - "ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმება ლიცენზიების ახლი პირობებით გაცემის შესახებ, არ არსებობს. ამ ინფორმაციას არც სატყეო დეპარტამენტში ფლობენ. თუმცა, ვიცი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის მომხრე 5-წლიანი ლიცენზიების გაცემისა, მით უმეტეს, რომ ამ ლიცენზიის პირობები არ არის შემუშავებული. ამდენად, ჩემთვის უცნობია ლაშა ჟვანიას განცხადების საფუძველი ლიცენზიების გაცემის შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ გარემოს დაცვის მინისტრს, რომ ერთად გვემუშავა ახალ სალიცენზიო პირობებზე და ის ამაზე დაგვთანხმდა. თანაც განაცხადა, რომ ვიდრე ინვენტარიზაცია არ მოხდება, საქართველოში ერთი ხეც არ მოიჭრება." რაც შეეხება სატყეო დეპარტამენტს, მისი უფროსის თქმით, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის სალიცენზიო პირობებზე შეთანხმება არ არსებობს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა არსებული პირობებით ლიცენზიების გაცემის სასტიკი წინააღმდეგია. გოგა აბრამიშვილი
|