ნანახია: 2118
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება, უკვე დაიწყო. პროცესი 5 თებერვალს დაიწყო და 20 მარტამდე გასტანს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში გადიან, სკოლადამთავრებულები კი რესურსცენტრებში. გარდა ამისა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ინტერნეტის მეშვეობით გააკეთონ განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ. უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით ჩასარიცხი სავალდებულო გამოცდები წელსაც იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო. ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. თუმცა წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში რამდენიმე სიახლეა. კერძოდ - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულით განისაზღვრა, უცხო ენებისთვის კი 20 ქულით. ეს ცვლილება იმით აიხსნება, რომ ოთხი წლის მონაცემებმა ცხადყო იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც 26 ქულაზე ნაკლებს იღებდნენ და ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჩაჭრილების რაოდენობისაგან. ეს რეალობა და სტატისტიკა გახდა სწორედ გამსვლელი ქულის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სიახლეები წინა წლებთან შედარებით ეხება უცხო ენის გამოცდას. იმ ფაქტმა, რომ წელს უმაღლეს სასწავლებლებს უცხო ენის არჩევის საშუალება ინდივიდუალურად მიეცათ, აბიტურიენტები საკმაოდ შეაშფოთა. თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ სამმა უმაღლესმა სასწავლებელმა ისარგებლა. დანარჩენი სასწავლებლებისთვის ფაკულტეტის მითითებისას აბიტურიენტი კვლავ თავად ირჩევს სასურველ უცხო ენას. თუFფაკულტეტის მიერ ორი ან მეტი უცხო ენაა მითითებული, აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე გამოცდიდან ის ერთ-ერთი გამოცდა ჩააბაროს, რომელსაც თავად აირჩევს. ცვლილებებია საბუნებისმეტყველო ტესტის ფორმატთნ დაკავშირებითაც. ტესტი, როგორც უკვე ვიცით, შედგება ორი ნაწილისგან – ინტეგრირებული და საგნობრივი ნაწილისგან. წელს უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საგნობრივი ნაწილის მიხედვით აერჩით საბუნებისმეტყველო მეცნიერების ტესტი. თუ ფაკულტეტი არ მიუთითებს ტესტს კონკრეტული საგნის ნაწილის მიხედვით, აბიტურიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რომელი საგნობრივი ნაწილით სურს ტესტის ჩაბარება. (მაგ.სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა საგნობრივ ნაწილად ბიოლოგია, ფარმაციის ფაკულტეტზე კი საგნობრივ ნაწილად ქიმია აირჩია.) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად არჩევითი გამოცდებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ამ გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ იმ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად, რომელთაც მიუთითეს არჩევითი გამოცდები. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფაკულტეტი მისაღები კონტიგენტის ფარგლებში თითოეული არჩევითი საგნისთვის კვოტებს აწესებს. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდება – ინტეგრირებულ ნაწილში აბიტურიენტს შეუძლია მოაგროვოს 75 ქულა, თითოეულ საგნობრივ ნაწილში – 25 ქულა, რომელიც ჯამში 100 ქულას შეადგენს. აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს სასწავლო წლის დასრულებამდე უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებულები კი – რესურსცენტრებში. ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო საშვი პირადობის მოწმობასთან ერთად აბიტურიენტისთვის იქნება საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. არ შეცვლილა დაფინანსების წესი. სახელმწიფო გრანტი წელსაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა და დაფინანსება კვლავ სრული და ნაწილობრივი იქნება, თუ აბიტურიენტი გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მის მიერ მითითებულ ყველა გამოცდაში და ჩაირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გაიზარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა და წელს ის ერთი სასწავლო წლისთვის უკვე 2250 ლარს შეადგენს. გრანტის მიღების შემთხვევაში სხვაობა ოდენობასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიერ დადგენილი სწავლების საფასურს შორის დაფინანსდება, რომელიც სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს. იმათ, ვინც ჩაირიცხებიან, მაგრამ ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, თავად მოუწევთ საკუთარი გაზრდილი გადასახადის დაფარვა. სახელმწიფო გრანტი განისაზღვრება ჩვეულებრივ 30, 50, 70, 100 პროცენტიანი დაფინანსებით. 2009 წელს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა როგორც საგრანტო, ისე კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხ კონკურსშიც. ამასთან საგრანტო კონკურსი ფაკულტეტებზე რეგისტრირდება უმაღლეს სასწავლებელში, ჩარიცხვის კონკურსისთვის კი – რესურსცენტრში ან შესაბამის სარეგისტრაციო პუნქტში. წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის აკრედიტაცია გაიარეს შემდეგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - სდასუ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი `ალმა-მატერი~, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და სხვა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც სწავლის გაგრძელება წლევანდელ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, ვის რა საშუალება გააჩნია. წელს სწავლის საფასურმა კერძოსთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც მოიმატა. მათი ფასი 1500-დან 2250 ლარამდე გაიზარდა, რასაც სტუდენტთა უკმაყოფილება მოჰყვა. აბიტურიენტებისა და უკვე ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო ნორმებს და მათ კურსდამთავრებულებს არ აქვთ მუშაობის დაწყების რეალური პერსპექტივა (შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში). განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდები უახლოეს მომავალში პერმანენტული აქციების ჩატარებასაც კი აპირებენ, რათა არსებული კრიზისის ფონზე, მაშინ როცა ბანკები სტუდენტურ სესხებსაც კი აღარ გასცემენ, არათუ გაძვირდეს გადასახადი, არამედ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მათ სათანადო ცოდნის მიღებაში და შექმნას კონკურეტუნარიანი გარემო კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებს შორის.
თათია ჩაფიჩაძე
|