
დღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებს და ლექტორებს შეხვდა, მრგვალი მაგიდის თემა კი საქართველოში ფიჭური კავშირგამბულობის ბაზრის სადღეისო მდგომარეობა და სატარიფო პოლიტიკის შეფასება იყო. ორგანიზაციის მხრიდან უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა „აფბას“ მიერ ჩატარებული კვლევის – „ფიჭური კავშირგამბულობის ბაზარი საქართველოში“ – ფარგლებში მომზადდა, ეს დოკუმენტი კი საფუძვლად დაედო საქართველოში მობილური ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის მაღალი ტარიფის შეცვლის პროცესს. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ კვლევა „ფიჭური კავშირგამბულობის ბაზარი საქართველოში“ 2010 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. ამ კვლევის თანახმად, საქართველო მობილური კავშირის მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ ადგილს იკავებდა, ხოლო, მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილზე იყო. ასეთი რეიტინგით, საქართველო დიდ ბრიტანეთს, ამერიკას, საფრანგეთს, იაპონიას და კანადას აღემატებოდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტ ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, დღესდეობით საქართველოში მობილურით საუბარი გაცილებით იაფია, ვიდრე ეს აქამდე იყო, თუმცა მოცემულობა მაინც უნდა განვიხილოთ კომპანიების მხრიდან შემოთავაზებულ სხვადასხვა აქციის ფარგლებში, ხოლო საბაზისო ტარიფი კი მაინც მაღალია. „აფბას“ პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მიღწეული შედეგით არ დაკმაყოფილდება და მობილური ბაზრის მონიტორინგს ისევ გააგრძელებს. ნოდარ ჭიჭინაძის შეფასებით, ქართულ მობილურ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ისევ არსებობენ, თუმცა წარსულისაგან განსხვავებით, ისინი თავიანთ მდგომარეობას ბოროტად აღარ იყენებენ.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში შეხვედრაზე 2011 წლის აქტიურობებზეც ისაუბრა და აუდიტორიას 2012 წლის მიმართულებებიც გააცნო. „აფბამ“ გააჟღერა ინფორმაცია 2012 წელს ახალი კვლევის დაწყების თაობაზეც. კერძოდ, 2012 წლის პირველ ნახევარში მომზადდება დოკუმენტი „კონკურენტული გარემო ქართულ ბიზნესში,“ რომლის შექმნაშიც აქტიურ მონაწილეობას ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. „აფბა“ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის დადების ინიციატივითაც ფგამოვიდა, რომლის საფუძველზეც უფრო აქტიური გახდება ორგანიზაციის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობა და სტაჟირება. იქნება თუ არა „აფბა“ ახალი კვლევა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტთან ერთად მომზადებული ერთობლივი დოკუმენტი, ეს საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
,,გაუ"–ში შეხვედრის მონაწილეებს ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბატონი მაიკლ ქაუგილი მიესალმა. შეხვედრას დაესწრო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ბატონი ზაზა რუხაძეც. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიაც გაიმართა.
არჩილ კაიკაციშვილი