ნანახია: 1757
საქართველოში კინოთეატრების ბიზნესმა კარგა ხანია დაიმკვიდრა თავი. ქართული კინოთეატრები კარგა ხანია აღარ უჩივიან მაყურებლის სიმცირეს. კინოთეატრებში ნაჩვენები ფილმები მაყურებლის ყველა ფენაზეა გათვლილი, თუმცა კონოდარბაზების ხშირი სტუმარი ახალგაზრდები არიან. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა ბიზნესსექტორზე იქონია გავლენა და გამონაკლისი არც კინოთეატრების ბიზნესია. თუკი კინოთეატრ "რუსთაველის" ყოველწლიური ზრდა 20-% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი სტაბილურ დონეს ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, კინოთეატრი მაყურებელს მუდმივ სიახლეებსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. არსებული ვითარებისა და მომავალი სიახლეების შესახებ კინოთეატრ "რუსთაველის" მარკეტინგის მენეჯერს დევი გვახარიას ვესაუბრეთ. - ბატონო დევი, როგორ იმოქმედა და მოქმედებს ეკონომიკური კრიზისი კინოთეატრ "რუსთაველზე"? - რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა ბიზნეს სექტორზე იქონია გავლენა, პირდაპირ თუ ირიბად და ამ შემთხვევაში არც კინოთეატრის ბიზნესი არის გამონაკლისი. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სერიოზული შემცირება არ დაფიქსირებულა, ანუ კინოთეატრი გადის სტაბილურ შემოსავლების დონეზე უმნიშვნელო გადახრით. ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კინოთეატრის ფასები მაინც დაბალ და საშუალო ფასად ითვლება და მისი მომხმარებელი ფართო მასაა. თუმცა ამას სხვა კუთხითაც შეიძლება შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროგნოზებით კინოს უნდა ჰქონოდა საშუალო ყოველწლიური 20%-იანი ზრდა, ახლა კი სტაბილურ დონეს ვინარჩუნებთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს იმ არასასურველ მდგომარეობად, რომელშიც ჩვენ მოვხვდით. - შემცირდა თუ არა მაყურებელთა რაოდენობა კრიზისის ფონზე და ხომ არ შეცვლილა ფასები ბილეთებზე? - როგორც უკვე აღვნიშნე, კინოთეატრი "რუსთაველი" არის ფართო მასაზე ორიენტირებული ბიზნესსუბიექტი და მას შესაბამისი საფასო პოლიტიკაც გააჩნია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფასები არ გავზარდოთ და შევინარჩუნოთ ისევ ის დონე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლებისთვის. - როგორია კინოთეატრის სამომავლო გეგმები და სიახლეები? - რაც შეეხება სიახლეებს, ჩვენ წინა პარასკევს გავხსენით ბავშვთა გასართობი ცენტრი "მადაგასკარი", რომელიც კინო "რუსთაველის" ტერიტორიაზეა განთავსებული. აქ ბავშვებისთვის გვაქვს საძრომიალო ლაბირინთული კონსტრუქცია, რომელიც თავის თავში მოიცავს კიდევ მრავალ გასართობ ფუნქციას, გვაქვს სათამაშო აპარატები და გასართობი შოუ-პროგრამები. ბავშვთა ცენტრს აქვს ორი ტიპის სერვის პაკეტი: ერთჯერადი სერვის პაკეტი და დაბადების დღის სერვის პაკეტი. ერთჯერად სერვის პაკეტზე ფასები 7 ლარიდან 25 ლარამდეა. 1 საათის განმავლობაში ლაბირინთული კონსტრუქცია 7 ლარი ღირს; 2 საათის განმავლობაში კი 10 ლარი. ლაბირინთულ კონსტრუქციასთან ერთად სათამაშო ჟეტონებით სარგებლობა 2 საათის მანძილზე 15 ლარი ღირს, ხოლო თუ ამ ყველაფერს მსუბუქ კვებას დავუმატებთ, ფასი 20 ლარი იქნება. დაბადების დღის სერვის პაკეტებზე ფასები კი 15-დან 25 ლარია. ამაში შედის ლაბირინთი, გუნდური თამაშები, საკვები მენიუ. დაბადების დღის სერვის პაკეტებს შორის სხვაობა მათ საკვებ მენიუში არსებული არჩევანის სხვაობითაა განპირობებული. ნებისმიერი დაბადების დღის პაკეტზე არის დამატებითი სერვისი, რომელიც პროგრამის (თეატრალური დადგმის) ჩატარებას მოიაზრებს, რისი არჩევის შემთხვევაშიც ფასი დაახლოვებით 100-150 ლარს შეადგენს. ესაუბრა ლამარა გულმაგარაშვილი
|