ნანახია: 1374
ქალაქ თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც დგომა-გაჩერების ამკრძალავ ნიშნებთან სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმებასა და მისი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ითვალისწინებს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება კომპანია City Park -მა მოიპოვა, რომელიც მანქანების პარკირებას გააკონტროლებს. იმის შესახებ, თუ რა ეკრძალებათ მძღოლებს და რა შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება კომპანია City Park - ის ექსპლუატაციის მენეჯერი ირაკლი ჯიბლაძე გვესაუბრება. -თუ შეიძლება გვიამბეთ კომპანია City Park -ის შექმნის, განვლილი და ღევანდელი საქმიანობის შეასახებ? -კომპანია ჩიტყ Pარკ 2007 წელს შეიქმნა. მას შემდეგ, რაც ორმა ებრაულმა ფირმამ – შპს "ამაგონმა" და შოჰარგ პარკინგ სერვის-მა ერთობლივად მიიღეს მონაწილოება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე პარკირების რეგულირების სფეროში. მათ მოიპოვეს გამარჯვება და სწორედ, ამის შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე ქართული კომპანია City Park . -რა შეთანხმება გაფორმდა თქვენსა და მერიას შორის და კონკრეტულად რა პირობებს მოიცავს ეს ხელშეკრულება? -კონკურსში გამარჯვების შემდგომ 15 წლიანი იჯარის სახით ქალაქის მერიამ City Park -ს უკვე გადმოგვცა ქალაქში პარკირების ადგილები, რომელიც ამ ეტაპზე 5 ათასი პარკირების ადგილს მოიცავს, რომელიც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ეტაპობრივად 10 ათასამდე გაიზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება პარკირების ორგანიზება და ქალაქ თბილისში პარკირების ორგანიზების სისტემის მოწყობაა. -ვინ გააკონტროლებს პარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევას, ეს იქნება პატრული თუ შეიქმნება ახალი სამსახური? -პარკირების წესის რეგულირების დარღვევის წესს ამიერიდან კომპანია City Park -ის ინსპექტორები გააკონტროლებენ, რომლებიც მობილურ ჯგუფებად იმოძრავებენ ქალაქში და გააკონტროლებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გადახდილი პარკირების საფასური. პატრულის მსგავსად ჩვენს კომპანიასაც გადმოეცა იმ ადგილებში მანქანების კონტროლირების უფლება, სადაც დგას ნიშანი 3/27, ანუ დგომა-გაჩერება აკრძალულია. ამ ადგილებში დარღვევების შემთხვევაში, გამოიწერება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა ოქმი 10 ლარის ოდენობით და თუ ეს ტერიტორია მინიშნებულია City Park -ის დაფაზე, ავტომანქანა ევაკუაციას ექვემდებარება და ამ შემთხვევაში მანქანა საჯარიმო სადგომზე იქნება გადაყვანილი. -სად იქნება განთავსებული საჯარიმო სადგომები? -ამ ეტაპზე საჯარიმო ავტოსადგომი 26 მაისის მოედანზე სასტუმრო "აჭარის" წინ ტერიტორიაზეა განთავსებული. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჯარიმო ავტოსადგომია, თუმცა უახლოეს მომავალში ორი ავტოსადგომი დაემატება. -რამდენი იქნება ჯარიმა დამრღვევთათვის და რა დამსჯელი ღონისძიება იქნება გატარებული ურჩი გადამხდელების მიმართ? -პარკირების არგადამხდელთათვის ჯარიმა 1-დან 3 საათამდე 20 ლარი იქნება; 3-დან 6 საათამდე 40 ლარი და ზევით. ამკრძალავ ნიშანთან დგომა - გაჩერება დაჯარიმდება 10 ლარის ოდენობით და ევაკუაციის შემთხვევაში დაემატება 60 ლარი. -დაიწყეთ თუ არა რეალურად დამრღვევთა დაჯარიმება? -ამ ეტაპზე დაჯარიმება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაიწყო სარეკლამო კამპანია, რომელიც არის ერგვარი გამაფრთხილებელი აქცია. -არსებობს ინფორმაცია, რომ პარკირების საფასური საათობისა და უბნების მიხედვით იქნება გადასახდელი.. -თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიას უკვე აქვს გამოყოფილი ის ადგილები, რომელიც ქალაქის მერიამ გადმოგვცა. მოხაზულ ტერიტორიაზე დაყენებულია სპეციალური პარკირების ნიშნები, რომელზეც დატანილია საფასური. გადახდის მიხედვით ქალაქი სულ 3 ზონად არის დაყოფილი - 20 თეთრიანი, 50 თეთრიანი და 1 ლარიანი. 1 ლარიანი ზონა არის იმ ადგილებში, სადაც არის 24 საათიანი მომსახურების დაწესებულებები. ეს მოიცავს კაზინოებს, კინოთეატრებს და რესტორნებს. ცენტრალურ ქუჩებზე არის 50 თეთრი. მაგალითად, ჭავჭავაძეზე 50 თეთრიანი ზონაც არის და არის მიმდებარე ქუჩებიც, რომელიც არის 20 თეთრიანი. მთელი მარჯანიშვილი არის 20 თეთრიანი ზონა. -რა შედეგს მოიტანს ეს ინიციატივა და ხომ არ მოხდება ისე, რომ მოქალაქეები უარს იტყვიან მანქანით გადაადგილებაზე, რადგან ვინც მუშაობს და მთელი დღის განმავლობაში უყენია მანქანა ქუჩაში, მისთვის ჯამური გადასახადი საკმაოდ სოლიდური გამოდის. -პარკირების რეგულირების ძირითადი მოთხოვნა სწორედ ქალაქში მოძრაობის განტვირთვა და საცობების მაქსიმალურად თავიდან არიდებაა. იმ თანხის 60%-ი, რასაც გადაიხდის მომხმარებელი, ქალაქის ბიუჯეტში შევა, რომელიც ისევ ქალაქის ინფრასტრუქტურას მოხმარდება. -როგორია თქვენი მოლოდინი, დაემორჩილებიან თუ არა მძღოლები პარკირების ახალ წესებს და მომგებიანი იქნება თუ არა ფინანსურად ეს პროექტი? ბიზნესგათვლა უკვე გაკეთებულია კომპანიის მენეჯმენტის მიერ და ვფიქრობთ, საკმაოდ წარმატებული ბიზნესი უნდა იყოს, როგორც კომპანიისთვის, ისე ქალაქისთვის. როგორც აღვნიშნე, შემოსავლების 60-% ხაზინაში გადამისამართდება და ქალაქის კეთილდღეობას მოხმარდება. როდესაც გარკვეული ბიზნესია, იქ ფინანსური გათვლებიც არის და მოგების ინტერესიც. ასეთი ბიზნესი ისე არ კეთდება, ამიტომ, ბუნებრივია, არის მოგების ინტერესიც.
ლამარა გულმაგარაშვილი
|