ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტების მიერ ქართველების ყვლეფა გრძელდებავაქცინა არის იმუნოლოგიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის და ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს, ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომლებსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა აიძულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას.
მცირე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების გაკეთება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა, იმპოტენცია და სხვა უმძიმესი დაავადებები.
საქართველოში 14 წლამდე მოზარდებისათვის ვაქცინაცია უფასოა. თუმცა, გვაქვს ფასიანი ვაქცინაც. საქმე ეხება წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა - "ტრივივაკს". აღნიშნული პრეპარატი ჩეხური წარმოებისაა, აღნიშნულ ვაქცინას სახელმწიფო კლინიკებს უფასოდ აძლევს, ხოლო ჩვეულებრივ სააფთიაქო ქსელებში საკმაოდ ძვირი, 48 ლარი ღირს. ერთი ამპულა პრეპარატი ორი პაციენტისთვის არის განკუთვნილი.
ჩვენთან საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები რეკომენდაციას ე.წ. ფასიან ვაქცინას უწევენ. შესაბამისად, მშობელთა უმრავლესობა, ენდობა ექიმს, არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ და ამ ხარჯის გაწევაზე უარს ვერ ამბობს. არა და, ფასიანი და უფასო ვაქცინა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ამას თავად მედიკოსები ამტკიცებენ.
ამ ფონზე, ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ აიძულებს ექიმების ერთი ნაწილი მშობლებს ბავშვის ფასიანი ვაქცინით აცრას. ამ კითხვაზე პასუხი, ქართული ჯანდაცვის სისტემის მოწყობის სპეციფიკურობაში უნდა ვეძებოთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამარ დოლაქიძე ამბობს, რომ კომერციული ვაქცინის შეთავაზებისას ექიმი-პროვაიდერი უფრო მეტად მუშაობს პაციენტთან, ვიდრე სახელმწიფო პროგრამით გადაცემული ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ ფასიანი ვაქცინის "გასაღება" ექიმებისთვის სარფიანი საქმე გახდა. თამარ დოლაქიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მედიკოსებთან საკმაოდ ბევრს მუშაობს, თუმცა, რეალური შედეგი არ დგას. და პრობლემა ისევ აქტუალურია, ექიმები ისევ ცდილობენ გაუთვითცნობიერებელი მშობლებისთვის ფასიანი ვაქცინის მიყიდვას.
ამ კუთხით, კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი ამპულა პრეპარატი ორი პაციენტისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად ამისა, უმრავლეს შემთხვევაში ექიმები ამას მშობლებს არ უხსნიან და ვაქცინის ნახევარ დოზაში მთლიანი ამპულის ფასს ითხოვენ. ამ სიტუაციაში ექიმების არგუმენტი ისაა, რომ ამპულის გახსნისა და გარკვეული დროსი გასვლის შემდეგ ვაქცინა უვარგისი ხდება, ამიტომ აუცილებელია ერთდროულად ორი ბავშვის ვაქცინაცია მოხდეს. ამ პროცესის ორგანიზება ისევ ექიმების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა მათ საპირისპირო მოტივაცია აქვთ, მათი მიზანია გაყიდონ რაც შეიძლება მეტი და მიიღონ მეტი შემოსავალი, მშობლების გაყვლეფას მედიკოსებს არავინ უკრძალავს.
#2 ბავშვთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა, ფასიანი ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ უფასო ვაქცინის გამოყენება, ისეთ ბავშვებთან, რომლებსაც ძაღლის ბეწვზე ალერგია აქვს არ შეიძლება და ფასიანი ვაქცინის შეთავაზების შესაძლებლობა ექიმებს ამიტომ აქვთ. ამ შემთხვევაში, ექიმმა უნდა აუხსნას ეს ფაქტი მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზოს ფასიანი ვაქცინა. თუმცა, მედიკოსთა უმრავლესობა, მხოლოდ უფასო ვაქცინის უარყოფით მხარეებს უსვამს ხაზს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მშობელი ვერ გაბედავს უფასო ვაქცინის გამოყენებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პრობლემის სათავე ქართული ჯანდაცვის სპეციფიკურობაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისააა, რომ ჩვენთან მედიკამენტების წარმოება-რეალიზაცია და ჰოსპიტალური სისტემა სულ რამდენიმე მონოპოლისტური ქსელის ხელშია.
თუ ექიმი მოახდენს რომელიმე წამლის რეალიზაციის ზრდის ხელოვნურ ინიცირებას, გაიზრდება სარეალიზაციო ქსელის მოგება. ვინაიდან ექიმიც და მედიკამენტის გამყიდველიც ერთ ბიზნესჯგუფს წარმოადგენს, ბუნებრივია, ექიმი დაინტერესებულია მედიკამენტის გაყიდვით.
P.S. საინტერესოა, თუ ამ სისტემის მონოპოლისტები პროდუქტისა და მომსახურების მრავალფეროვან სპექტრში სარიტუალო მომსახურებასაც შეიტანენ, რა მოხდება?!
გვანცა ჯანჯალაშვილი