ნანახია: 779
საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების კეთილსაიმედოობის მხრივ რომ სავალალო მდგომარეობაა, ნამდვილად არ არის სიახლე. კონტროლი იმისა, თუ ვინ და რას აწარმოებს, არ ხდება და ვითარებაც შესაბამისად ძალზედ რთულია. ამით კი დაზარალებული მხოლოდ მომხმარებელი რჩება, რომელსაც ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების ყიდვა უხდება ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. შექმნილი რთული ვითარების დადასტურებაა კომპანია "ბიოკოდექსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელთა ფედერაციის" მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა კარაქის ბაზარზე. როგორც კომპანია "ბიოკოდექსში" განაცხადეს, კვლევა მხოლოდ 72-82%-იანი ცხიმის შემცველობის ნაღების კარაქზე ჩატარდა. ლაბორატორიული სინჯებისთვის სამომხმარებლო ბაზრის დახლებიდან 26 დასახელების კარაქის თითო ნიმუში აიღეს. ანუ სინჯები კარაქის რომელიმე კონკრეტულ სერიაზე და პარტიაზე არ ჩატარებულა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამოღებული ცალკეული კარაქის 42%, ანუ 11 სახეობის კარაქი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რაც შეეხება იმ კარაქს, რომლის ცალკეული ნიმუში ხარისხიანია, არ შეიძლება ითქვას, რომ მათ კონკრეტულ სერიაში ან პარტიაში არ აღმოჩნდება ისეთი ნიმუში, რომლის ხარისხის ნორმები ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით, ეტიკეტზე მითითებული ნორმების მაჩვენებლებს ვერ აკმაყოფილებს შემდეგი დასახელების კარაქი: "კრემლოვსკაია", "რუსთავი ნამდვილი", "რუსთავი 60%-იანი", "რუსთავი +1", "მოსკოვური", "კოდა", "ქალაქური", "დიდუბის კარაქი". ეტიკეტზე მითითებულ სტანდარტებს პასუხობს შემდეგი დასახელების კარაქი: "სამგორი", "ეკო-ფუდი", "ვალიო", "სანტე" და "ბარნელი". საინტერესოა ის ფაქტი, რომ კარაქის ბევრ ნიმუშში 50%-იანი ფალსიფიკაცია აღმოჩნდა, ანუ 60%-იანი ცხიმის შემცველ კარაქში კარაქის შემცველობა მხოლოდ 30%-ია. დანარჩენი შემცველობა ნესტზე მოდის, რაც პროდუქტში წყლის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებს. რამდენიმე სახეობის კარაქს ეტიკეტზე აწერია, რომ არის ნატურალური შემცველობის, მაშინ, როცა ზოგიერთ მათგანში დიდი რაოდენობით მცენარეული ცხიმია გამოყენებული. ამის ერთ-ერთი ნიმუშია კარაქი "კრემლოვსკაია". სამომხმარებლო ბაზარზე აღმოჩნდა ისეთი კურიოზული პროდუქტიც, როგორიცაა ნატურალური ნაღების სამარხვო კარაქი. ფაქტია, რომ კარაქი ძალიან მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტია. ასევე აქტიურად გამოიყენება ბავშვთა კვებაში და ის ამ შემთხვევაში შეუცვლელია. ბაზარზე ხშირად გვხვდება იაფფასიანი კარაქი. რა თქმა უნდა, ეს დაშვებულია, მაგრამ მისი შემადგენლობის მაჩვენებლები კარაქის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი. მომხმარებელი კი თავად გადაწყვეტს იაფფასიანი კარაქი იყიდოს თუ ნამდვილი, ძროხის რძის კარაქი. როგორც კვლევის ორგანიზატორებმა განაცხადეს, კარაქს "რუსთავი ნამდვილი" განსაკუთრებულად ამძაღებული გემო აქვს და მის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით ხშირია მომხმარებლისგან საჩივრები. კომპანია "ბიოკოდექსის" მთავარი მენეჯერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, სამომხმარებლო ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის 80% უხარისხოა, რაც სავალალო შედეგებს იწვევს. მისი თქმით, ამას ადასტურებს თუნდაც 033-ზე საკვები პროდუქტებით მოწამვლისას გამოძახებების გახშირება. მიმდინარე წლის იანვრის თვეში 295 გამოძახება მარტო კვებითი პროდუქტებით მოწამვლებზე მოდის. ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში პროდუქტების კეთილსაიმედოობის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. თუ ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანიზაციებმა სპეციალური ზომები არ მიიღეს, მოსახლეობა უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.
შოთა ბუჩუკური
|