”ბუნებრივ აირში ისეთი ნივთიერებების შერევა ხდება,
რაც მოცულობაში ზრდის და არ იწვის”აცივებასთან ერთად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, იზრდება საფრთხე, რომელიც ამ პროცესს ახლავს. სამწუხაროდ, გაზით გათბობა და მისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება, ისევ შეუსაბამო ტექნოლოგიებით ხდება, ასევე, მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად იქცა - საყოფაცხოვრებო მოხმარებაში გატანილ ბუნებრივ აირს სუნი არ აქვს. არა და, სუნის მიმცემი კომპონენტების დამატება იმ ტრაგედიების სერიოზული პრევენცია იქნებოდა, რომლებიც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დგება.
ბუნებრივი აირი (ბუნებრივი გაზი) - აირთა ნაზავი, წარმოქმნილი დედამიწის წიაღში ორგანულ ნივთიერებათა ანაერობული დაშლის შედეგად. განეკუთვნება სასარგებლო წიაღისეულთა რიგს. ხშირად თანმხლები გაზია ნავთობის რეწვისას.
ის უსუნო, მძიმე მხუთავი გაზია, რომელიც დახურული სივრცის, ვთქვათ, ბინის ქვედა შრეებში გროვდება - პოპულარული ენით ასე ახასიათებენ ქიმიკოსები ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირჟანგს - ჩO-ს, რომელმაც ბოლო წლებში თბილისში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ბუნებრივი აირის მომხმარებლები უბედური შემთხვევისგან დღეს სრულიად დაუცველები არიან. ამის მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელთა დაუდევრობა ან გაუმართავი გამათბობლები სახელდება, თუმცა, ცოტა თუ დაინტერესებულა იმ ფაქტით - რატომ არა აქვს გაზს სუნი საქართველოში და მაგალითად საბჭოთა კავშირი მოჰყავთ, როდესაც გაზს ისეთი მძაფრი სუნი ჰქონდა და შეუძლებელი იყო მომწამლავი აირის გაჟონვა მომხმარებელს ვერ შეემჩნია.
იმისათვის, რომ ბუნებრივ აირს სუნი ჰქონდეს, მას უმატებენ სუნის მიმცემ კომპონენტს, სპეციალურ აიროდორანტს. უსაფრთხოების დადგენილი წესების თანახმად, საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებისას ბუნებრივ აირს აუცილებლად უნდა დაემატოს სუნის მიმცემი კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, გაგუდვის ფაქტების ერთ-ერთ წინაპირობად, სწორედ უსუნო გაზი სახელდება.
ბოლო პერიოდში, მომხმარებელი ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, კიდევ ერთ პრობლემას აფიქსირებს. მომხმარებელთა დიდ ნაწილს ბუნებრივი აირზე დანახარჯი გაეზარდა, ეს იმ დროს, როდესაც მოხმარების მოცულობა არ გაზრდილა. საინტერესოა, რომ წინა წელთან შედარებით, ხარჯვითი წილის უცვლელობის მიუხედავად, მეტია ფიქსირებული გადასახადი. ამასთან, ბუნებრივი აირის საფასური ოფიციალურად არ გაზრდილა, თუმცა სხვაობა შარშანდელსა და წლევანდელ დანახარჯებს შორის დაახლოებით 30%-ია. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ხდება ბუნებრივ აირში ისეთი ნივთიერებების შერევა, რაც მას მოცულობაში ზრდის და არ იწვის, ანუ ხარჯი იზრდება. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო დროს, ბუნებრივი აირი სპეციფიკური ხმაურით იწვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება იმ აირების ბოლომდე წვა, რასაც მომხმარებელი იღებს. მათივე განცხადებით, აირს, რომელსაც ჩვენ საწვავად ვიყენებთ, აღენიშნება სხვადასხვა კალორიული მაჩვენებელი. საწვავ აირში რაც უფრო მეტია მეთანის შემცველობა, მით უფრო ნაკლები კალორიულობით გამოირჩევა იგი. მარტივად თუ ვიტყვით, მეთანის მაღალი შემცველობის შემთხვევაში, უნდა დავწვათ უფრო მეტი ბუნებრივი აირი. მეთანის შემცველობა შეიძლება მერყეობდეს 80-იდან 97 პროცენტამდე, იქვე იმასაც დასძენენ, რომ გამორიცხულია საწვავ აირში ჩვეულებრივი ჰაერის ჩატვირთვა, რადგან ეს არის ძალიან სარისკო და საშიში, ვინაიდან ჟანგბადის ჩაკუმშვის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მისი გაზთან შერევა და აფეთქება.
ამ საკითხების კონტროლი ~ყაზტრანსგაზსა” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ეკისრება. 2006 წლის 12 მაისიდან ქ. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი ახალ მეპატრონეს, ყაზახურ კომპანია შპს ~ყაზტრანსგაზს” გადაეცა. სწორედ ამის შემდეგ ყაზტრანსგაზში არსებული ფიზიკო-ქიმიური ლაბორატორია, რომელიც აკონტროლებდა ოდორანტის შემცველობას, ~ყაზტრანსგაზის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირმა, ანა თაქთაქიშვილმა გააუქმა. ამის შედეგად, გაზის კონტროლის ლაბორატორია აღარ მუშაობს, არ ხდება პროფესიონალების მიერ აირის ხარისხის კონტროლი, ანუ აღარ კონტროლდება გაზის კალორიულობა, ოდორიზაციის ხარისხი და კუთრისითბოტევადობა.
რაც შეეხება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, სწორედ მის შვილობილ გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ევალება იზრუნოს ოდორიზაციის ხარისხზე, რომელმაც, წესით, ~ყაზტრანსგაზს’ ოდორიზირებული გაზი უნდა მიაწოდოს. თუმცა ეს ასე არ ხდება და ამაზე პასუხს არც არავინ ითხოვს.”პრობლემა კი საკმაოდ აქტუალურია, მომხმარებელი არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებს განიცდის, არამედ მათი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იჩენს თავს, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება მატულობს. ამ მიზეზით გამოწვეულ სავალალო შედეგებს კი ძირითადად ის ფაქტი განაპირობებს, რომ ამ აირად ნივთიერებას არც სუნი აქვს და არც ფერი, ამიტომ, ჩვეულებრივ, ადამიანი ვერ გრძნობს საფრთხეს. სწორედ ეს ფაქტორია ბუნებრივი აირის სახიფათოობის მაჩვენებელი.”
გიორგი კაპანაძე