"ნიკორას" პროდუქტში ნაწლავის ჩხირები აღმოაჩინეს?таблетки для похуденияდაახლოებით, ერთი კვირის წინ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ `ნიკორას~ პელმენში ნაწლავის ჩხირები (ეშერიხიაკოლი) აღმოაჩინეს. პროექტის `სურსათის უვნებლობას მომხმარებლები აკონტროლებენ~ ხელმძღვანელის ლიკა თოდუას განცხადებით, 2011 წლის 23 სექტემბერს ცხელი ხაზის ტელეფონზე შევიდა საჩივარი `ნიკორას~ მაღაზიაში შეძენილ ასაწონ პელმენთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, მოქალაქე იტყობინებოდა, რომ ნიკორას მაღაზიაში პელმენი იყიდა, მაგრამ ვერ შეჭამა, რადგან ხორცს ცუდი სუნი ჰქონდა და მისი აზრით გაფუჭებული იყო.
მიკრობიოლოგების განცხადებით, ეშერიხიაკოლის შემცველი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ვინაიდან იგი ნაწლავურ დაავადებებს იწვევს, შესაბამისად, ასეთი პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ლიკა თოდუა. მართალია, იგი ამბობს, რომ აღებული პელმენის ხორცის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები სანიტარული ნორმების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ კოლიბაქტერიები პელმენის სათანადო მოხარშვისას იოლად იღუპება და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ლიკა თოდუას განცხადებით, პელმენები ორ ლაბორატორიაში - `მომავალი საუკუნე~ და `მულტიტესი~ შემოწმდა. მისი თქმით, ორივე ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ აღნიშნული პელმენები კოლიბაქტერიებს (ეშერიხიაკოლი, იგივე ნაწლავის ჩხირი) შეიცავს. კომპანია `ნიკორაში~ კი ეჭქვეშ აყენებენ ლაბორატორიების კომპეტენციის საკითხს.
`ნიკორას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის გიგა ბატკუაშვილის განცხადებით, ციმბირული პელმენის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა სამ სხვადახსვა ლაბორატორიაში. თითოეული ლაბორატორიის ოქმის მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ეჭქვეშ დგება აღნიშნული ლაბორატორიების კომპეტენციის საკითხი. მისივე თქმით, `ნიკორაში~ მოქმედებს მაღალი დონის მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, კონტროლსა და მის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. შესაბამისად, ისინი დარწმუნებულნი არიან პროდუქციის მაღალ ხარისხსა და უვნებლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით კი ციმბირულ პელმენში აღმოჩენილ იქნა არა კოლიბაქტერია, არამედ ჩვეულებრივი ლპობის ბაქტერია, რომელიც ნებისმიერ ხორცში შეიძლება გაჩნდეს 12 საათის განმავლობაში და არა მარტო ხორცში. ეს ბაქტერია ჩნდება ხილშიც და ბოსტნეულშიც, ასევე ქარხნულად დამზადებულ ნამცხვრებში.
კულუარებში გავრცელდა ხმები, რომ ეს არის ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟი, რათა მომხმარებლებს `ნიკორას~ მიმართ ნდობა დაეკარგოთ, რადგან იგი ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში. ამასთან, სწორედ ციმბირული პელმენი არის `ნიკორას~ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაქტერიის აღმოჩენის შედეგად, კომპანია `ნიკორას~ ორი საამქროს (უბნის) წარმოება ორი კვირით გააჩერეს, რაც თავისთავად დააზარალებს კომპანიას. `ნიკორას~, რა თქმა უნდა, ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
ყოველივე ზემოთ თქმულის შედეგად, საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე - არის ეს მომხმარებლების დასაცავად ჩატარებული ოპერაცია თუ იგი ემსახურება კონკურენციის შეზღუდვას, რათა შემდეგ ჩვენ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა უფრო ადვილად შეძლონ ამ ბაზარზე შესვლა? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით დაიწყო `ნიკორას~ ჩაძირვის პოლიტიკა? თუმცა, საეჭვოა, ვინმემ ისურვოს ამაზე საჯაროდ საუბარი.
გავიხსენოთ ისიც, რომ სურსათის უვნებლობის საკითხების წინ წამოწევით, ხშირად ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები სარგებლობენ. ამის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია, სასაკლაოების საკითხი. ყველას კარგად ახსოვს, რომ საქონლის საერთაშორისო სტანდარტებით დაკვლისა და ხორცის წარმოების დასავლური მეთოდების დასანერგად სახელმწიფომ სპეციალური კანონი მიიღო, რომლის მთავარი იდეაც კომპანია `იბერმითის~ გამონოპოლისტება გახლდათ. ისიც ყველას კარგად ასხოვს, რომ პროდუქტის წარმოების პროცესში მონოპოლისტის ჩართვამ ფასების სერიოზული ზრდა გამოიწვია. მას შემდეგ, სახელმწიფომ კიდევ მრავალჯერ შეცვალა ამ ბაზარზე თამაშის წესები, ეს ცვლილებები კი რატომღაც ყოველთვის `იბერმითის~ და მისი ფაქტობრივი მფლობელის ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს იყო მორგებული. როგორც ვიცით, `იბერმითი~ ხორცპროდუქტების ბაზარზეც გეგმავს შესვლას და მისთვის ალბათ ძალიან ხელსაყრელი იქნება, ამ ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის `ნიკორას~ შევიწროვება.
გიორგი კაპანაძე