ნანახია: 607
"ხელისუფლება ივანიშვილს წესების გარეშე ებრძვის!" lusero "ქვეყანაში ანარქიაა, რასაც მოვლა უნდა. აი, ესაა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის წინაპირობა, თორემ აქ რომ იყოს თავისუფალი მცირე და საშუალო ბიზნესი, მაშინ პოლიტიკაში შემოსასვლელად ოლიგარქობა საკმაოდ მძიმე ტვირთია და ივანიშვილი ამას არც მოინდომებდა... ბიძინა ივანიშვილმა ნახევარ მილიარდამდე დოლარი დახარჯა საქართველოში ქველმოქმედებაზე და ერჩია, ერს, მადლიერების ნიშნად, ძეგლი დაედგა, ვიდრე პოლიტიკისთვის აეტკია აუტკივარი თავი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობა, სამართლიანი არჩევნების პირობები, დაბალია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინმემ ხომ უნდა იღონოს რამე? ან სად არის დამოუკიდებელი მედია? ვინმემ ხომ უნდა შეაჩეროს სიცრუის ნიაღვარი? სამწუხაროდ და, ამავე დროს, ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ამ კაცმა გადაწყვიტა, აიტკივოს აუტკივარი თავი!"
"ივანიშვილი იმ შემთხვევაში დამარცხდება, თუკი ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირემ, აშშ-მ და რუსულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ჩათვალეს, რომ სჯობია, საქართველოში დარჩეს `ნაცმოს~ ხელისუფლება, ვიდრე მოვიდეს ახალი ძალა, რომელსაც სიტუაციის დასალაგებლად 2-3 წელი დასჭირდება!"
"ივანიშვილსა და პატარკაციშვილს ერთმანეთს არ შევადარებ, რადგან ბადრის მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პოლიტიკაში თამაშობდა წესების გარეშე _ აფინანსებდა და ეხმარებოდა როგორც მმართველ პარტიას, ისე _ ოპოზიციურ პარტიებს. პოლიტიკასთან მიმართებაში მის ნაბიჯებში რაღაც მაფიოზური იყო. პოლიტიკა კი, ვერც მაფიოზურ მიდგომებს იტანს, ვერც _ ზედმეტად ბიზნესურს. პოლიტიკა სხვა რანგის ფენომენია. აქედან გამომდინარე, ტრაგიკულად დამთავრდა ბადრის ყოფნა პოლიტიკაში. არ მგონია, ივანიშვილმა დაუშვას მსგავსი რანგისა და ყაიდის შეცდომები როგორც პოლიტიკოსმა, რადგან საკითხი ცოტა სხვანაირად დგას!"
"არ მგონია, ისეთი კვალიფიციური იურისტი, როგორიც სააკაშვილია, თვლიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას რამე სამართლებრივი საფუძველი აქვს. მრჩევლები, რომლებმაც ამისკენ უბიძგეს, უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანები მგონია, რომლებმაც არ იციან, ძლიერი მოწინააღმდეგის არენაზე გამოჩენის შემთხვევაში, რა გზას დაადგნენ და როგორ უნდა გაუწიონ კონკურენცია პოლიტიკური ბრძოლის პროცესში _ ისინი 5-6 წელია, თანასწორუფლებიან და კონკურენტუნარიან პირობებში პოლიტიკურ ბრძოლას გადაეჩვივნენ", _ ამბობს "ქართულ სიტყვასთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. _ ბატონო ვაჟა, სტაგნაციაში მყოფ ქართულ პოლიტიკაში ბიზნესმენ და მეცენატ ბიძინა ივანიშვილის სკანდალურად შემოჭრამ უჩვეულო დისონანსი შემოიტანა. მაინც, რითი აიხსნება ხელისუფლების ისტერია და რატომაა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა განსაკუთრებული?_ თავისუფალ ქვეყანაში პიროვნების პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა ექსტრაორდინალურ და განსაკუთრებულ მოვლენად არ უნდა აღიქმებოდეს, რადგან ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს პოლიტიკური პროცესის როგორც მონაწილე, ისე _ ავტორი და შემომქმედი. რაც შეეხება ყურით მოთრეულ თემას, არის თუ არა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ასეთ სისულელეებზე ყურადღებას, მოდით, ნუ გავამახვილებთ, რადგან ქვეყანაში შემოხეტებული ნებისმიერი უცხოელი, იმის გამო, რომ ტაშს დაუკრავს სვანურ `ლილეს~ თუ კახურ `მრავალჟამიერს~, მეორე დღესვე ორმაგ მოქალაქეობას იღებს. კაცი კი, რომელიც 4 წელი, მშობლიური სოფლიდან არ გასულა, საქართველოს მოქალაქე არ იყოს, იმდენად დიდი და სამარცხვინო სიბრიყვეა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამდაგვარი არგუმენტებით ოპერირება, ვფიქრობ, არ მართებს. _ შესაძლოა, მაგრამ ფაქტია: 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარაა..._ არ მგონია, ისეთი კვალიფიციური იურისტი, როგორიც სააკაშვილია, თვლიდეს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას რამე სამართლებრივი საფუძველი აქვს. მრჩევლები კი, რომლებმაც ამისკენ უბიძგეს, უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანები მგონია, რომლებმაც არ იციან, ძლიერი მოწინააღმდეგის არენაზე გამოჩენის შემთხვევაში, რა გზას დაადგნენ და როგორ გაუწიონ კონკურენცია პოლიტიკური ბრძოლის პროცესში _ ისინი 5-6 წელია, თანასწორუფლებიან და კონკურენტუნარიან პირობებში პოლიტიკურ ბრძოლას გადაეჩვივნენ. _ ასეა თუ ისე, ცხადია, რომ მათ შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართება და არც ის იქნება გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი წინასწარ გაეთვალა და შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. სხვათა შორის, მეცენატი განსაკუთრებით მტკიცე და კატეგორიული იყო, როცა განაცხადა: `რადგან ვთქვი, მოვალ, ესე იგი, მოვალ!~_ ჭაბუა ამირეჯიბისა არ იყოს, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ჩვეულებრივი ამბავი ზოგჯერ სასწაულად აღიქმება.... საერთოდ, როგორც ვხედავთ, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები არ განსაზღვრავენ. _ მაშ, ვინ განსაზღვრავს?_ ეს გახლავთ აშშ-ის, რუსეთის და ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობის კონტექსტიდან მომდინარე მოვლენები. მაგალითად, რა უნდა მოხდეს საქართველოში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ანუ სააკაშვილი უნდა დარჩეს თუ არა პირველი პირის ამპლუაში, ე.ი. პრემიერად, ამ საკითხს გადაწყვეტს არა ქართველი ხალხი სამართლიანი არჩევნების საფუძველზე, როგორიც საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ არ ჩატარებულა, არამედ, ეს თემა გადაწყდება პუტინისა და ობამას ერთ-ერთი პრივატული საუბრის რომელიღაც პასაჟისას, 50-წამიანი რეპლიკების გაცვლის მეშვეობით. არჩევნებიც აჩვენებს იმ შედეგს, რა შედეგიც ამ შეთანხმების კონტექსტიდან იქნება გამომდინარე. სამწუხაროდ, ქართველი ხალხისთვის სამართლიანი არჩევნები, ის რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივია, მიუწვდომელი ფუფუნებაა, ამიტომ იქნება ის შედეგი, რა გადაწყვეტილებასაც აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებს და რაც უეჭველად შეთანხმებული იქნება რუსეთის ხელმძღვანელობასთან. _ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის განხილვისას, ხელისუფლება ხაზს უსვამს, საქმე რუსულ პროექტთან გვაქვსო..._ ჩემი აზრით, ივანიშვილი განსაკუთრებული ფენომენია. მისი გადაწყვეტილება არაა სპონტანური და არც 6 თვის, ან ერთი წლის ნაფიქრი. იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შინაგანად ემზადებოდა საქართველოს ლიდერობისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიზნესსაქმიანობის შედეგად, როგორც `ფორბსი~ აღნიშნავს, 5,5-მილიარდიანი აქტივები დააგროვა რუსეთსა და ევროპაში. ახლა ჩათვალა, რომ მისი ჯერი დადგა, რადგან ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, არ იქნება უცნაური ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაშია, ყოველი მესამე შრომისუნარიანი კი, სამუშაოს ეძებს თურქეთში, საბერძნეთსა თუ ევროპაში და საქართველო დარჩა მოხუცების და პენსიონერების ამარა, მოსახლეობის ორი მესამედი სიღატაკის ზღვარს ქვემოთა. საქართველოში რომც დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობა, ჩვენ მუშახელი არ გვეყოლება, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ეკონომიკურ აღმავლობას და იძულებული გავხდებით, კარი გავუღოთ ჭარბი მოსახლეობის რეგიონებიდან _ ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, აზერბაიჯანი, თურქეთი _ იმიგრაციას და დაახლოებით 5 წელიწადში ქართველები იქნებიან მთელი მოსახლეობის 5-10%-ი. ამაში რომელიმე ჭკუანაღრძობი ნუ დაინახავს ქსენოფობიის ელემენტებს იმიტომ, რომ ყველა ერი წუხს თავისი ერის კეთილდღეობაზე, მუდმივობასა და პერსპექტივაზე. აქედან გამომდინარე, რა უნდა ეშველოს ქვეყანას? `ენ-დი-აი~-ს ერთობ საეჭვო გამოკითხვის შედეგად, პირველ სამ ადგილზე სამი სერიოზული პრობლემაა _ დასაქმება, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მმართველ ძალას არ აქვს არც ერთი მიმართულებით ხედვა, სტრატეგია და ტაქტიკა. საპარლამენტო ოპოზიციაც, არასაპარლამენტოც და რადიკალებიც, სინამდვილეში, ყველანი `ნაცმოს~ მიერ მართული პოლიტიკური ძალები არიან და ამ ძალას, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, საპირწონე, კონკურენტი არ ჰყავს. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, შექმნას ერთპარტიული სისტემის, ანუ `ნაცმოს~ რეალური კონკურენტი თავისი გავლენის, პოპულარობისა და ფინანსური რესურსის წყალობით. სხვა შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწიოს გავლენის გარკვეულ დონეს, როცა საქართველოში ვერ მოძებნით ბიზნესმენს, რომელიც ერთიანი `ნაცმოს~ გარდა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დააფინანსებს თუნდაც 1000 დოლარით? რეალურად, საეჭვო არჩევნების შედეგად მიღებული სურათის თანახმად, კვალიფიციურ, ანუ შედეგების მქონე პარტიებს ბიუჯეტიდან, თურმე, გარკვეული თანხა უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათ პროცენტებს უწერს ცესკ-ო, რომელიც მთლიანად `ნაცმოს~ მიერ კონტროლდება... მცირე ბიზნესიც კი, სახელისუფლო პარტიის მიერ კონტროლდება, არ შეგვიძლია, ოჯახები ვარჩინოთ, აღარ არსებობს უფასო უმაღლესი განათლება, მალე, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს საჯარო სკოლები... ბატონი ბენდუქიძე, დღევანდელი ეკონომიკის შემოქმედი, ბრძანებს, თუ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას მივიღებთ, ეკონომიკის განვითარებას შევაფერხებთო. რიგ ევროპულ ქვეყნებში ასე არ მომხდარა და საქართველოში რატომ უნდა შეაფერხოს? ქვეყანაში პარტახი და ანარქიაა, რასაც მოვლა უნდა. აი, ესაა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის წინაპირობა, თორემ აქ რომ იყოს თავისუფალი მცირე და საშუალო ბიზნესი, მაშინ პოლიტიკაში შემოსასვლელად ოლიგარქობა საკმაოდ მძიმე ტვირთია და ამას არც მოინდომებდა. აშშ რომ ავიღოთ, ჯერალდ ფორდის გარდა, მილიარდელი და შეძლებული პრეზიდენტი არ ჰყოლია. რად უნდათ ოლიგარქებს პოლიტიკა?! ბიძინა ივანიშვილმა ნახევარი მილიარდამდე დოლარი დახარჯა საქართველოში ქველმოქმედებაზე და ერჩია, ერს, მადლიერების ნიშნად, ძეგლი დაედგა, ვიდრე პოლიტიკისთვის აეტკია აუტკივარი თავი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობა, სამართლიანი არჩევნების პირობები, დაბალია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინმემ ხომ უნდა იღონოს რამე? ან სად არის დამოუკიდებელი მედია? ვინმემ ხომ უნდა შეაჩეროს სიცრუის ნიაღვარი? სამწუხაროდ და, ამავე დროს, ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ამ კაცმა გადაწყვიტა, აიტკივოს აუტკივარი თავი. _ ბატონო ვაჟა, თქვენი აზრით, ივანიშვილი ისეთივე წარმატებული პოლიტიკოსი იქნება, როგორიც ბიზნესმენია?_ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროა და ძნელია დასკვნის გაკეთება. მას, ფაქტობრივად, ერთი წელიწადი დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ივანიშვილისკენ დაიძვრება მთელი საქართველო – ვისაც შია, სწყურია, ვისაც ამბიცია აწუხებს, ვისაც უნდა, მოხვდეს ელიტაში და ვინც ვერ მოხვდა `ნაციონალურ-თინეიჯერულ~ მმართველ ფენაში. ასეთები ბევრნი არიან. მას ჯერჯერობით არ ჰყავს პოლიტიკური კომპანიონები, რომლებმაც უნდა შექმნან მის გარშემო თანამებრძოლების ჯგუფი, რომლებიც გაფილტრავენ ივანიშვილისკენ დაძრულ მედროვეებსა და მიგზავნილებს, რომლებიც მას უხვად ეყოლება ამ ხელისუფლებიდან. ეს ძალიან რთული პროცესია. საერთოდ, პოლიტიკა რთული და ზუსტი მეცნიერებაა, რომლისთვისაც ერთი წელი ძალიან მცირე დროა, ამიტომ, ბიძინამ უნდა გააკეთოს არაორდინარული, ზუსტი და სწრაფი სვლები. ის ჭკვიანი კაცია და, ვფიქრობ, ამას მიხვდება. თავისთავად კარგი ტაქტიკური სვლა აირჩია _ გააჩინა მოლოდინი, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ძალზე ცოტა დრო და წამგებიანი პოზიცია აქვს, ვინაიდან ხელისუფლება მთელ თავის რესურსს იქითკენ მიმართავს, რომ დაანგრიოს ივანიშვილის დასაყრდენი. ვფიქრობ, ეს იქნება ბრძოლა წესების გარეშე. _ ადამიანმა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით, სასწორზე დადო თავისი ოჯახის ბედი, ამ ხელისუფლების მეთოდები და შესაძლებლობები კარგად უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული. ბრძოლისთვის კი, _ მანევრები მომზადებული... _ წესით, მზად უნდა იყოს იმიტომ, რომ როგორც თვითონ ამბობს, `ფორბსი~ ცდება და 5,5 მილიარდზე გაცილებით მეტი აქვს. ჯერ მისი შოვნა წარმოიდგინეთ, როგორია, თუნდაც _ რუსეთში, მერე მოვლა და შენარჩუნება. ის ნიჭიერი კაცია და, ალბათ, აქვს ამის უნარი, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ პოლიტიკა გუნდური თამაშია, ბიზნესის მართვა შეიძლება, უნარიანი მენეჯერებით, მაგრამ პოლიტიკური მენეჯმენტი გაცილებით რთული ხელოვნებაა. თვითონ, ალბათ, სჯერა, რომ წარამტებას მიაღწევს, მაგრამ პოლიტიკა რთულია და ეს იცის თუ არა, იმით გამოჩნდება, თუ რა გუნდს შემოიკრებს, რა ძალას დაეყრდნობა და რა ნაბიჯებს გადადგამს. მას ჰყავს ძალზე სერიოზული, სახელისუფლებო და ფინანსური რესურსის მქონე მოწინააღმდეგე `ნაციონალური მოძრაობის~ სახით. _ ღია წერილში ივანიშვილმა სიმპატიები გამოხატა ისეთი ძალების მიმართ, როგორიცაა ალასანია, `რესპუბლიკელები~... როგორც ამბობენ, ამით ხაზი მის პროდასავლურობას გაუსვა. თქვენც ასე ფიქრობთ?_ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ეუბნება დასავლეთს, არა ვარ პრორუსული ორიენტაციის, მინდა, ჩემს ქვეყანას ვუშველო, რუსეთის ბაზრებზე განთავსებულ ჩემი აქტივების ორ მესამედს გავყიდი, იმასაც თქვენთან განვათავსებ, ანუ ჩემს ქონებას განდობთო. დასავლეთი რთული ფენომენია და მისი ტრაგედია იმაშია, რომ მოჩვენებითი სტაბილურობა ყოველთვის ურჩევნია გრძელვადიან განვითარებასა და პერსპექტივას, რაც არაბული სამყაროსადმი მისმა დამოკიდებულებამ ცხადყო _ ათწლეულობის განმავლობაში ეგუებოდა სტაბილურ დიქტატორულ რეჟიმებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ააფეთქა არაბული სმაყარო, რადგან ჩათვალა, რომ სხვანაირად ფუნდამენტალიზმსა და `ალ ქაიდას~ ვერ დაამარცხებდა. ასე რომ, დასავლეთის პრაგმატიზმი ორლესულია და ზოგჯერ თავისსავე ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. _ რა შემთხვევაში შეიძლება დამარცხდეს ივანიშვილი?_ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირემ, აშშ-მ და რუსულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ჩათვალეს, რომ სჯობია, საქართველოში დარჩეს `ნაცმოს~ ხელისუფლება, ვიდრე მოვიდეს ახალი ძალა, რომელსაც სიტუაციის დასალაგებლად 2-3 წელი დასჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიციას, რომელიც იწყებს გაცნობიერებას, ხელსაყრელი რომ ეგონა სააკაშვილის ყოფნა ხელისუფლებაში, არცთუ მთლად ხელსაყრელი აღმოჩნდა ბევრი თვალსაზრისით. ამას განსაკუთრებით გრძნობს ჩრდილო კავკასიაში არსებული მდგომარეობის მაგალითზე. თუ ამის გაცნობიერება მოხდა, ვფიქრობ, საქართველოში გაიხსნება პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამჟამად მკვდარ წერტილშია. რუსეთი და დასავლეთი მოილაპარაკებენ, თუ როგორ გაინაწილონ გავლენის სფეროები კავკასიაში ისე, რომ არც ერთი დაზარალდეს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ რეგიონში. _ ხშირად ავლებენ პარალელს პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის. ეს ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მომზადებული ნეგატიური პიარ-კლიშე ხომ არაა?_ ამ ორ პიროვნებას ერთმანეთს არ შევადარებ, რადგან ბადრის მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პოლიტიკაში თამაშობდა წესების გარეშე _ აფინანსებდა და ეხმარებოდა როგორც მმართველ პარტიას, ისე _ ოპოზიციურ პარტიებს. პოლიტიკასთან მიმართებაში მის ნაბიჯებში რაღაც მაფიოზური იყო. პოლიტიკა კი, ვერც მაფიოზურ მიდგომებს იტანს, ვერც _ ზედმეტად ბიზნესურს. პოლიტიკა სხვა რანგის ფენომენია. აქედან გამომდინარე, ტრაგიკულად დამთავრდა ბადრის ყოფნა პოლიტიკაში. არ მგონია, ივანიშვილმა დაუშვას მსგავსი რანგისა და ყაიდის შეცდომები როგორც პოლიტიკოსმა, რადგან საკითხი ცოტა სხვანაირად დგას... მოქალაქეობის ჩამორთმევა მისი პოლიტიკიდან გაგდებას არ ნიშნავს, მაგრამ შეიძლება, სხვა სტილით და მეთოდებით ებრძოლონ, მაგალითად, გააძევონ საქართველოდან რაღაცის მომიზეზებით. მაშინ რა სვლები აქვს გათვალისწინებული ივანიშვილს, ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობს. თანაბარ ბრძოლაში, მმართველ პარტიას გაუჭირდება გამარჯვება ყველაფრის გათვალისწინებით. ივანიშვილი თუ მოქალაქე არ იქნება, არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, როგორც პარლამენტარობის კანდიდატი, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის სხვა გზებიც არსებობს. ვთქვათ, შეიქმნა პარტია „ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა დემოკრატიული და აყვავებული საქართველოსთვის“, რომელსაც დააფუძნებენ მოქალაქეობის მქონე პიროვნებები, მაშინ? ასე რომ, გააჩნია, რას მოიმოქმედებს ამ ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის გამკეთებელი ბიზნესმენი. _ როგორც ვიცი, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილზე ინფორმაციას აგროვებდით. რას გაიხსენებთ მისი ბიოგრაფიიდან?_ განსაკუთრებული არაფერი ვიცი... უბრალოდ, როცა ჟურნალისტი ვიყავი, ვწერდი წერილებს გამოჩენილ და გამორჩეულ ბიზნესმენებზე. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც. ამასობაში ბევრ საინტერესო პასაჟს გავეცანი, თუნდაც იმას, რომ ჰქონდა საკმაოდ დუხჭირი ბავშვობა და სიჭაბუკე, სწავლობდა თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტის საღამოს დასწრებულზე, დღისით კი, მუშაობდა ავეჯის ქარხანაში. ის არაჩვეულებრივად თამაშობდა კარტს საერთო საცხოვრებელში, სადაც ბინადრობდა, ყველას უგებდა და როდესაც ხელფასის დღეს ყველას ”გაასუფთავებდა” და`მოგებულს~ აიღებდა, თამაშის დამთავრების შემდეგ, ყველას უბრუნებდა თავის ხელფასს. ასეთი საოცარი პიროვნება იყო... _ აზარტული რომაა, ეს ახლაც გამოჩნდა..._ კი ბატონო. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი აზარტული და საინტერესო ადამიანი იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უკეთესი. მმართველმა პარტიამ არ უნდა დალუქოს პოლიტიკური სივრცე და `ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან~ ჩინეთის კომპარტია არ უნდა შექმნას, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. _ თქვენი აზრით, რატომ აირჩია პრეზიდენტმა დუმილის ტაქტიკა?_ პრეზიდენტი და მისი თანამოაზრეები, ალბათ ელიან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუშვებს შეცდომებს, ამზადებენ ეფექტურ კონტრშეტევებს და საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებსაც დგამენ, თუნდაც მოქალაქეობის ჩამორთმევა რად ღირს. როგორც აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილთან იქნება ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ გააჩნია, რას გადაწყვეტენ ამერიკელები და რუსები. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ივანიშვილი უნდა დარჩეს პოლიტიკურ სარბიელზე, მაშინ ნებისმიერი ანტიმაკომპრომეტირებელი გადაცემა, ან მასალა პირიქით იმუშავებს. უბრალოდ, ასეთი გადაცემები, მათი ავტორების აზრით, კეთდება უბირი ხალხის გადასარწმუნებლად, როგორადაც მათ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მიაჩნიათ. ესაუბრა ნანა ფიცხელაური
|