
მოქალაქეობა ადამიანის სახელმწიფოსთან სამართლებრივ-პოლიტიკურ კავშირს და საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს. ის, რაც ქართულმა სახელმწიფომ, სამართლებრივ კონტექსტში, ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განახორციელა, ცდება დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსს და მოქალაქეებში სამართლებრივ ნიჰილიზმს წარმოშობს. ჩვენ აღარ შევჩერდებით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის თანამიმდევრობაზე. საზოგადოება, ბოლო დღეების მანძილზე, ინფორმირებულია ამ სამართლებრივი კაზუისტიკით. ამასთან, შევნიშნავთ, რომ სწორი სამართლებრივი სტრატეგიაა, ერთი მხრივ, მიემართოს სასამართლოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ და პარალელურ რეჟიმი, კანონის თანახმად, მოხდეს პრეზიდენტისადმი წერილობითი მიმართვა მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
დღეს ბიძინა ივანიშვილი თავის მეუღლესთან ერთად, საქართველოში უკვე უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის სტატუსით ცხოვრობს. პრეზიდენტმა მათთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების შესახებ ბრძანებულება 2011 წლის 11 ოქტომბერს მიიღო.
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის სამართლებრივ-პოლიტიკურ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან 2005 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონი `უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს და მათ ქვეყანაში შემოსვლა პირადობის მოწმობის საფუძველზე შეუძლიათ.
ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი იმავდროულად, 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობასაც ასრულებს. ამ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ის უნდა სარგებლობდეს დიპლომატიური ვიზის უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე პირი საქართველოში ვიზას გამოიყენებს მრავალჯერადი, ერთჯერადი ან არა უმეტეს 15 წლით ქვეყანაში ყოფნის უფლებით.
კანონი განსაზღვრავს საქართველოში ვიზის მოქმედების ვადებსაც. მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რაც, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში ან ერთი თვის მანძილზე.
კანონი განსაზღვრავს იმ უცხოელი პირის სამართლებრივ მდგომარეობასაც, რომელსაც უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ პირებზე შეიძლება გაიცეს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო პირები, რომლებმაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წელიწადი, უნდა მიეცეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
კანონით, ასეთ ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები შეიძლება იყოს: თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, იდევნება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, კანონდარღვევით წარმოადგენს ბინადრობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციას ან სხვა გარემოებებისას.
უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება წინა განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ, ხოლო თუკი მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, კანონი ამბობს, რომ მისი ჩამორთმევის ერთ-ერთი საფუძველია, თუ პირი განახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას.
საქართველოში უცხოელებს აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, რაც საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა მათ არ აქვთ უფლება გაწევრიანდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში, მიიღონ მათ საქმიანობაში მონაწილეობა ან დააფუძნონ ისინი, მონაწილეობდნენ არჩევნებში და არჩეულ იქნენ თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, მიუხედავად ამისა, საქართველოში უცხოელებს აქვთ უფლება დააფუძნონ საზოგადოებრივი გაერთიანებები.
კანონი, ამასთან ადგენს საქართველოდან უცხოელის გაძევების პროცედურებსაც. ამ საფუძვლებშიც, ერთ-ერთ პირობად იგულისხმება პირის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის და აგრეთვე, სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. გადაწყვეტილება საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გარდა მოცემული კანონისა, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ბრძანებულების `უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ” თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. არსებობს ორგანული კანონიც `საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”. რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქედ მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები და საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
კანონის თანახმად, თუკი პირს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება (მუხლი 30) მოქალაქეობიდან გასვლით (მუხლი 31) ან მოქალაქეობის დაკარგვით (მუხლი 32), უფლება აქვს აღიდგინოს (დაიბრუნოს) საქართველოს მოქალაქეობა. (მუხლი 27) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა 17 ოქტომბერს გავიდეს რუსეთის მოქალაქეობიდან და დაიტოვოს საფრანგეთის მოქალაქეობის სტატუსი, პარალელურ რეჟიმში კი მიმართოს სასამართლოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ისარგებლებს საფრანგეთის მოქალაქისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ დადგენილი უფლებამოსილებით.
არჩილ კაიკაციშვილი
იურისტი