რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!ნაწილი მეორე
ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.
ამასთან ერთად იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს.
შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს.
ვიმეორებ: მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!
რატომ მოვედი პოლიტიკაში
ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.
ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა.
ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო.
ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.
მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა. ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითეულმა მოქალაქემ, უნდა შესძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა.
ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.
პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.
მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.
მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.
საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ნებსით თუ უნებლიეთ წამოკიდული ტვირთისაგან.
მე მზად ვარ საზოგადოებისგან წამოსულ ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.
არც მე ვარ უშეცდომო და ჩემს შეცდომებს არ ვმალავ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და რაღაცეებზე უარი უნდა თქვან, აი, ამის შემდეგ მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან ვითანამშრომლო, სხვანაირად და სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა არ შედგება.
ჩემი აზრით, ჯერ უნდა გაივლოს სადემარკაციო ხაზი, უნდა შეიქმნას ორი პოლუსი და ნათლად უნდა ითქვას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ვისი გვერდით ვერ დავდგები და ვისთან ვერ ვითანამშრომლებ.
გაგრძელება შემდეგ ნაწილში