
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ბრძანებულების `უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ” თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ბრძანებულებაში გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველადაც. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
ჩვეულებრივ პირობებში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს განსაზღვრავს ორგანული კანონი `საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები და საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
ეს კანონი ადგენს, რომ პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს მოქალაქედ დებულებებით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად, მოქალაქედ მიიღოს პირი, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი საზოგადოებრივი საქმიანობით, ან მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
კანონის თანახმად, თუკი პირს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება (მუხლი 30) მოქალაქეობიდან გასვლით (მუხლი 31) ან მოქალაქეობის დაკარგვით (მუხლი 32), უფლება აქვს აღიდგინოს (დაიბრუნოს) საქართველოს მოქალაქეობა. (მუხლი 27) კანონში მკაფიოდაა ჩამოთვლილი მოქალაქეობის აღდგენის პირობები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა შემდეგი გარემოებებით: ა) არამართლზომიერად; ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; გ) მშობლების არჩევანის შედეგად, ხოლო თუკი პირს მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს კანონის უკვე ზემოთქმულ მოთხოვნებს: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები და საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
კანონის თანახმადვე, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. (მუხლი 34) კანონით, მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება: უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. Aარსებობს მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დადგეს საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის სამი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება პირი თუ: ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში და სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.
არჩილ კაიკაციშვილი
იურისტი