პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე არ გამორიცხავს, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში "მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მიდიოდეს".ასე შეაფასა ბერიძემ პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცნობილი მეცენატის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
"დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური პროცესი მკვდარია. ფაქტობრივად, ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტიაა “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რომელებიც პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებს, სხვა პარტიებს კი ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ და შესაბამისად, პოლიტიკურ არენაზეც ნაკლებად ჩანან. ამ ფონზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა ძალიან საინტერესო სიტუაციას შექმნის. თუმცა მთავარი ისაა, რისთვის მოდის ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილის შესაცვლელად, თუ მის გადასარჩენად?", - განუცხადა "პირWელს" ბერიძემ, თუმცა საკუთარ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
მისივე აზრით, "თუ ივანიშვილი პოლიტიკაში წავა, მისი ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინთან უშუალოდ თუ გაშუალებულად აუცილებლად იქნება შეთანხმებული".
ამასთან, "პირWელთან" საუბრისას პოლტოლოგმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ "ივანიშვილის გაპოლიტიკოსება ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლად ვერ შეფასდება".
"ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვს. მან ბიზნესი რუსეთში აკეთა და ფულიც იქ იშოვა, საქართველოსთვის კი ის მხოლოდ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და დიდი ქველმოქმედია. ასევე საინტერესოა, როგორ შემოვა ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც ქართულ საზოგადოებასა და პრესაში თითქმის არასდროს გამოჩენილა და ლამის "ღვთისკაცადაა" შერაცხული. ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა პოლიტიკურ არენაზე შეძლებული და გავლენიანი პოლიტიკური ძალის გამოჩენა იქნება, რომელიც პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის", - აღნიშნა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
ამის შესახებ "პირWელს" "ქართუ ჯგუფის" პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
"მე გადავწვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია უფრო ვრცელ განცხადებას 7 ოქტომბერს გაავრცელებს.
თელარა გელანტია
"პირWელი"