
ვაჟა ბერიძე: ამ საარჩევნო გარემოს პირობებში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს
მეტის, მეტის, მეტის მეტი,.. სიღნაღი რითააა ჩვენზე მეტიო, თქვეს თელაველებმა და დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატს, ფაქტობრივად, ერთხმად დაუჭირეს მხარი. მართალია, თელავში ზოგიერთები, როგორც ამბობენ, ერეკლეს ძეგლს დარაჯობენ, რათა იგი არ იქნას გადატანილი სხვაგან, მაგრამ თელაველები ხომ გადაადგილდებიან თავიანთი შეხედულებისამებრ. ჩანს, მათ ნაციონალები ეიმედებათ, ამიტომ მათ კანდიდატს უჭერენ მხარს. გამარჯვებუილი კანდიდატის სლოგანიც ამაზე მეტყველებს.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, თელავის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები რეალობასთან ძალიან ახლოსაა, რადგან რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ოპოზიციური პარტიებისას აღემატება.
როგორც ექსპერტმა “მედიანიუსს” განუცხადა, ამას ემატება ხელისუფლების ხელთ არსებული ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხარვეზებიანი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოსათვის დამახასიეთებელია და არჩევნებში ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც თელავში გუშინ ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში დაფიქსირდა.
ბერიძის განცხადებით, იგი არსებულ საარჩევნო გარემოში ასეთ შედეგს ელოდა.
“რეგიონების მოსხლეობას არა აქვს საშუალება, ინფორმაცია მიიღოს ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შესახებ, ეს კი განაპირობებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებსა და არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს. ჩემი გათვლებით და, მინდა გითხრათ, რომ ჩემი გაანგარიშება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედგებს ეყრდნობა, რეგიონებში ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი 30-50 პროცენტამდე მერყეობს”, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში მიმდინარე შემოდგომაზე უნდა აისახოს, რეალურად საარჩევნო გარემოს არ ცვლის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით, დაახლოებით 75 პროცენტით, კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს.
“მეორე ადგილზე გავლენ ქრისტიან-დემოკრატები, შემდეგ `თავისუფალი-დემოკრატები~ და ლეიბორისტები. ეს არის ის პარტიები, რომელთაც ამ საარჩევნო გარემოს პირობებში საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეუძლიათ”, - განაცხადა ბერიძემ.
მისი თქმით, თელავის მაჟორიტარული არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგები ოპოზიციისათვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს და მათ რეალური საარჩევნო ცვლილებების მიღწევის მიმართულებით სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყონ.
“მუშაობა უნდა დაიწყოს დღეიდანვე”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით ოპოზიციის მოთხოვნებში პირველ პლანზე უნდა წამოიწიოს ისეთმა მნიშვნელოვანმა საკითხებმა როგორიც არის თავისუფალი მედია, ბიზნესგარემო და სასამართლო.
“დღეისათვის ოპოზიციურ პარტიებს ბიზნესმენები არ აფინანსებენ, საქართველოში მოქმედი ბიზნესმენები მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებენ. მედიაგარემო საჭიროა იმისათვის, რომ მოსახლეობამ ოპოზიციის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, ხოლო თავისუფალმა სასამართლომ საარჩევნო სარჩელები უნდა განიხილოს მიუკერძოებლად”, - განმარტა მან.
ცნობისთვის: წინასწარი შედეგებით, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, თელავის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დავითაშვილმა 16 790 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 84.33 პროცენტია. თელავში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა ხმების 10.94 პროცენტი (2179 ხმა) მიიღო, ხოლო "მრეწველების" წარმომადგენელმა ვასილ არაბულმა – 4.72 პროცენტი (940).
მედიანიუსი