ნანახია: 580
ფარმაცევტული პროდუქციის ზოგიერთი სახეობის რეკლამას გამაფრთხილებელი წარწერა უნდა დაერთოს
მთავრობა ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამაზე კონტროლს ამკაცრებს. ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამირების წესების გამკაცრებას მთავრობის მიერ ინიცირებული "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის აგრარული კომიტეტის პარასკევის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ განაცხადა, ცვლილებები ერთი მხრივ დღეს არსებული რეგულაციების გამკაცრებას და მეორეს მხრივ, საკანონმდებლო ბაზის სრულად ამოქმედებას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქცია რეკლამირების წესების თვალსაზრისით სამ ჯგუფად დაიყოფა. პირველი ჯგუფში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამა შევა, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპულ საშუალებებს და პრეკურსორებს გულისხმობს. აღნიშნული პროდუქციის რეკლამა დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც აკრძალულია და ახალ კანონშიც იგივე ნორმა დარჩება. მეორე ჯგუფში გაერთიანდება ისეთი ფარმაცევტული პროდუქცია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია. ასეთი პროდუქციის რეკლამა, პროექტის მიხედვით, უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას - "რისკების და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს". ამასთან, სატელევიზიო რეკლამისას, ეკრანზე უნდა გაჩნდეს გამაფრთხილებელი წარწერა, არანაკლებ სამი წამის განმავლობაში. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ასეთ ჯგუფში შევა ისეთი ფარმაცევტული პროდუქცია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხეების შექმნასთან იყოს დაკავშირებული. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის წამლების რეკლამირებისას, სარეკლამო ტექსტის შეთანხმება უნდა მოხდეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან. ამასთან, რეკლამად არ ჩაითვლება ფარმაცევტული პროდუქტის მარკირება, ინსტრუქცია, საქმიანი კორესპონდენცია და ჯანმრთელობასთან ანდა დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
|