
თბილისის მერია „თბილისობა - 2011" დღესასწაულისთვის 7000 კგ ყურძნის შესყიდვას გეგმავს.
ამ მიზნით, ქალაქის მთავრობა მინიმუმ 8032 ლარს დახარჯავს.
მერიამ ყურძნის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადად 2 სექტემბრის 15:00 საათი განისაზღვრა.
თბილისობის დღესასწაული ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. სახალხო ზეიმი 2 დღეს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც დედაქალაქის შუაგულში - რიყეზე, გრანდიოზული საწნახელის მოწყობა და ყურძნის დაწურვის სახალხო ცერემონიალი შედგება.
გარდა ამისა, თბილისში მოეწყობა სოფლის პროდუქტის გასაყიდი ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, სპექტაკლების პრემიერები, ლიტერატურული თუ სხვა დაჯილდოების ცერემონიები.