ნანახია: 784
სასურსათო პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით, არსებული პრობლემები თანამედროვე საქართველოს რეალობაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს მოქმედი კანონი, რომელიც სურსათის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს დანერგავს. მართალია, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ მწარმოებელმა გარკვეული სტანდარტი აუცილებლად უნდა დანერგოს, მაგრამ ამ კანონის ამოქმედება 2011 წლამდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილების ავტორთა არგუმენტით, ქართული საწარმოები დღესდღეობით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ და აღნიშნული კანონის ძალაში შესვლა ბევრ ქართულ საწარმოს გააჩერებს, ამიტომ უმჯობესია, 2011 წლამდე ქართული წარმოება მომძლავრდეს და სტანდარტებზეც მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან და ევროკავშირთან სავაჭრო პრეფერენციების მიღებაზე საუბრობს. თუმცა, იმ პირობებში, როცა, ადგილობრივი წარმოება არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რამდენად რეალურია სავაჭრო შეღავათების მოპოვება, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო საკითხია. ერთი სიტყვით, ბაზარში შესული მომხმარებელი პროდუქტის არჩევისას მხოლოდ ინტუიციასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ სასურსათო პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია კვლევებსა და ანგარიშებს საკმაოდ ხშირად აკეთებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძესთან ვისაუბრეთ. - არსებობს თუ არა საქართველოში ხარისხის მაკონტროლებელი ორგანოები და როგორ მუშაობენ ისინი? - სამომხმარებლო სფერო არის ძალიან დიდი. იგი მოიცავს არა მარტო სურსათს, არამედ ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, ფასების პოლიტიკას, მომსახურების სფეროს, შესრულებულ სამუშაოს და ა.შ. ეს ყველაფერი ეხება და აინტერესებს მომხმარებელს და შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. მაგრამ ამ სფეროში მხოლოდ სურსათის მაკონტროლებელი არსებობს. ეს არის სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელსაც კონტროლი შეჩერებული აქვს 2010 წლის ბოლომდე. დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, არცერთ სფეროში მომხმარებელთა უფლებები არ არის დაცული და ის არ კონტროლდება. სურსათის უვნებლობის სამსახური ახორციელებს მონიტორინგს, რომელიც სამომხმარებლო ბაზრის შესწავლას გულისხმობს. ამ დარგში, ასე თუ ისე, რაღაც კეთდება, მაგრამ მე ვთვლი, რომ მაკონტროლებელი უნდა იყოს სამომხმარებლო სფეროს ყველა დარგში. - რა არის იმის მიზეზი, რომ ხარისხის მაკონტროლებელი ორგანოები ცუდად მუშაობენ, დაფინანსების ნაკლებობა აქვთ, კორუმპირებულები არიან, თუ რამე სხვა მიზეზია? - დაფინანსება როგორ არ აქვთ. როგორც ვიცი, სახელმწიფომ სურსათის უვნებლობისა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მონიტორინგის ჩასატარებლად 30 000 ლარი გამოყო. კორუფციული გარიგებები არასწორი მიდგომაა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი კორუმპირებული ორგანო და სისტემა არსებობდა, მაგრამ შეიქმნა კარგი ანალოგიები. მაგალითად, პატრული არაჩვეულებრივ სისტემად ჩამოყალიბდა, სადაც კორუფციული გარიგებები ნოლამდეა დაყვანილი და მოსახლეობაც კმაყოფილია. ხარისხის მაკონტროლებელ ორგანოებშიც, თუ ეს იქნება კარგად დაგეგმილი, გაკეთებული და ჩამოყალიბებული, შეიძლება კორუფციული რგოლები საერთოდ ამოვარდნილი იყოს. მე, მაგალითად, ამ სამსახურის უეფექტო მუშაობას კორუფციას ყველაზე ნაკლებად ვაბრალებ. - როგორ შეაფასებდით სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რა ხარვეზებს გამოყოფთ ან პირიქით, რა დადებით აქცენტებზე გაამახვილებდით ყურადღებას? -კანონში, რომელიც სურსათის უვნებლობას არეგულირებს, არის რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები, მაგრამ მე უფრო შემიძლია ვისაუბრო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონთან დაკავშირებით. ეს არის სრულიად უმოქმედო და მომხმარებლისთვის არაფრისმომცემი კანონი. იმის გამო, რომ მომხმარებელი ელემენტარულად არ არის დაცული არც ეკონომიკური ზარალისაგან და არც არაფრისგან. ამ კანონში არ არსებობს არაკეთილსინდისიერი მეწარმის დამსჯელი მექანიზმები, ანუ მან როგორ უნდა აუნაზღაუროს მომხმარებელს ზარალი. წერია, რომ უნდა აუნაზღაუროს, მაგრამ რომ არ აუნაზღაუროს, მაშინ რა იქნება? აი, ეს უკვე არ არის გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ ამ კანონს დახვეწა არ უშველის, ის მთლიანად, თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს და ახლიდან გაკეთდეს. თუმცა, ამ კანონში შევიდა კარგი დამატებითი მუხლებიც. ეს არის ეტიკეტირებასთან, ანუ პროდუქციის მარკირებასთან დაკავშირებული მუხლები. ეს ძალიან კარგი ცვლილებაა და თუკი მეწარმე მართლა გაითვალისწინებს კანონს და ეტიკეტი კანონით იქნება შედგენილი, მომხმარებელს სრული ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება. ასევე კარგი მუხლია ქართულენოვან ეტიკეტთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვიცით, ეს არ ხორციელდება და არ არის მასზე ზედამხედველობა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი მთლიანად მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. - რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ქართულმა წარმოებამ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომელსაც ჰასაპი გულისხმობს? - ჰასაპი ეს არის ძალიან კარგი სისტემა, უვნებლობისა და მიკვლევადობის სისტემა და ძალიან კარგი იქნება, თუ იგი ყველა საწარმოში იქნება დანერგილი. თუ იგი დანერგილია საწარმოში, ამით მეწარმეს ეძლევა საშუალება ნედლეულის შეძენიდან პროდუქციის მომხმარებლამდე მისვლამდე გააკონტროლოს მთლიანი ციკლი. თუკი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ან უვნებლობის პარამეტრები დაირღვა, მეწარმეს ეძლევა საშუალება მოძებნოს ის რგოლი, სადაც აქვს სუსტი წერტილი და გამოასწოროს. მე მხოლოდ მივესალმები, თუ მისი დანერგვა მოხდება მთელს საწარმოში. 2010 წლის ბოლომდე სავალდებულოა, რომ საქართველოში ყველა საწარმოს ჰასაპი ჰქონდეს დანერგილი. - ამ პირობებში, თუ საქართველოში სურსათის უვნებლობის ასეთი დონე შენარჩუნდება, რამდენად რეალურია ქართული სურსათის ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გატანა? - მე მქონდა შეხვედრები ევროპელ ექსპერტებთან და ამ თემაზეც ვისაუბრეთ. მათ ძალიან სწორი რამ თქვეს, რომ თუკი სურსათი არ გაკონტროლდება და თუკი რისკი არ არის გამორიცხული მწარმოებელ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ამ პროდუქციას ენდოს სხვა ქვეყნის მომხმარებელი. ერთია, რომ პროდუქცია შევიდეს ევროპულ ბაზარზე და მეორეა, რამდენად ენდობა და შეიძენს მას მომხმარებელი. - ბოლო დროს მთავრობა ბევრს საუბრობს იმაზე, რომ ევროპა და ამერიკა შეღავათების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო რეალიზაციის ხელშეკრულებაზე აპირებს ხელის მოწერას. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? -თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს იმას, რომ ქართული ნაწარმი გაიოლებული ფორმით შევა ევროპისა და ამერიკის ბაზარზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ბაზარზე შესვლა არაა მთავარი. მთავარია რამდენად მიიღებს და ენდობა მომხმარებელი და რამდენად იქნება ის ფალსიფიკაციისგან დაცული. მთავრობამ მონიტორინგის ჩასატარებლად გარკვეული თანხები გამოუყო სურსათის უვნებლობის სამსახურს, რათა საქართველოს ბაზარზე შესწავლილ იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოური პროდუქციაც და გამოირიცხოს ფალსიფიკაცია. 30 000 ლარი კი არ არის საკმარისი თანხა ყველაფრის მოწესრიგებისთვის. მე მივესალმები, თუკი სურსათის უვნებლობის სამსახურს აღუდგენენ მაკონტროლებლის სტატუსს და ის იქნება მაკონტროლებელი ორგანო სურსათში. ასევე კარგი იქნება, თუკი პარფიუმერიაში, წამალთან მიმართებაში და ასევე ჯანდაცვაში ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო აღდგება.
ესაუბრა გვანცა ზავრაშვილი
|