ახალგაზრდა ფინანსისტები იმ პროფკავშირების თვითლიკვიდაციას მოითხოვენ, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს. ამის მაგალითია ”მედიკოსთა დაცვის ლიგის” შექმნა. მედიკოსებმა ოფიციალურ პროფკავშირებს კი არ მიმართეს, ახალი პროფესიული გაერთიანება შექმნეს
აფბა აყენებს წინადადებას, შეიქმნას პროფესიულ კავშირებში შექმნილი მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, 5-7 ცნობილი და ავტორიტეტული მოღვაწის მონაწილეობით29 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო ”ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ”საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას” ბრიფინგი. ბრიფინგის უძღვებოდა აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
”გაერთიანებულმა პროფკავშირებმა” სიტყვიერი თანხმობა განაცხადა პროფკავშირების რეფორმირებაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე საერთოეროვნული დისკუსიის დაწყებაზე. თუმცა ”პროფკავშირების” ოფისში მისულ აფბას წევრებს შემოგვთავაზეს ერთსაათიანი მოხსენება ”კომპარტიის ცეკას” მოხსენების სტილში, არაფრისმთქმელი ფრაზებით და ფორმალური აქტივობების ჩამონათვალით. დიალოგისას პროფკავშირების ლიდერი დემაგოგიური განცხადებებით შემოიფარგლებოდა, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა და განზრახ არიდებდა თავს საგნობრივ დისკუსიას”, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
აფბა აღნიშნავს: ჩვენ მოვისმინეთ ერთსაათიანი ე.წ. ”მოხსენება”, მივიღეთ ე.წ. ”მასალები”, რომელთა უმეტესობა წინა წლების აქტივობებს ასახავს. ჩვენ დათქმული პირობისამებრ, შევისწავლეთ ეს მოხსენება და მასალები. ვასრულებთ საზოგადოებისთვის მოცემულ პირობას და ვაცხადებთ:
- პროფკავშირი უარს ამბობს ჩვენთან დისკუსიის გაგრძელებაზე, უარს ამბობს ამ დისკუსიისთვის ფართო ხასიათის მიცემასა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მასში ჩართვაზე. განსაკუთრებით, ეწინააღმდეგებიან ისინი ექიმების, მასწავლებლების, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერების ჩართვაზე ამ პროცესში, იმის ახსნაზე, რატომ არ იცავს პროფკავშირი მათ ინტერესებს და საერთოდ, რატომ არ აქტიურობს. ხომ არ არის ეს მათი ხელისუფლებასთან ფარული ალიანსის გამოხატულება”, - მიუთითებენ აფბელები.
გაერთიართიანებულ პროფკავშირებს ისინი მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტება, რატომ არ იცავენ VIII საავადმყოფოს ქუჩაში გამოყრილი ექიმების ინტერესებს, რატომ შეიქმნა ფაქტობრივად ალტერნატიული ექიმთა პროფკავშირი და რატომ არის ფორმალური ის პროფკავშირი, რომელსაც ბ-ნი ჯანაშია ხელმძღვანელობს.
აფბამ წარმოადგინა დასკვნა იმის თაობაზე, თუ რას შეიცავს ”პროფკავშირების საგანგებო მოხსენება” და მათი ე.წ. დოკუმენტები.
ესაა გაერთიანებული პროფკავშირების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გაგზავნილი ინფორმაციები. ასევე მათ მიერ საქართველოს შრომის კოდექსის თაობაზე გაკეთებული უარყოფითი დასკვნები, თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს უარყოფითი დასკვნები და რეკომენდაციები ოდენ ფურცელზე დარჩა და არ შესრულებულა.
”ჩვენ გადმოგვეცა ასევე ორი საქმე, სადაც პროფავშირების ძალისხმევით სასამართლომ დასაქმებულის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და მათ მატერიალური ზიანი აუნაზღაურა. აფბასა და პროფკავშირებს შორის შეხვედრისასაც აღინიშნა, რომ პრფესიული გაერთიანების იურისტები აქტიურად ეხმარებიან სამსახურებიდან გათავისუფლებულებს სასამართლოში უფლებების დაცვაში, ზემოთ აღნიშნულის შესახებ ჩვენ ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია, ისინი ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. ამასთან ცალკე აღნიშვნის ღირსია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა. სადაც ციტირებულია ზოგიერთი ”პორფკავშირების” მიერ მიწოდებული ფაქტი. თუმცა აღნიშნულია ორგანიზაციის მუშაობის სუსტი მხარეებიც. პირველი, დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროფკავშირებში გაწევრიანებული ადამიანები არ წარმოადგენენ, თავიანთი რაოდენობის ადეკვატურ ძალას და მხოლოდ მათი უმცირესობა იყო აქტიური შრომით მოძრაობაში. ამასთან დეპარტამენტი შენიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვის გამო გამართული გაფიცვები იშვიათი იყო”, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
აფბა მიესალბემა სხვადასხვა დარგებში ალეტრნატიული უფლებადამცველი ორგანიზაციების შექმნას. მაგალითად, ექიმების შემთხვევაში. მათი ინფორმაციით მსგავსი ტიპის ორგანიზაციის შექმნას მასწავლებლებიც აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქმედითი პროფავშირების არსებობის შემთხვევაში ასეთი გაერთიანებების შექმნის აუცილებლობა არ დადგებოდა.
ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, რომ საზოგადოების მხირდან პროფავშირებზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, მათი რეფორმირების ან თვითლიკვიდაციის მიზნით. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას რეალურად ქმედითი და დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხელისუფლების და დამსაქმებელთა მიერ დაქირავებული ადამიანების უფლებების ხელყოფის ყოველ კონკრეტულ ფაქტზე.
შეგახსენებთ საკითხის პრეისტორიას. საქართველოს პროფესიულ გაერთიანებებსა და ახალგაზრდა ფინანსისტებს შორის დისკუსია მას შემდეგ შედგა, რაც აფბა გამოვიდა ინიცატივით, გაუქმებულიყო ისეთი პროფკავშირები, რომლებიც მათ მთავარ ფუნქციას არ ასრულებს - დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს.
5 აგვისტოს, აფბას ბრიფინგზე შემდეგი სახის განცხადება გაკეთდა: ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა სწავლობს საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს. ამ თვალთახედვით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინსტიტუციის მნიშვნელობა, როგორიცაა პროფკავშირი. განვითარებული და საბაზრო ეკონომიკის მშენებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის აუცილებელია ტრიპარტიზმის პრინციპების განუხრელი და ეფექტიანი განხორციელება, მისი სამივე მდგენელის - მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფკავშირის მიერ თავიანთი როლის წარმატებულად შესრულება.
სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული ორგანიზაციები ვერასგზით გათავისუფლდნენ საბჭოთა მემკვიდრეობისა და მენტალიტეტისგან. დღეს ჩვენთან არსებული პროფესიული კავშირები, რომელთაგან უმსხვილესია “გაერთიანებული პროფკავშირები” ვერ იცავენ თავიანთი წევრების - დასაქმებულების ინტერესებს. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პროფკავშირები ძირითადად დაკავებული იყო საბჭოთა პროფკავშირების ქონებრივი მემკვიდრეობის ”სარფიანი” გასხვისებით. არსებითად, გაერთიანებულ პროფკავშირებში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. აფბა საზოგადოების წინაშე არარეფორმირებული პროფკავშირების ერთ, სერიოზულ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას - ის ვერ იცავს კონკრეტული დასაქმებული ადამიანების ინტერესებს, უძლური და უსუსურია, როცა დასაქმებულებთან მიმართებაში ადგილი აქვს სახელმწიფო მანქანის მხრიდან გამოჩენილ ძალმომრეობას და დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა უფლებების უხეშ და ცინიკურ იგნორირებას. წლების განმავლობაში გრძელდება მასწავლებლების, ექიმების, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერების გამოყრა კერძო სტრუქტურებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საავადმყოფოებიდან, სკოლებიდან, იხურება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მეცნიერები უმუშევრები ხდებიან. პროფკავშირები კი ამჟღავნებენ დანაშაულებრივ უმოქმედობას და უსულგულო დამოკიდებულებას ადამიანების სამართლიანი მოთხოვნებისადმი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში არაორაზროვნად იქნა დაფიქსირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების თვალსაზრისი ქვეყანაში პროფესიული კავშირების მიერ თავიანთი ფუნქციების ღირსეულად შესრულების აუცილებლობის შესახებ, დროა საზოგადოებამ ამ მხრივ არსებულ ვითარებას ადეკვატური შეფასება მისცეს.
ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნის შესასრულებლად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების გზაზე, დროა, შესწორებულ იქნას შრომის ის დრაკონული კოდექსი, რომელიც დაქირავებულს ფაქტობრივად მონის, აბსოლუტურად უუფლებო ადამიანის მდგომარეობაში აყენებს. აფბა გამოვდის ამ მიმართებით დისკუსიის დაწყების ინიციატივით და იმედოვნებს, რომ მასში აქტიურად ჩაერთვება ყველა პროფესიული გაერთიანება.
”აფბა” მიიჩნევს, რომ პროფკავშირები, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს, უნდა გაუქმდეს. მან თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს. დღეს საქართველოში არსებული პროფესიული გაერთიანებები კი სწორედ ამ შეფასებას იმსახურებენ და მათ არსებობას აზრი არ აქვს.
ახალგაზრდა ფინანსისტები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღევანდელ პროფკავშირებში არიან გაერთიანებულნი, არ გადაიხადონ საწევრო შენატანები. ეს შეიძლება დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ ამით ისინი შეაწყვეტინებენ არსებობას ისეთ ბუტაფორიულ დაწესებულებებს, როგორიც დღეს საქართველოში პროფკავშირების ინსტიტუტის სახელს ქვეშ ოპერირებენ.
აფბა მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული გაერთიანებები ჩრდილს აყენებენ ზოგადად პროფკავშრების იდეას და საერთოდ არ ჰგვანან განვითარებულ სახელმწიფოებში არსებულ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს, როგორც გავლენით, ისე ქმედითუნარიანობით. მთავარი და უმსხვილესი პროფორგანიზაცია - საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახდენს არა დასაქმებულთა ინტერესების დაცვას, რაც მათი პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს, არამედ მათი უფლებების დაცვის იდეის დისკრედიტაციასაც კი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროფესიულმა გაერთიანებემა, ვერ შეძლეს დაეცვათ მასწავლებლების, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების, ექიმების ინტერესები. ყველაფერთან ერთად, საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ვერ მიაღწია იმას, რომ ”საქართველოს შრომის კოდექსი” ევროპულ სტანდარტებთან დაახლობულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. აფბა თვლის, რომ ასეთი პროფესიული გაერთიანებები უნდა გაუქმდეს და მათ ადგილას შეიქმნას ნამდვილი, ქმედუნარიანი პროფკავშირები.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლო ყოველწლიურ მოხსენებაში, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერებას და მისი როლის ამაღლებას მოითხოვს. იგი მიმართავს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები ამ სფეროს განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მიმართავს სახელმწიფო სტრუქტურებს შეწყვიტონ ”მარიონეტული” პროფკავშირების მხარდაჭერა და იზრუნონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციების შესრულებაზე.
ახალგაზრდა ფინანსისტები მოვუწოდებთ მოქალაქეებს უარი თქვან არსებული პროფკავშირების საწევროების გადახდაზე, მათ მხარდაჭერაზე და შექმნან ახალი, თავიანთი ინტერესების რეალურად დამცველი პროფესიული გაერთიანებები”.
მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა: ”წინა ბრიფინგზე მობრძანდნენ სხვადასხვა პროფკავშირების მიერ გამოგზავნილი პროფკავშირული ფუნქციონერები და აქტივისტები, რომლებიც შეეცადნენ, თავიანთი გამოხდომებით და ქმედებებით ბრიფინგის ჩაშლას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ მოვუსმინეთ, ბრიფინგის მსვლელობის საზიანოდ, გავუმართეთ დისკუსია, რომელშიც, ჩვენი აზრით და მედიის შეფასებიდან გამომდინარე, მათი პოზიციები უარგუმენტო და უსუსური აღმოჩნდა”.
ამ განცხადების მედიაში გავრცელების შემდგომ პროფკავშირების მხრიდან ახალგაზრდა ფინანსისტების წინააღმდეგ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაისმა, მათ შორის: ”პროფკავშირების გაერთიანებას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფ, საარჩევნო ამბიციების მქონე მცირე ჯგუფს აქვს გარკვეული გეგმა და მათი იურისტები აქტიურად მუშაობენ ერთ-ერთ უმსხვილეს დეპარტამენტსა და სამინისტროში ალტერნატიული პროფკავშირის შექმნაზე. ეგრეთ წოდებული ალტერნატივის შექმნა იგეგმება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი საზოგადოებას, რომ რაიმე სახის პროტესტი არ გაუჩნდეს, იგეგმება პროფკავშირების და მათი ხელმძღვანელების დისკრედიტაცია.” (დისკუსიისას აფბას წევრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი პეტრიაშვილმა და პროფკავშირის ფუნქციონერებმა ვერ მოიტანეს ფაქტები და ვერ დაასაბუთეს, აფბას რომელიმე სახელისუფლებო ჯგუფის მიერ მართულობა).
აფბამ პროფკავშირებსა და საზოგადოებას იმის გასარკვევად თუ ვინ არის კორუმპირებული, დგანან თუ არა აფბას უკან სახელისუფლებო ჯგუფები, რომლებიც მას აფინანსებენ და მოსყიდვას ეწევიან, შესთავაზა საზოგადოებას ასოციაციის ხელმძღვანელების და პროფკავშირების ხელმძღვანელების ბინების, სახლების, მანქანების და აგარაკების დათვალიერება მედიის მონაწილეობით, რადგან ლოგიკურად, თუ აფბას უკან ძლიერი პოლიტიკური ჯგუფები დგანან, ისინი ჩვენ სამსახურში თანხას უნდა გვიხდიდნენ, რაც ჩვენი წევრების ფინასურ და მატერიალურ შესაძლებლობებს აუცილებლად დაეტყობოდა. თუმცა პროფგაერთიანების ხელმძღვანელებმა ასეთ საჯაროობას თავი აარიდეს.
შემდეგ იყო ე.წ. დისკუსია, თუმცა, ძნელია იმ თავყრილობას დისკუსია ეწოდოს. ერთ მხარეს იყო ოთხი აფბელი და მეორე მხარეს, პროფკავშირების მიერ მობილიზებული სრული აქტივი, 60-70 კაცის შემადგენლობით. ჩვენდა სამწუხაროდ, დისკუსია საუბრისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარიმართა. იყო 1 სათიანი მოხსნება, შემდეგ პეტრიაშვილის გუნდის წევრი პროფკავშირული აქტივისტების იმაზე საუბარი, თუ რა კარგია არსებული პროფაკავშირები და რა კარგად მუშაობენ ისინი.
არაოფიციალური განცხადება, რომელიც ”გაერთიანებული პროფკავშირების” ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის, იგი უარს ამბობს დისკუსიაში მონაწილეობაზე, რაზეც ადრე თანხმობა განაცხადა. თავად პროფკავშირების ლიდერი, ბ-ნი პეტრიაშვილი საზღვარგარეთ, მორიგ მივლინებაში იმყოფება.
აფბა იმედოვნებს, რომ პრობლემას ყურადღებას მიაქცევს პარლამენტი. იგი ”რეგულირებას კი არ გაუწევს პროფკავშირს”, რის მოთხოვნასაც გვაბრალებს ბ-ნი პეტრიაშვილი, არამედ იქნება პროფკავშირების გაძლიერების, ამ მოძრაობის რეფორმირების, მასზე სერიოზული განსჯის ინიციატორი. ჩვენ, აფბელები, ვიმედოვნებთ, რომ საერთო ეროვნული დისკუსია პროფკავშირების შესახებ შედგება და ქვეყანაში დასაქმებულებს ეყოლებათ თავიანთი უფლებების ღირსეული დამცველი პროფკავშირები.
აფბა აყენებს წინადადებას, შეიქმნას პროფესიულ კავშირებში შექმნილი მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, 5-7 ცნობილი და ავტორიტეტული მოღვაწის მონაწილეობით. ეს საბჭო 6-8 თვის მუშაობის შემდეგ, მოამზადებს და პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგენს დასკვნას შექმნილი მდგომარეობისა და გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა”-ს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
თეონა ჭიტაძე