
2011 წლიდან კომუნალური საგადასახადო სისტემა განსაკუთრებით გამკაცრდა. თუ არ გადაიხდის რომელიმე მოქალაქე დასუფთავების ან წყლის გადასახადს _ გამოურთავენ ელექტროენერგიას. ეს კანონი უდიდეს ეჭვს ბადებს, რომ წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების კომპანიები ხელისუფლების, ანუ ერთი და იგივე ხალხის ხელშია ან უკეთეს შემთხვევაში ამ კომპანიებზე ზეწოლაა განხორციელებული. თუ მეორე ვარიანტი სწორია, მაშასადამე საქართველოში ბიზნესის წარმოება ვერ ყოფილა იოლი, როგორც მავანნი ქადაგებენ. ისევ რჩება ეჭვი, რომ ყველა გადასახადი ერთ და იმავე ჯიბეში მიდის. ხოლო უცხოური კომპანიები, რომლებიც ფლობენ ელექტრო და წყლით მომარაგების კომპანიებს, მხოლოდ შირმაა.
დიახ, არ გადაიხდით ძვირფასო მორჩილო ქართველებო წყლის ან ნაგვის ფულს და გამოგირთავენ ელექტროენერგიას (გაზს ისედაც გირთავდნენ გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო). ახლა კი გადაუხდელ წყალს გაგვაყოლებენ. წყალს ვერ გამოგირთავენ, იმიტომ, რომ დიდი რიხით შეპირებული წყლის სისტემის გამრიცხველიანება ვერ გახორციელდა. ვინაიდან, ეს ძვირი დაუჯდებოდა მფლობელ კომპანიას. თუ ჩვენი ეჭვი მართალია, რომ მათ უკან მდგომი ნამდვილი მეპატრონეები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნები არიან, მაშასადამე, ეს ძვირი დაუჯდებოდათ ხელისუფლების ლიდერებს და მათ ოჯახებს. როგორც ვთქვით, კომპანიები რომ ხელისუფლების წევრთა საოჯახო კუთვნილებაა, მოარული ჭორი დადის და ლოგიკაც გვიბიძგებს ამგვარი ფიქრისთვის. დღევანდელი ხელისუფლების გადასახადები მონღოლ დამპყრობლების გადასახადზე უფრო სასტიკია. დაუნდობელია არაბი დამპყრობლების მიერ დაწესებულ გადასახადებზეც კი.
არაბებმა თავიდან მხოლოდ ჯიზია შემოიღეს, რელიგიური გადასახადი. მერე ხარაჯაც დაამატეს, საადგილმამულო გადასახადი. ამან კი აჯანყებები გამოიწვია ქართლში, თორემ თავიდან რელიგიური ჩაგვრა არ იყო იმდენად მძიმე, რომ აჯანყება დაწყებულიყო.
რაც შეეხება მონღოლებს, მონღოლების დროს დაინგრა ქართული სახელმწიფოს საკმაოდ გამართული ეკონომიკა.
თავიდან გადასახადებს ადგილობრივი ფეოდალები იღებდნენ და აბარებდნენ მონღოლ დამპყრობლებს, მერე მონღოლები აღარ ენდობოდნენ ადგილობრივ დიდებულებს და თავად ჰკრეფდნენ გადასახადებს. გადასახადების ამკრეფებს ბასკაკები ეწოდებოდათ.
ბასკაკი იმ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვა ირანში, ავღანეთში, საქართველოში, რუსეთში, მონღოლების მიერ დაპყრობილ ყველა ქვეყანაში.
მთავარი სასოფლო-სამეურნეო გადასახადი საყაენო გადასახადი”, ~მალი” იყო. აგრეთვე, ყოველ ას სულ საქონელზე ერთი სული საქონელი - ყაფჩერი” (ანუ 1%). სავაჭრო გადასახადი დამღა”, შესყიდულიდან სამი პროცენტი (3%). ადგილზე ჩაყენებული დამპყრობლებისთვის გადასახადი იყო ულუფა (უნდა გამოეკვებათ მონღოლები). ყოველ სოფელს ათასისთავისთვის უნდა მიეცა თითო კრავი და თითო ოქროს დრაჰკანი (დიდი ფული იყო). ათიათასისთავისთვის თითო ცხვარი და ორი დრაჰკანი. შრომითი გამოსაღები იყო ყალანი, ასევე საიამე _ ეს იყო მომსახურება ცხენებით, სარჩო-საბადებლით, სასტუმროთი და სხვა. ყოველ კაცს უნდა გადაეხადა მონღოლთათვის 100 ლიტრა პური, 50 ლიტრა ღვინო, 2 ლიტრა ბრინჯი, 3 თოფრაკი, 1 ისარი, 1 ნალი, 1 თეთრი (ქართული ფული), ყოველ 20 პირუტყვზე 1 პირუტყვი და 20 თეთრი (0.5%). ასევე ქართველებს უნდა ებრძოლათ მონღოლთა ომებში.”რომ შევადაროთ, დღევანდელი გადასახადები, პროცენტულად არაბებისა და მონღოლებისაზე მეტია. ამას მათქმევინებს ის, რომ მაშინ მონღოლები გადასახადს ახდევინებდნენ დასაქმებულ მოსახლეობას. ხალხს, რომელთაც ჰქონდათ მიწა და მიწაზე სამუშაო საშუალებები, შრომის იარაღი, ჰყავდათ საქონელი და ა. შ. გლახაკები, ხეიბრები და ეკლესია თავისუფალი იყო გადასახადებიდან.”დღეს სახელმწიფო, იმის მაგივრად რომ უმუშევრებს ფინანსური დახმარება გაუწიოს, ბეგრავს, გადასახადს ახდევინებს, თანაც იმავე დოზით, როგორც არიან დაბეგრილნი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები, რომლებსაც გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე სხვადასხვა პროფესიის მშრომელებს, აქა-იქ, დროდადრო რამდენიმე ლარის ძლივს მშოვნელ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.
დიახ, და (მეტიც) თქვენ უბრალო, ღარიბო ქართველო (ანუ ჩვენ), იბეგრებით ისევე, როგორც მილიონერები, ამ ხელისუფლების დასაყრდენი ძალა. თქვენც ერთ კუბომეტრ ბუნებრივ აირში იმდენსვე იხდით, რამდენსაც მილიონერები, შეძლებულები, დიდი ბიზნესმენები და მინისტრები და ასევე უნამუსოდ გაქსუებული, გაზულუქებული, მილიონერი ოპოზიციონერები (51 თეთრს). თქვენთვის ეს საკმაოდ დიდი ფულია, მათთვის კი მზესუმზირის ხურდაც არ არის.”ამ ფონზე, ალბათ დამეთანხმებით, ~ულუსობა” ნაკლებად დამთრგუნველი იყო, მონღოლების გადასახადები უფრო ადამიანური ჩანს, ვიდრე ჩვენი დროის დამოუკიდებელი ხელისუფლების გადასახადები, რომელსაც ეთანხმება გაქსუებული ოპოზიცია.
შეიძლება ითქვას, ჩვენი პოლიტიკური ელიტა, შევარდნაძის მიერ შექმნილი, ორივე მხარე, არიან " ბასკაკები!
გაიოზ მამალაძე"საერთო გაზეთი”