ნანახია: 282
სხვაზე მეტი რა დააშავა?
სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი ესპანელმა სამართალდამცავებმა პატიმრობიდან გერმანიის კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად გიორგობიანმა დღეს, 23 აგვისტოს, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ ესპანეთის ხელისუფლებას ბიძინა გიორგობიანის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ესპანელმა სამართალდამცავებმა კუნძულ მაიორკაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აღმოაჩინეს, რომ მას ქართველი სამართალდამცავები ინტერპოლის მეშვეობით ეძებდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წელს ბიძინა გიორგობიანი სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა. გიორგობიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხე–ტყის უკანონო გასხვისების ორ ფაქტზე იყო აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 6–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. განაჩენი ძალაში დატოვეს ზემდგომმა ინსტანციებმა. ამ დროს ბიძინა გიორგობიანი უკვე გერმანიაში ცხოვრობდა. მან 2005 წლის გაზაფხულზე საქართველო დატოვა და გერმანიიდან ტელეკომპანია `რუსთავი 2~-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელ უშიშროების სამსახურის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მის დევნაში დაადანაშაულა. 2007 წელს საქართველოს ტელევიზიებით გავრცელდა გიორგობიანის მიმართვა, რომელშიც აცხადებდა, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ შეთითხნეს, რაც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ხე-ტყის უკანონო ვაჭრობიდან შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა. პირველად საქართველო გასული საუკუნის 90–იან წლებში დატოვა და გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა სატყეო დეპარტამენტს. 2007 წელს, გიორგობიანის წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ მისი ძებნა გამოაცხადა და ინტერპოლს მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ესპანეთი თხოვნას გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახლდათ კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებია. თავის დროზე მას პატიმრობაც კი ემუქრებოდა, რადგან ნაჭყებიამ გიორგობიანის მხარე დაიჭირა,. მისი განცხადებით, ის არ შეეკრა უშიშროების თანამშრომლებს და ისინი გიორგობიანის წინააღმდეგ ფაქტების გაყალბებაში ამხილა. `გახსოვთ, ხელისუფლება სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროს ბიძინა გიორგობიანს რატომ გადაეკიდა? გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მივლინებული კუდ-ის მაიორი გოგიტა პაპაშვილი და მასთან ერთად სხვა უშიშროების თანამშრომლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ხეტყით უკანონო ვაჭრობის საქმეს კურირებდნენ, რაც ითვალისწინებდა უსაქონლო ოპერაციებს, თანხების ჩამოწერასა და სხვა. სწორედ იმ დროს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხეტყის უკანონოდ ჭრამ იმატა. ბიძინა გიორგობიანმა თავისი განკარგულებით ეს შავი ბიზნესი შეაჩერა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ვაჭრობა აკრძალა, მანვე უარი განაცხადა ტყეების პრივატიზების ბენდუქიძისეულ გეგმაზე, სწორედ ამის შემდეგ დამავალეს მასზე ისეთი აქტის დაწერა, რომლითაც მას ადვილად მოიცილებდნენ თავიდან”, - აცხადებს ნუგზარ ნაჭყებია. ნაჭყებიას გადაწყვეტილებას, დაპირისპირებოდა მავანის ინტერესს გიორგობიანთან დაკავშირებით, სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ამ ფაქტის შემდეგ მის მიმართაც დაიწყო სამართლებრივი დევნა. სერიოზული პრობლემები შეექმნა ხათუნა ტყეშელაშვილსაც, საქმე ის არის, რომ უშიშროების შეკვეთილი და კონტროლის პალატის მიერ შედგენილი გიორგობიანის საწინააღმდეგო აქტი შეამოწმა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიურომ, კერძოდ, ექსპერტმა ხათუნა ტყეშელაშვილმა და დასკვნაში დაადასტურა კონტროლის პალატის დასკვნის სიყალბე. ამის შემდეგ ხათუნა ტყეშელაშვილი ჯერ თანამდებობიდან მოხსნეს, შემდეგ კი აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. ერთი სიტყვით, გიორგობიანის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ტარიელ ონიანთან დაკავშირებული საქმის შემდეგ, ესპანეთის პოლიციასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ გიორგობიანი ონიანი არ არის. ის უკვე გერმანიის მოქალაქეა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მისი `დანაშაულის~ ანატომია, გერმანულ პოლიციას კარგად აქვს შესწავლილი.
ლევან მარტაძე
|