ნანახია: 243
“თავისუფალი დემოკარტების” ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თბილისელებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მოქალაქეებმა საფინანსო-საკრედიტო ბიუროსგან მიიღეს გაფრთხილება, რომ 1999-2002 წლებში მოხმარებული წყლის დავალიანება დაფარონ. აღნიშნული ფაქტი აბაშიძემ საფინანსო-საკრედიტო ბიუროს შენობასთან გააპროტესტა და შეეცადა გაერკვია, ვის ეკუთვნის ეს ორგანიზაცია და რის საფუძველზე დაიანგარიშეს დავალიანება. “როგორც საკრებულოს წევრმა, მოქალაქეებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია “საფინანსო-საკრედიტო ბიურო”. ეს ორგანიზაცია 1999-2002 წლების წყლის დავალიანებას ითხოვს. ამ პერიოდში სასმელი წყალი იყო უფასო და, შესაბამისად, დავალიანება არავის ჰქონდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს შესაბამისი გამაფრთხილებელი დოკუმენტაციაც წარუდგინა. აბაშიძე შეეცადა, თავად ბიუროს ხელმძღვანელობისთვის ეთხოვა საქმის ვითარებაში გარკვევა, თუმცა შენობის ეზოში მას მხოლოდ დაცვის წევრი დახვდა, რომელმაც საკრებულოს წარმომადგენელს აცნობა, რომ “ხელმძღვანელობა გასვენებაშია წასული და ამ დროისთვის ადგილზე კომპეტენტური პირი არ იმყოფება”. დაცვის წევრისგან მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ საფინანსო-საკრედიტო ბიურო კერძო ორგანიზაციაა და მას სპეცრაზმის ყოფილი უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ამასთან, ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერიას, გააგებინოს საზოგადოებას, გაიყიდა თუ არა წყლის სადისტრიბუციო ნაწილი და გაყიდვის შედეგად გაძვირდება თუ არა წყლის გადასახადი.
|