
ანაკლია 2015 წლისთვის 400 ათას სტუმარს უმასპინძლებს და შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი გახდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების ცერემონიაზე 22 აგვისტოს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ანაკლიაში გაკეთდება ახალი გზა, რომელიც ზღვისპირეთის მთელ გაყოლებაზე გადაიჭიმება და ანაკლიიდან ფოთამდე ჩასვლა 15 წუთში, ბათუმში ჩასვლა კი 50 წუთში იქნება შესაძლებელი.
პრეზიდენტმა ანაკლიის სანაპირო დაათვალიერა და ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ოქროს საწმისი" მოინახულა, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
„ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ საპრეზიდენტო ნომრებში, მაგრამ სამ სართულიანი ოთახი ზამთრის ბაღით, არსად მინახავს. პირველად რომ ვნახე სასტუმროს მეპატრონე ასე აპროექტებდა, ვუთხარი: მსგავსი სიდიდის ნომრებს სასტუმროებში არავინ არ აკეთებს-თქო. მან კი მიპასუხა: აქ ყველაფერი ძალიან მაგარი უნდა იყოსო. ანაკლია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი შავი ზღვისპირეთის საუკეთესო კურორტი იქნება და შარმ ელ-შეიხი, ანტალია და სხვა კურორტები უკან მოგვრჩება. შემდეგი ორი სასტუმროც, რომლებიც ახლა შენდება, საუკეთესო იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სასტუმროში 105 ულტრათანამედროვე ნომერია.
იმავდროულად პრეზიდენტმა „ოქროს საწმისის" მახლობლად კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „გესთჰაუსის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ანაკლიის ბულვარი, რომელიც 540 მეტრიანი, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდით განმუხურის ბულვარს უკავშირდება. ამ ხიდით განმუხურისა და ანაკლიის ახალი ბულვარების ერთიანი სივრცე იქმნება, რომლის სიგრძე ხუთი კილომეტრია. ბულვარს უკვე ამშვენებს ბრინჯაოს ქანადაკებები, პალმები, თანამედროვე სანათები, ღია და დახურული კაფე-ბარები. ასევე მზადაა ველოსიპედის ბილიკებიც. ანაკლიის დამსვენებლებს საშუალება აქვთ იახტკლუბითაც ისარგებლონ.
ანაკლიაში 2012 წელს სააკაშვილის თქმით, 1000 სასტუმრო ადგილი იქნება, რაც წელიწადში 200 000 დამსვენებელს ნიშნავს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მთელ აჭარაში ასლან აბაშიძის დროს იყო.