ნანახია: 302
ოქროზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდა საქართველოზეც აისახა. მხოლოდ 1-17 აგვისტოს პერიოდში ეროვნულ ბანკში 41 ოქროს საინვესტიციო მონეტის რეალიზება მოახდინა, რაც ივლისის გაყიდვების მაჩვენებელს უკვე 8%-ით აღემატება.
„ოქროს საწმისის" გამოსახულებიანი მონეტების რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, ივლისის მაჩვენებელზე 131%-ით მეტია.
„ბოლო პერიოდში ძირითადად დიდწონიანი მონეტების რეალიზება მოხდა, თუმცა ჩვეულებრივ ყველაზე მოთხოვნადი 3,1 და 7,7-გრამიანი მონეტებია," - განაცხადა GBC-თან საუბრისას საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ნაღდი ფულისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების უფროსმა ნანა კობერიძემ.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროს საინვესტიციო მონეტების ფასი 30,3%-ითა არის გაზრდილი. 17 აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე დიდი 311-გრამიანი ოქროს მონეტა 31 037 ლარი, ყველაზე პატარა 3,1-გრამიანი მონეტა 340 ლარი ღირს. მონეტების ფასი, ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟის ფასის მიხედვით დგინდება.
აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 163 დოლარით გაძვირდა. 17 აგვისტოს მდგომარეობით, უნცია ოქროს 1782.40 დოლარია.
GBC
|