ვინ გაბედავს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საჯარო ლექციებისთვის აუდიტორიის დათმობასჟურნალისტმა თამარ ჩიქოვანმა ჰკითხა დათო ტურაშვილს - ლექციებს ისევ თუ კითხულობო. არა, მე სტუდენტებთან ვინ მიმიშვებს, რომელი უნივერსიტეტიო, მიუგო დათო ტურაშვილმა. თითქოს იხუმრა, ჩაიცინა, თავისებურად.
ვაგლახ რომ, ალბათ, მართლაც, ასეა. განა ტურაშვილზე გონიერს, შესანიშნავ ორატორს და ინტელექტუალს ვის უნდა მოუსმინოს სტუდენტმა, რატომ დამკვიდრდა ასეთი ტენდენცია? ვინ დაახარისხა და გადაარჩია ლექტორები, არა დრომ და ავტონომიურმა კერძო თუ სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა. ვანო კიღურაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, რისმაგ გორდეზიანი, ზაზა აბაშიძე, ვახტანგ გურული, ავთანდილ არაბული, ჯემალ მებონია, დათო ტურაშვილი და სხვა მრავალი არ ასწავლის დღეს ჩვენს წამყვან უნივერსიტეტებში. სავალალო რეალობაა.
ლექციებს აღარ კითხულობს 89 წლის მარიკა ლორთქიფანიძე, მაგრამ კითხულობს რომელიღაც 29 წლის ტუტუცი გოგო, ”მოქცევაი ქართლისაი” ბოლომდე რომ არ აქვს ჯერ წაკითხული. არადა, ქალბატონი მარიკა იმ ”გოგოზე” ენერგიულადაც გამოიყურება და გაცილებით კომპეტენტურიცაა.
დათო ტურაშვილი XX საუკუნის 80-90-იანი წლებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწეა, გამორჩეული მწერალი, პუბლიცისტი, ორატორის ბუნებით მომადლებული ნიჭით. მან განუსაზღვრელი როლი შეასრულა პოსტკომუნისტური საქართველოს საზოგადოების მიერ განვითარების გზების ძიების პროცესში. შესაძლოა, ამ მიმართულებით შედეგები თვალსაჩინო და სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ადამიანმა მართლაც ბევრი გააკეთა.
მაქვს პატივი პირადად ვიცნობდე დათოს. მართალია ერთხელ დაუმსახურებლად მატკინა გული, მაგრამ როგორც კეთილშობილ პიროვნებას ეკადრება, მომიბოდიშა კიდეც. ამ ფაქტს მისთვის ჩემს თვალში ჩრდილი არ მიუყენებია. მე დღესაც მწამს, რომ ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ჩვენი თანამედროვე გამორჩეული ადამიანების მოსმენა და დაფასება.
საწუხ არს ესე!
ნუთუ საქართველოში არ მოიძებნება უნივერსიტეტი, რომელიც საჯარო ლექციებისთვის დათო ტურაშვილს აუდიტორიას დაუთმობს.
შესაძლოა, მავანნი არ ეთანხმებოდნენ მერაბ მამარდაშვილისა და აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციებისას გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს, მაგრამ ამ დიდმა მოღვაწეებმა ქართველებს დავიწყებული თავისუფალი აზროვნება ასწავლეს ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის ბოლო წლებში.
დათო ტურაშვილს შეუძლია ეს ტრადიცია ღირსეულად განაგრძოს
ვაჟა ბერიძე