"რედისონის" ხედის "გასათავისუფლებლად" ბათუმის მერია
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დანგრევას აპირებსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში სასტუმრო `რედისონი~ საზეიმოდ გახსნა. მან ყაზახ მეგობრებს, `სილქროუდ ჯგუფს~ სასტუმროს აშენებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მშენებლობა რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ ნაზარბაევთან ერთად დაიწყეს.
ბათუმის `რედისონი” 168 ოთახიანია. ობიექტი რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, ასევე, ღია და დახურულ აუზებს აერთიანებს. პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი სასტუმროების მშენებლობა ტურისტების სიმრავლეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
კომფორტის გარდა, ბათუმში სასტუმროების მშენებლობისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ადგილმდებარეობა და ხედია, სწორედ ამ მიზნით, ქალაქის ცენტრში, ბათუმის დრამატული თეატრისა და თავად მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ხუთი 12 სართულიანი და ერთი 5 სართულიანი სახლის დემონტაჟი იგეგმება.
`მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ უნდა მოხდეს სახლების დემონტაჟი. მათი განცხადებით, ეს უსახური შენობაა. თუ ასეა, მაშინ შეცვალონ ახლით და დაგვტოვონ ამავე რაიონში. ააშენონ შესაბამისი ბინა და იქ გადავალთ. მე მირჩევნია, ამ ავარიულ სახლში მოვკვდე, ვიდრე მსხვერპლი გავხდე. არ ვიცი, ვინ საიდან ადგენს, რომ ეს ავარიული სახლია, რადგანაც 33 წელიწადია აქ ვცხოვრობ და მიწისძვრის დროსაც კი არანაირი დაზიანება არ მიუღია. ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია არ მოგვეწოდება. კონკრეტული თანხა არავის უთქვამს, ეს არის მოარული ხმები, მაგრამ რაც ხმებია, ჩვენთვის ის მიუღებელია. ამ ხმების თანახმად, გადავდივართ ნინოშვილის ქუჩაზე და ბინებს გადმოგვცემენ თეთრი კარკასით. ბევრ ადამიანს, ცხადია, არც რემონტის საშუალება ექნება და ეს არის ძალიან მიუღებელი ვარიანტი. თუკი იქნება კონკრეტული შემოთავაზება და ახლოს, რა თქმა უნდა, მთავრობას არავინ ეწინააღმდეგება~, - ამბობს ერთ-ერთი მობინადრე ნორა გოგუაძე.
ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საცხოვრებელი ფართების აღწერა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღება. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსების დემონტაჟის მთავარი მიზეზი მათი ავარიული მდგომარეობა და ძველი ბათუმისთვის შეუსაბამო არქიტექტურული იერსახეა.
`12 სართულიანი კორპუსები, არავითარ შემთხვევაში, არ ჯდება ძველი ბათუმის იერსახეში და მერია განიხილავს ამ პროექტს~, - აცხადებს მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი გოგა ლომიძე და იქვე დასძენს, რომ მოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართის ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამოიყოფა, მაგრამ მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შესახებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას, მხოლოდ დემონტაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაიწყებს. დანგრეული შენობის ადგილზე კი მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე სკვერის მოწყობას გეგმავს.
თუმცა, მოსახლეობისთვის ეს არგუმენტი სარწმუნო არ არის. ალტერნატიული ფართის შეთავაზების შესახებ ისინი ინფორმაციას უკვე ფლობენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ალტერნატიულ ფართზე, თუ მათი გადასვლა ახლომდებარე ტერიტორიაზე მოხდება და არა იმ ტერიტორიაზე რომელსაც მათ მერია დღეისათვის სთავაზობს.
მრავალსართულიან კორპუსებში, ამჟამად 240-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მთავრობა კი მათ გასახლებას აგვისტოს დასრულებისთანავე აპირებს. როგორც კორპუსის მობინადრეებისთვის არის ცნობილი, მათი კორპუსების დანგრევის რეალური მიზეზი სხვაა. არაოფიციალური მიზეზები არაერთია, გავრცელებული ინფორმაციით მთავრობას სურს, სასტუმრო `რედისონს~ ხედი უფრო გაუთავისუფლოს. საუბარია ასევე ახალ პროექტზეც, რომელიც გასართობი ცენტრის ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც ჩანს, ეს კორპუსებიც დაინგრევა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ნაკლებად მოხდება. მართალია, კერძო საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს უზენაეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლში, თუმცა ბოლო პერიოდში ეს უფლება გარკვეულწილად შეირყა. კერძო საკუთრების ნგრევისა და ჩამორთმევის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. საქართველოს კონსტიტუციაში კი წერია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც ბათუმში და არც საქართველოს რომელიმე მხარეში საკუთრების ხელყოფის საუკეთესო მაგალითები გვეხილა.
ნინო დარბაისელი