უნიკალურ ფლორას განადგურება ემუქრებათბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლადო ასათიანის ქუჩიდან.
ბოტანიკური ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს. ბაღში ფლორის 3500-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი და გადაშენებადი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის. ასევე, აქ იხილავთ მცენარეებს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან: ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან...
თუმცა ამ უნიკალურ ბაღს გაუქმება ემუქრება. ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი უკვე 4 წელია გაერთიანებულია. ის ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. თუმცა, 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომელებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.
ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ ახალი ხელშეკრულებებით მათ ილიას უნივერსიტეტი ხელფასს აღარ გადაუხდის და თანამშრომლების ანაზღაურება საქველმოქმედო ფონდ `ქართუზე~ იქნება დამოკიდებული. ამ ტიპის ხელშეკრულებებზე მათი უმრავლესობა, მეცნიერები და მკვლევარები ხელის მოწერას არ აპირებენ.
`საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირეს სახელმწიფო დაფინანსება, შესაბამისად, ჩვენ გაგვინულდა სახელმწიფო დაფინანსება~, – ამბობს ბაღის დირექტორი შალვა სიხარულიძე.
მისი თქმით, ის არ აიძულებს თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერას. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ, ილიას უნივერსიტეტი მათ ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის და სამსახურიდან გაათავისუფლებს.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არის საუბარი ბაღისა და ინსტიტუტის გაყოფისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ.
თანამშრომლები კი შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც ბაღი მერიის დაქვემდებარებაში გადავა, იქ მეცნიერული კვლევები შეწყდება და მას ტურისტული ფუნქცია დაეკისრება.
აღნიშნულ ინფორმაციას პირველი `ქართული პარტია" გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ `ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის განადგურებას ცდილობს და ამ მიზნით შემოვლითი გზა აირჩია". მისივე თქმით, ეს დაწესებულება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დაქვემდებარებიდან დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში გადადის.
`გაურკვეველია, რა მიზანს ისახავს თბილისის მერიისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა. ფაქტობრივად იქმნება სახელისუფლებო კორუფციის კიდევ ერთი პრეცედენტი. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში უნიკალური ნარგავები გაიჩეხოს და განადგურებული ბოტანიკური ბაღის ადგილზე დიდი სავაჭრო კომპლექსი ანდა რაიმე სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტი ვიხილოთ, რომელსაც დედაქალაქის მერია გიგი უგულავასთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფს გადასცემს. გაუგებარია, ვინ არის პასუხისმგებელი ბოტანიკური ბაღის 200 თანამშრომლის სოციალურ მდგომარეობაზე, რადგან მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩება~, - განმარტავს სოფიო ხორგუანი.
ნინო დარბაისელი