
ხელისუფლებიდან კახა ბენდუქიძის წასვლის შემდეგ, მთელმა საქართველომ ამოისუნთქა. ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ ტყეებისა და ბუნებრივი საბადოების გასხვისებას ბოლო მოეღებოდა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა მოლოდინი.
სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტყით სარგებლობის ლიცენზიებს აუქმებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა. მისი თქმით, ლიცენზიების ნაცვლად ტყეების გრძელვადიანი, 49 წლიანი იჯარით გაცემა მოხდება. სპეციალურ აუქციონში გამარჯვებული კი ის კომპანია იქნება, ვინც უფრო მაღალ საიჯარო თანხას წარმოადგენს.
ყველას კარგად ახსოვს ეს 50 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებები. Pპირველი ასეთი შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის ბაღის ამ პირობით გასხვისება იყო. საბედნიეროდ, მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და ამიტომ მთავრობას მოუწია რიგ დათმობებზე წასვლა.
გარდა ყოველწლიური საიჯარო გადასახადისა, მოიჯარეებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. აუქციონში გამარჯვებისთვის კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტყით სარგებლობის გეგმა, რომელი, თავის მხრივ, საიჯარე ტყის ინვენტარიზაციას მოიცავს. ტყის მასივის იჯარით აღების შემდეგ მოიჯარე კომპანია ვალდებულია სოციალური მიზნებისათვის გამოყოს ტყის მონაკვეთი, შეიყვანოს სპეციალური გზა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეშის მოჭრის და მისი მანქანით გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამასთან, მოიჯარე ვალდებულია, გაკაფული ტყე აღადგინოს და 1 მოჭრილ ხეზე 3 ხე დარგოს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ პროცესის მკაცრ მონიტორინგს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განახორციელებს.
ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, მოიჯარე კომპანიას ვალდებულებებთან ერთად განსაზღვრული უფლებებიც ექნება. მაგალითად, იჯარით აღებულ ტყეში მინერალური წყლის, საბადოს ან დღემდე აღმოუჩენელი სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი წარმოების, გადამუშავების და მარკეტინგის უფლება, რომელიც მოიჯარეს დამატებით შემოსავალს მისცემს. მინისტრის განცხადებით, პირველი გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე თვის ბოლოს მზად იქნება, ხოლო აუქციონი აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარდება. რაც შეეხება აქამდე გაცემულ ლიცენზიებს, ის ვადის ამოწურვამდე ძალაში დარჩება, რის შემდეგაც ეს ტყეებიც იჯარით გასხვისდება. სადღეისოდ საქართველოში 1 მლნ 800 ათასი ჰა. ტყის მასივია გასხვისებული.
საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კარგად მოეხსნება, თუ რა სიტუაცია ქართულ ტყეებში. რომელი შეშის მოსახლეობისთვის თავისუფლად მიცემაზეა საუბარი, როცა ხალხს იქ მხოლოდ წინასწარ და ათას ბიუროკრატიულ ინსტიტუტ გამოვლილი ვაუჩერის წარდგენის შემდეგ უშვებენ და ისიც ე.წ ნაფოტების აკრეფის ნებას რთავენ. ერთი შეხედვით კანონი ძალიან მიმზიდველია და ბევრ დისკუსიას არც უნდა იწვევდეს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ როგორ შესრულდება იგი. თუ ვინმე ჩვენს ტყეებს ბრაკონიერიებისგან დაიცავს და პარალელურად გლეხის ინტერესებსაც გაითვალისწინებს, ამაზე უკეთესი რა იქნება? მაგრამ პარადოქსიც ის არის, რომ ყველაზე დიდი ბრაკონიერები ის ჩინელები და ინდოელები არიან, როლებსაც მიზერულ თანხად გადაეცემათ აღნიშნული სიმდიდრე.
`ტყის რაიონში მაცხოვრებელი სოფლის მოსახლეობა შეშისა და სამასალე ხე-ტყის გარეშე რჩება, ხოლო ხე-ტყის ლიცენზენტი ფირმები და ე.წ უცხოელი ინვესტორები აუქციონზე შეძენილ საშეშე მერქანს დიდი წარმატებით და მაღალი რენტაბელობით იყენებენ დახერხილი მასალისა და სხვადასხვა ნომენკლატურის ხის ნაწარმის დასამზადებლად. მოკლედ, ამ ტყით დახუნძლულ ქვეყანაში ისეთი სტრატეგიით და ტაქტიკით წარიმართება ტყით სარგებლობის ეროვნული პოლიტიკა, რომ გაღატაკებული სოფლის მოსახლეობა, ფაქტიურად, ხე-ტყის გარეშე რჩება~, - აცხადებს შპს `საქტყემრეწვის~ თავმჯდომარე შოთა ჯაოშვილი.
ჩვენს ქვეყანაში, დიდი ხანია, კანონებს ერთეული პიროვნებების საკეთილდღეოდ იღებენ და ამ ყველაფერს ბუნების გადასარჩენად ხსნიან. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეროვნული უნიკალური ტყეების ხე-ტყის რესურსების `რენტაბელური~ გამოყენების და ტყითსარგებლობის სამრეწველო-საექსპორტო ინდუსტრიის მზარდი ტემპით განვითარების რეალური სურათი სავალალოა. გულდასაწყვეტია, საქართველოს უნიკალური ტყეების განადგურების აშკარად გამოკვეთილ პროცესებს ვერავინ `ხედავს~. ასევე, ვერ `ამჩნევენ~ ტყის გამეჩხერებულ კორომებს, ტყის დეგრადირებულ მასივებს, ნიადაგის ეროზიის, მეწყერების, ღვარცოფების და დატბორვების გახშირებულ პროცესებს, რომელიც ეკონომიკური ზიანის გარდა, რეალურ საფრთხეს უქმნის ეროვნული ტყეების ბიომრავალფეროვნებისა და სახელმწიფოს ბიოსფეროს მდგრადობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასია. რღვევის პროცესები კი უკვე კარგახანია დაწყებულია.
უკვე დიდია ხანია `იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართმოყვარეობით~, - ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძემ დიდი ხნის წინ დაწერა და მას შემდეგ ყველაფერი იყიდება, უბრალოდ, თუ ადრე ეს უხეში ფორმით ხდებოდა, ახლა უფრო დახვეწილ და ცივილიზებულ ფორმებს მიმართავენ.
გაგა კუპატაძე