
თბილისის მერია ბიზნესს 2011 წლის იანვრიდან "იაფი კრედიტით" უზრუნველყოფს. "იაფი კრედიტით" სარგებლობა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ბიზნესსა და ბიზნესის დაწყების მსურველ პირებს შეუძლიათ. თბილისის მერიამ, "იაფი კრედიტის" ფარგლებში, საკუთარი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სესხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეულ პირზე, 150 ათასი ლარით განისაზღვრა.
2011 წელს თბილისის მერიის პროგრამა "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის" ფარგლებში შესულია 146 განაცხადი, მათგან დაფინანსდა 6 პროექტი, საერთო თანხით 389 500 ლარი. დაფინანსებული პროექტები თემატურად შემდეგ ბიზნესებს წარმოადგენს: პურის საცხობი – 15 000 ლარი; ავეჯისა დაDკარ-ფანჯრების საწარმო – 115 000 ლარი;Aახალგაზრდული კლუბი – 36 000 ლარი; ბოსტნეულის სათბური – 60 000 ლარი; ამორტიზებული საბურავების გადამუშავება – 145 000 ლარი; პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს გაფართოება – 18 500 ლარი;
სესხი გაიცემა პროექტებზე, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებსა და ბანკის მოთხოვნებს და თბილისის მთავრობისგან იაფი სესხით დაფინანსების შესახებ თანხმობას მიიღებს. სოციალური საწარმოების (გრანტის მიღების) შემთხვევაში საჭირო იქნება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თანხმობაც.
პროექტებზე, რომლებზეც მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, იაფი სესხი გაიცემა შემდეგი პირობებით: საპროცენტო განაკვეთი ყველა პროექტისთვის 8%-ია, გარდა სოციალური საწარმოებისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებენ წარმოების განვითარებას. მათთვის საპროცენტო განაკვეთი 6%-ს წარმოადგენს. სესხის გაცემის საკომისიო 0%-ია, კრედიტის პერიოდი კი მაქსიმუმ 60 თვე. შეღავათიანი პერიოდი სესხის გადახდისას პროექტის მიხედვით განისაზღვრება.
2011 წლის "იაფი კრედიტის" პროგრამა სოციალური წარმოების განვითარებასაც ითვალისწინებს. თბილისის მერია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ევრაზიის ფონდთანაც თანამშრომლობს. სოციალური საწარმოს შექმნით ან გაფართოებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში შეიტანონ საპროექტო განაცხადი საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად და "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან თანადაფინანსებისთვის მიიღონ სესხი. იმ ბიზნესებს კი, რომელთაც იაფი სესხი სურთ, მაგრამ სოციალურ პროფილის მქონენი არ არიან, ბიზნეს-პროექტი თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ. საწყის ეტაპზე ევრაზიის ფონდი შესულ პროექტს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ატარებს იგი სოციალურ ხასიათს, ბანკი კი ბიზნესრისკებს - იქნება თუ არა ინიციატივა მომგებიანი. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მერია გასცემს სესხს, ევრაზიის ფონდი კი გრანტს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი "იაფი კრედიტის" ფარგლებში 50 ათას ლარს გამოყოფს, გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 ათასი დოლარია. გრანტის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პროექტის ღირებულების მინიმუმ 30% სესხით შეივსოს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი (გარდა სოციალური საწარმოებისა) განცხადებით მიმართავს თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს.Pპროექტის ფინანსურ შესაძლებლობებს და რენტაბელობას აფასებს პარტნიორი ბანკი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მერიას წერილობით მიმართავს. შემდეგ კი იაფი სესხით დაფინანსების საკითხს იხილავს ქ. თბილისის მთავრობა. მონაწილის დაფინანსების შესახებ თბილისის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ოდენობის თანხა თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ ირიცხება პარტნიორ ბანკში. თანხის პარტნიორ ბანკში განთავსების შემდეგ ბანკი გასცემს სესხს მონაწილეზე.
"იაფი კრედიტის" პროექტში თბილისის მერია რამდენიმე კომერციულ ბანკთან თანამშრომლობს. ეს ბანკებია: "საქართველოს ბანკი", "ტაოპრივატბანკი", "ბაზის ბანკი" და "ლიბერთი ბანკი".
"ბანკები ხედავენ, რომ თბილისის მერია საიმედო პარტნიორია, რომ ჩვენი მიზანი ეკონომიკის, მცირე ბიზნესის განვითარებაა. ფაქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მათი კლიენტები უფრო წელში გამართულნი იყვნენ და შემდგომ უფრო მაღალი პროცენტის გამო მივიდნენ მათთან", - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ზვიად არჩუაძემ.
პროექტის ფარგლებში გაცემულ სესხზე პარტნიორი ბანკების მიერ პერიოდულად ხორციელდება მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგები ანგარიშის სახით ყოველთვიურად მერიაში იგზავნება. თუმცა, ექსპერტები აქტიურად საუბრობენ აღნიშნული პროექტის გაუმჭვირვალობაზე.
"ეს კრედიტები, ძირითადად, პოლიტიკური სიმპათიის ნიშნით ნაწილდებოდა. ყველაზე სუსტი მხარე ამ პროექტის გახლავთ გაუმჭვირვალობა. ყველა საკითხი წყდება რომელიმე ჩინოვნიკის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა. არ არის გამოცხადებული, თუ ვინ მიიღო, რით დამთავრდა წინა კრედიტების საკითხი, რამდენი დარჩა კმაყოფილი, რამდენი წარუმატებელი პროექტი გაანალიზდა და ა.შ.", - განაცხადა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
"იაფი კრედიტის" პროგრამას საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს 2008 წლიდან სთავაზობს. მაგრამ დღეს, იაფი სესხით დაწყებული და განვითარებული ბიზნესის პოვნა ცოტა რთულია, რადგან მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს ამ პროექტით სარგებლობა.
ნანა მუკბანიანი