ნანახია: 296
ბევრი სიცრუე და კითხვის ნიშანი "მარშრუტკების" გარშემო
თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, თითქმის ყველა მიმართულებით, 50-დან 80 თეთრამდე გაძვირდა. თუმცა, მძღოლები ვერ აკონკრეტებენ, ვინ მიიღო მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილება. მათი თქმით, ახალი, 80-თეთრიანი აბრები მათ დისპეტჩერებმა დაურიგეს, მაგრამ მძღოლები არც იმას აკონკრეტებენ, თავად დისპეტჩერებმა ვისგან მიიღეს მგზავრობის გაძვირების მითითება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე მხოლოდ ახალ სამარშუტო ტაქსებზე მოიმატებდა. სამარშრუტო ტაქსების ბაზრის მონოპოლისტისგან განსხვავებით, ზეწოლაზე საუბრობენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და მგზავრობის გაძვირების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა მათ არავინ უსმენს. "მგზავრობის საფასურის გაზრდას ჩვენგან ქალაქის მთავრობა ითხოვს. სამარშრუტო ხაზები, რომელიც ტენდერის ჩატარებამდე არსებობდა, გააუქმეს და მგზავრთა გადაყვანის უფლება ერთმა კომპანიამ იყიდა. აღნიშნული კომპანია მგზავრობის საფასურად ამ ეტაპზე 80 თეთრს აწესებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ იგივე ტარიფს არ შემოვიღებთ, მანქანების ჩამორთმევით გვემუქრება. ბუნებრივია, მგზავრობის ტარიფის გაზრდა ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან ამით მგზავრების რაოდენობას ვკარგავთ. რეალურად ეს ადგილობრივ ხელისუფლებას აწყობს, რომელიც პირველ ეტაპზე სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს 80 თეთრამდე გაზრდის, შემდეგ კი - 1 ლარამდე. თუმცა ამ ყველაფრის მთავარი მიზანი მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაა”, - აცხადებს სააგენტო ~პირჭელთან” საუბრისას ერთი-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. თურმე, ისინი არაფერ შუაში ყოფილან. "სამარშრუტო ტაქსებზე ფასები რეგულირებად სფეროს არ წარმოადგენს. ფასებს ბაზარი არეგულირებს და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს მისი განსაზღვრა არ შეუძლია. მიკროავტობუსებში არ არსებობს ერთიანი ტარიფი. მგზავრობის საფასური 30 თეთრიდან 1,20 თეთრამდე მერყეობს. თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით, ავტობუსითა და მეტროთი, რომელთა ფასის ზრდა არ იგეგმება, მიკროავტობუსებს კონკურენციას უწევს. თბილისის მერია, ასევე, ზრუნავს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ახალ მიკროავტობუსებში მათი გადასახადის ნახევარს ანაზღაურებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. საინტერესოა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანის განცხადება. იგი ჩვეული `პრინციპულობით~ აღნიშნავდა, რომ იმ ტენდერით, რომლის თანახმადაც თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსების ბაზარზე მონოპოლისტი შექმნა, ფასების ზრდა არ მოხდებოდა. თავმოყვარე ჩინოვნიკი ამ ფაქტის მერე გადადგებოდა, ან ეცდებოდა მაინც, რომ მისი სიტყვა შესრულებულიყო და მომავალში ფასი არ დაეკარგა ამომრჩევლების თვალში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება, რომელიც მძღოლებსა და ახალ მფლობელ შორის უნდა გაფორმდეს, ბევრ დისკრიმინაციულ მუხლს შეიცავს, რა თქმა უნდა, მძღოლების საწინააღმდეგოდ. ხელშეკრულების პროექტში, რომელიც უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის უნდა დაიდოს, მგზავრობის საფასურის ზედა ზღვარზე არაფერია ნათქვამი, თუმცა დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პუნქტი, რომელიც მეიჯარის ("თბილისის მიკროავტობუსი”) და მოიჯარის (მძღოლი) ურთიერთობას ეხება. კერძოდ, ხელშეკრულების პროექტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა 463 ევროს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენს. ამასთან, მძღოლი ვალდებულია, მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების სახით ყოველდღიურად 10 ლარი გადაიხადოს.… იმავე ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოიჯარემ ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მეიჯარის საბანკო ანგარიშზე 500 ევრო (ეკვივალენტი ლარში) უნდა განათავსოს, რომელიც საგარანტიო თანხაა. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას არ შეასრულებს, მეიჯარე უფლებამოსილია, მოიჯარეს პირგასამტეხლოს სახით საგარანტიო თანხა დაუქვითოს. თეონა ჭიტაძე
|