ნანახია: 397
მიუხედავად იმისა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების მსვლელობაში იყო ჩვენთვის გაუგებარი მოქმედებები, რაც შეიძლება უფრო შედეგიანად და მიზანმიმართულად გაკეთებულიყო, გაზეთი ”ბანკები და ფინანსები” მონაწილეობდა აქციებში, დღეს კი უერთდება ასოციაციის მიმართვას. ჩვენ დავძენთ, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. თუ ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებები გახდება მთავარი სამხილი, თუ შეთხზული ვერსიები საზოგადოების მიერ უკრიტიკოდ იქნება მიღებული, თუ ფოტორეპორტიორების ”სახელმწიფო მოხელეებად” მოხსენიების საშუალებას მივცემთ ოფციოზს, მაშინ საპროტესტო მუხტის მთავარი მოთხოვნა - ”გრიფით საიდუმლოს” მოხსნა, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს და ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთა გამოდის - ამით, ანუ ”გრიფით საიდუმლოს” მოხსნით ინფორმაციის ნაწილზე შსს თავისი ვერსიის უფრო ფართოდ პროპაგანდირების საშუალებას იღებს. ჩვენ ყველას და პრესის ასოციაციას ამაზე დაფიქრება გვმართებს. საქართველოს პრესის ასოციაცია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადების სახელზე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები. ქართველი ფოტორეპორტიორები – გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა. საეჭვო ვითარებაში, იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში. ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმდებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა, დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გახადოს საქმის მასალები. შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში. ასოციაციები, გაზეთები, ჟურნალები, სააგენტოები:
1. საქართველოს პრესის ასოციაცია 2. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 3. საქართველოს რეგიონალ მაუწყებელ ასოციაცია 4. ასავალ-დასავალი 5. ახალი თაობა 6. კვირის პალიტრა 7. რეზონანსი 8. ალია 9. ქრონიკა 10. ვერსია 11. ოლიმპი 12. საქართველოს რესპუბლიკა 13. დრონი 14. ფაინენშელ 15. მესენჯერი 16. ნეტგაზეთი 17. ყველა სიახლე 18. ლელო 19. სარკე 20. თბილისელები 21. რეიტინგი 22. გზა 23. ლიბერალი 24. გურია ნიუსი 25. ბათუმელები 26. კახეთის საინფორმაციო ცენტრი 27. მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრი 28. თავისუფალი სიტყვა 29. მთავარი თემა სამეგრელოში 30. ქართლის ხმა 31. ჩემი ხარაგაული 32. ალიონი 33. ლანჩხუთი პლუსი 34. რუსთავის ამბები 35. ახალი გაზეთი 36. სამხრეთის კარიბჭე 37. ჰო და არა 38. ინტერპრესნიუსი 39. პირველი 40. ჯი-ეიჩ-ენი 41. მედიანიუსი 42. მედია.ჯე 43. პრესაგე.ტვ
ხელმოწერები გრძელდება
|