
შრომის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს მისი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და ჰარმონიულ განვითარებას. სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლების რეალიზებისათვის ხელის შეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდების დასაქმებას შეეხება, რადგან, პირველ რიგში, ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სამუშაო ძალის სოლიდურ ნაწილს და, მეორე და მთავარი, ქვეყნის მომავალს, რომელთა სასტარტო სამუშაო პირობებზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი შემდგომი განვითარება და კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება. ახალგაზრდობა უკვე დღეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას, თუმცა ამასთან ერთად ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაუცველ სოციალურ ჯგუფად ითვლებიან, და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებული საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესი, დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან, რომელიც იწვევს ბევრ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას. ერთ-ერთი მათგანია, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, რომელიც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ყველა ახალგაზრდასთან, განურჩევლად საქმიანობის სფეროსი.
ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა დღესდღეობით საქართველოში ძალზედ აქტუალურია, რადგან ახალგაზრდების უმრავლესობას, (მათ შორის მაღალკვალიფიციურებსაც) არ აქვთ სარფიანად დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა მიუხედავად საკითხის აქტუალურობისა, მას ნაკლები ყურადღება ექცევა სამეცნიერო კვლევებში, საინფორმაციო საშუალებებში და პოლიტიკურ დებატებში.
ახალგაზრდობის დასაქმება, ისევე როგორც უმუშევრობა, წარმოადგენს მაკროეკონომიკურ პრობლემას, რომელიც პირდაპირ და ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე. იქამდე, სანამ არ შეიქმნება შრომითი რესურსების გამოყენების ეფექტური მექანიზმი, დასაქმების სფეროში ყოველთვის წარმოიშვება ახალი და თავს იჩენს ძველი პრობლემები, რომლებიც ზრდის უმუშევრობას, მათ შორის ახალგაზრდებშიც. რაც, თავის მხრივ, იწვევს მასიურ სიღარიბეს და მოსახლეობის ფართო ფენების სოციალურ დაუცველობას.
16-დან 29 წლამდე ასაკი ის დროა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სოციალური და დემოგრაფიული მოვლენები ხდება: განათლების მიღება, პროფესიის არჩევა, შრომითი საქმიანობის დაწყება, დაქორწინება, ბავშვების დაბადება.
დავყოთ ეს ასაკობრივი პერიოდი სამ ნაწილად:
პირველი არასრულწლოვანთა ჯგუფი (ახალგაზრდები 18 წლამდე) საშუალო სკოლებისა და პროფესიონალური სასწავლებლების მოსწავლეებს წარმოადგენს. ძირითადად ისინი არ არიან ჩართულნი შრომით საქმიანობაში. თუმცა ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუარესებამ მოსახლეობის დიდ ნაწილში შეცვალა ეს ვითარება და ამ ასაკის ბევრი ახალგაზრდა ცდილობს შევიდეს შრომის ბაზარზე და გამოიმუშავოს ფული. არასრულწლოვანთა დასაქმება ძალზედ ფაქიზი თემაა, ამიტომ საჭიროა ეფექტური სახელმწიფო კონტროლი, რათა ერთის მხრივ არ იქნას მათი უფლებები დარღვეული და არ გახდნენ ექსპლუატაციის მსხვერპლი და მეორეს მხრივ, არ გაიზარდოს საზოგადოების კრიმინალური პოტენციალი.
18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან სტუდენტები და ახალგაზრდა ხალხი, რომლებმაც დაამთავრეს ან ამთავრებენ ძირითად პროფესიულ მომზადებას. ისინი წარმოადგენენ სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფს, რომელიც არსებობს შრომის ბაზარზე, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული და სოციალური გამოცდილება და კონკურენტუნარიანობა.
25-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ძირითადად უკვე გაკეთებული აქვთ პროფესიური არჩევანი, აქვთ შესაფერისი კვალიფიკაცია და საკმარისი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება. მათ იციან რა უნდათ, უმეტესობას უკვე ჰყავს საკუთარი ოჯახი და აყენებენ საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს შემოთავაზებულ სამუშაოზე.
ამ სამიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ჯგუფია, სადაც 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები შედიან, ანუ სტუდენტები და ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად გადიან შრომით ბაზარზე. აქ სიტუაციას ამძიმებს განათლების სისტემის პრობლემებიც და ის, რომ საქართველოში ხარისხიანი, უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია და მისი დამთავრების შემდეგ შრომით ბაზარზე გასულ პირს, საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგი სამუშაოს შოვნის შანსი თითქმის არ აქვს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დაქვეითებასა და კარიერისტული და ოპორტუნისტული სულისკვეთების ამაღლებას.
ამას გარდა, ზუსტად ამ პერიოდში ახალგაზრდების უმრავლესობა განიცდის ე.წ. `რეალობისგან მიღებულ შოკს~, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მათი იდეალური წარმოდგენები მომავალი შრომითი საქმიანობის შესახებ, წინააღმდეგობრივი აღმოჩნდება რეალურად სამუშაო ადგილზე არსებული სიტუაციისგან. ამიტომ საჭიროა სპეციალური ადაპტაციის პროგრამები, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლებს დაეხმარება ადეკვატურად აღიქვან არსებული სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფერო.
ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის, კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას ქმნის ის, რომ არ არსებობს სრულყოფილი შრომის კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს ორმხრივ ურთიერთობებს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ხშირად სამსახურში მიღებისას, ახალგაზდები არ არიან ინფორმირებულნი საკუთარი უფლებების შესახებ. მას არ აფასებენ ობიექტურად და არ სცემენ პატივს მის კვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში შრომის კოდექსმა უნდა უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის თანასწორი და სამართლიანი სამუშაო პირობები. შრომის კანონმდებლობა აგრეთვე მკაცრად უნდა ითვალისწინებდეს დეკრეტულ შვებულებებს ახალგაზრდა დედებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული გენდერული დისკრიმინაცია და ამასთან დასაქმებული სრულფასოვნად გარანტირებული იყოს თავისი სამუშაო ადგილით.
შრომის კოდექსში ასევე აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ახალგაზრდების სრულფასოვნად დასაქმებისა და ხელშეწყობის საკითხები, რათა სურვილის შემთხვევაში საშუალება ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად დასაქმდნენ სასურველ ადგილზე და დამსაქმებელმა გაითვალისწინოს მათთვის შეღავათიანი პირობები. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარების პარალელურად ძვირდება სწავლის საფასური და სტუდენტთა და ახალგაზრდათა დიდ ნაწილს იმისათვის, რათა მოახერხონ სწავლის გაგრძელება პარალელურად მუშაობა უწევს.
საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მეტწილად ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე და შესთავაზებს მათ სოციალური პრივილეგიებისა და შეღავათების ვრცელ პაკეტს, რომელიც შედგენილი იქნება იმ პრობლემატური და აქტუალური საკითხებისგან, რომლებიც რეალურად აწუხებთ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.
ჩვენი ინიციატივაა კანონის სახით ერთ-ერთ ასეთ შეღავათად შემოვიდეს ის, რომ გარკვეულ ასაკამდე სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ განთავისუფლდნენ საშემოსავლო, გადასახადისაგან, რაც გამოიწვევს მათი შემოსავლის გაზრდას და, შესაბამისად, მეტი სტიმულის გაჩენას ახალგაზრდებში, რათა სწავლის პარალელურად დაიწყონ მუშაობა, რაც ხელს უწყობს როგორც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას, ისე სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას.
ახალგაზრდების დასაქმება კომპლექსური პრობლემაა, რომელიც საჭიროებს მიზანმიმართულ და კარგად დაგეგმილ ქმედებებს სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებით. ერთის მხრივ, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა და შემდეგ ამ ცოდნისა და კვალიფიკაციის რეალიზების საშუალება, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგვარდება ისეთი მაკროეკონომიკური პრობლემა, როგორიცაა უმუშევრობა. ასე რომ, საჭიროა ერთიანი პოლიტიკისა და მიდგომის შემუშავება, რომელიც აგებული უნდა იქნას სოლიდარობისა და განვითარების მემარცხენე სოციალულ პრინციპებზე.
ლევან აბაშიძე