საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი განახლდაივლისის თვეში საქართველოში ხორბლის ფასის შემცირებას ვარაუდობენ. ექსპერტებს ამ ვარაუდის საფუძველს რუსეთის ემბარგოს მოხსნა აძლევს, რომლის შედეგადაც რუსული ხორბლის პირველი პარტია უკვე ამ თვეში შემოვა ჩვენს ქვეყანაში. ლოგიკურად ხორბლის გაიაფებამ ფქვილის და, შესაბამისად, პურის გაიაფებაც უნდა გამოიწვიოს, რომელზეც მაღალი ფასი საქართველოს მოსახლეობას ესოდენ აწუხებს.
რუსული ემბარგოთი გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში პირველი პარტია რუსული ხორბალი უკვე ივლისის თვეში შემოვა. ეს შესაძლებლობა ქართველ ტრეიდერებს მას შემდეგ მიეცათ, რაც რუსეთმა 1-ელი ივლისიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. რუსეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ქართველმა ტრეიდერებმა რუსულ მხარესთან მოლაპარაკება განაახლეს და ამ დროისთვის 20-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტზე ხელშეკრულებები უკვე დადებულია.
ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ვარაუდობს, რომ მსოფლიოში წელს ხორბლის უკეთესი მოსავალია, რაც შარშანდელთან შედარებით ხორბალზე ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს, ამას კი ემატება რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნაც, რაც ამ შანსს კიდევ უფრო ზრდის. ამას ემატება საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის სახარბიელო პროგნოზი. სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის ნათესი 40 ათას ჰექტარზეა (კერძო ნაწილის გამოკლებით), ჰექტარზე კი 3 ტონა ხორბლის მიღებას ვარაუდობენ, რაც მთლიანობაში 120-150 ათას ტონას (70% სასურსათო) უდრის.
სილაგავას თქმით, ბაზარზე ხორბლის ფასები საქართველოშიც დაიწყებს შემცირებას - 1 ტონა ხორბლის ფასი ფოთამდე, სავარაუდოდ, 300-320 აშშ დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, 1 ტომარა ფქვილზე კი ამ დროისთვის ფასი 43 ლარია, რაც შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.
მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის ფოთამდე მოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 385 აშშ დოლარი (ამას ემატება განბაჟების 18%, ტონა ხორბლის ტრანსპორტირება 20 აშშ დოლარი და სხვა ხარჯები) იყო, 1 ტომარა ფქვილი კი ბაზარზე ხარისხის შესაბამისად 48-50 ლარი ღირდა.
საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ემბარგოს გამოცხადებამდე, საქართველოში მოხმარებული ხორბლის 75% სწორედ რუსეთიდან შემოტანილზე მოდიოდა, 12% ადგილობრივ ხორბალზე, დანარჩენი კი - ყაზახეთსა და უკრაინაზე. საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის პროგნოზის შესაბამისად, მისი წილი 20%-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში პური დაახლოებით 60-70%-ით გაძვირდა, რაც ხელისუფლებამ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს მიაწერა. თუმცა აქ იმის თქმაც აუცილებელია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი ჯერ გაძვირებულიც არ იყო, რომ საქართველოში თითქმის ყველა პროდუქტის და მათ შორის პურის გაძვირება დაიწყო.
ინფორმაციისთვის, 1 ტონა ხორბლის ფასმა ბოლო 5 წლის მანძილზე ისტორიულ მაქსიმუმს 2008 წლის მარტში მიაღწია (1ტ. - 439 დოლარი), ხოლო 5 წლის მანძილზე მინიმუმს 2010 წლის იანვარში, როდესაც 1 ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 157 დოლარამდე დაეცა. 2010 წლის იანვრიდან მოყოლებული ხორბალზე საერთაშორისო ფასები პერმანენტულად იზრდება, თუ არ ჩავთვლით ამა წლის თებერვალ-მარტში მცირე კლებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაისიდან ხორბლის ფასებმა კლება დაიწყო და ივნისის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზრებზე 1 ტონა ხორბალი 326 დოლარი ღირს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ ემბარგოს მოხსნა ხორბალზე ფასებს საგრძნობლად შეამცირებს.
საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის გაიაფებამ წესით და რიგით საქართველოში პურზე ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს, თუ ხორბლის იმპორტიორებმა მათი კოლეგების მსგავსად ხელის მოთბობა ხალხის ჯიბის ხარჯზე არ გადაწყვიტეს. მთავრობა დაუშლის, თუ უკვე წლებია აღდგენის პროცესში მყოფი და ჯერ კიდევ ვერ აღმდგარი ანტიმონოპოლიური სამსახური?!
რინა კრიხელი