
მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენცია შენდება. ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, მესტიის საუკეთესო ადგილას მდებარეობს. ერთ მხარეს, ის მესტიის დასახლებასა და ისტორიულ კოშკებს გადაჰყურებს, ხოლო მეორე მხარეს ჰაწვალი მდებარეობს, სადაც ახალი სათხილამურო ტრასა შენდება.
მშენებლობის ადგილას გამოკრული აბრის მიხედვით, სამუშაოები აპრილშია დაწყებული და ამ თვის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა, მშენებლობაზე დასაქმებულთა განმარტებით, სამუშაოები 15 აგვისტომდე ვერ დასრულდება. აბრის მიხედვით, სასტუმრო ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტს ეკუთვნის, რასაც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია `პაკო~-ს მუშების თავდაპირველი განმარტებაც ემთხვევა, თუმცა, მიმდებარე უბნის მკვიდრთა მიერ მოწოდებული პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, ტსპრესს. გე-სთან საუბრისას, მოგვიანებით მუშებმაც დაადასტურეს: `ეს ამბავი საიდუმლო აღარ ყოფილა. გცოდნიათ, რომ რეზიდენციას ვაშენებთ,~- აღნიშნეს მუშებმა, რომლებმაც უბნის მაცხოვრებელთა უმრავლესობის მსგავსად, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
რეზიდენციის აშენებამდე, პრეზიდენტი სასტუმრო `თეთნულდს~ სტუმრობს-ხოლმე. `პრეზიდენტი აი, აქ ჩერდება~,- გვიხსნიან მესტიელები და `თეთნულდისკენ~ მიგვითითებენ. 2010 წელს გახსნილ ამ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისთვის 2 მლნ. დოლარზე მეტი ინვესტიცია პროექტ~ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ ფარგლებში ჩაიდო.
ახალი რეზიდენციის მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მშენებლობის ადგილას აღმართული უძველესი ქვის ლოდის ირგვლივ მშენებლობის იდეა, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, თავად პრეზიდენტს ეკუთვნის. `ამ ქვას არ ვიღებთ, რადგან პროექტში შედის,~-განაცხადეს მუშებმა.
რეზიდენციის მშენებლობასთან ერთად, მესტიის ცენტრის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, ცენტრში არსებულ კერძო, ერთსართულიან სახლებს, ეკონომიკის სამინისტრო ზედა სართულებს უშენებს, თუმცა, ადგილობრივებმა არ იციან, კონკრეტულად რა შენდება ან რა ბედი ეწევა მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებს. სამინისტროს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აკავშირებს და, შესაბამისად, არც რაიმე ვალდებულება გააჩნია. ~მოვიდნენ და გვითხრეს, სართულები უნდა დავაშენოთო. ჩვენს რა ბედი ეწევა-მეთქი და მხრები აიჩეჩეს. არ ვიცი, იმედია ჩვენს საკუთრებას არ შეეხებიან,~-განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა, მზიური ჯაფარიძემ ტსპრესს. გე-სთან საუბრისას. ანალოგიურ გაურკვეველ მდგომარეობაშია მესტიის ცენტრის, ე.წ. `წყლის გაღმა~ მაცხოვრებლები, რადგან არავინ იცის რა მოელის მათ კერძო საკუთრებას უკომპენსაციოდ ექსპროპრიაციისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები, მესტიაში მას შემდეგ გახშირდა, რაც იქაურობა ტურისტულ ზონად გამოცხადდა.